ალოფსი: კლოზე არა, ისა!

AutoSharing Option

გუშინ, გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ უგო ალმეიდას დაკარგით თავდასხმაში გამოწვეული სიცარიელის შევსებას ბრემენის „ვერდერი“ მიროსლავ კლოზეს დაბრუნებით აპირებს, მაგრამ საღამოს „მუსიკოსების“ შეფმა კლაუს ალოფსმა გადაჭრით თქვა, კლოზეზე არ მიფიქრიაო. პორტუგალიელი თავდამსხმელის წასვლით „ვერდერის“ წინა ხაზში მართლაც დიდი ხვრელი გაჩნდა, მაგრამ ბრემენულ კლუბს სხვაც ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, ჯერ კიდევ გაურკვეველია კაპიტან ტორსტენ ფრინგსის მომავალი. თითქმის გადაწყვეტილია, რომ პეტრი პასანენი და დანიელ იენსენი გუნდს დატოვებენ, ახალწვეულის რანგში კი, ალოფსის ოფიციალური დასტურით, „ნიურნბერგის“ ნიჭიერი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი განიხილება. ამასთან,

ბრემენულმა კლუბმა ტესტ-მატჩებში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რამაც ალოფსის აღშფოთება გამოიწვია. გუნდმა ბუნდესლიგის პირველი წრე ისედაც საშინლად ჩაატარა (მე-14 ადგილი) და მოსამზადებელი შეკრების მერეც ისეა საქმე, რომ ალოფსს და მთავარ მწვრთნელ თომას შააფს ოპტიმისტურად განწყობის საბაბი არ აქვთ.

„ახალი თავდამსხმელი გვჭირდება, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებთ ისეთი ფორვარდის ყიდვას, როგორიც „ვერდერს“ შეეფერება და რომელიც უგო ალმეიდას ღირსეულად შეცვლის. ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს კლოზეს დაბრუნებაზე ვფიქრობთ, სპეკულაციებია. გულახდილად გეტყვით, რომ მიროზე არც მიფიქრია. შესაძლოა, მხოლოდ ავდიჩის ტრანსფერით შემოვიფარგლოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ბიჭი მასზე გაცემულ ავანსებს გაამართლებს,“ - უთხრა 54 წლის ალოფსმა „კიკერს“. მისივე თქმით, კლოზე ბრემენში რომც დაბრუნდეს, მას „ვერდერის“ გულშემატკივრები ზარზეიმით ნაღდად არ მიიღებენ, რადგან ბრემენში დღესაც ყველას კარგად ახსოვს, როგორ წავიდა მირო „ვერდერიდან“. ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ, რომ 2007 წელს, კლოზემ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან საიდუმლო მოლაპარაკებები უეფას თასის ნახევარფინალური მატჩის წინ (ესპანიოლთან) გამართა, რითაც ბრემენელი ფანები ძალიან გაანაწყენა.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, გააგრძელებს თუ არა „ვერდერთან“ კონტრაქტს კაპიტანი ფრინგსი, რომელიც უკვე 34 წლისაა და კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული. ტორსტენი ამბობს, წნეხის ქვეშ არ ვარ მოქცეული, ახალი ხელშეკრულების გაფორმება ყოველთვის შეიძლებაო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ხელფასის დაკლების შემთხვევაში კონტრაქტის გაფორმებაზე უარს იტყვის. ფრინგსი მოქმედი ხელშეკრულებით წელიწადში 3.8 მილიონ ევროს იღებს და „ვერდერის“ შეფებს მისთვის ჯამაგირის შემცირება უნდათ - ახალი კონტრაქტი დღემდე ამიტომაც არაა გაფორმებული. გამორიცხული არაა, რომ ტორსტენმა ზაფხულში კარიერის დასრულება გადაწყვიტოს. არის მშობლიურ „ალემანიაში“ ან ამერიკაში წასვლის ვარიანტიც, სადაც მას ნამდვილად კარგად გადაუხდიან.

სამაგიეროდ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მუდმივი რეზერვისტი დანიელ იენსენი და მცველი პეტრი პასანენი ბრემენულ კლუბს დატოვებენ. გამორიცხული არაა, რომ „ვერდერიდან“ პერ მერტეზაკერიც აიბარგოს, რომელსაც პრემიერლიგური კლუბები უხმობენ. „მუსიკოსებს“ ახალი სისხლი რომ სჭირდებათ, ამას ალოფსიც აღიარებს და ადასტურებს, რომ „ნიურნბერგის“ 20 წლის ნახევარმცველით, გიუნდოგანითაა დაინტერესებული - ფეხბურთელით, რომელმაც ცოტა ხნის წინ თურქეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაში გადაწყვიტა. თუმცა ალოფსს ეს უკანასკნელიც ეძვირება - „ნიურნბერგი“ გიუნდოგანში მინიმუმ ათ მილიონს ითხოვს. თანაც, მისი გადაბირებისთვის „ვოლფსბურგი“, „ჰამბურგი“ და „ლევერკუზენიც“ იბრძვიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული