ათი ნატვრის თვალი ბუნდესლიგიდან

AutoSharing Option

იანვრის ყველაზე ხმაურიანი და ძვირფასი გარიგება ჯერჯერობით ედინ ჯეკოს „ვოლფსბურგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერია - ინგლისურმა კლუბმა ბოსნიელ თავდამსხმელში 33 მილიონი ევრო გადაიხადა და თუ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მანჩესტერელები გერმანიის ექს-ჩემპიონს კიდევ ხუთ მილიონს ჩაუთვლიან. ვინ იქნება შემდეგი? აი, ასეთი კითხვა დასვა გერმანული პრესის ფლაგმანმა „ბილდმა“ და ბუნდესლიგიდან ევროპის რომელიმე ტოპ-გრანდში გადასვლის ნომერ პირველ კანდიდატად დორტმუნდის „ბორუსიას“ იაპონელი გამთამაშებელი, 21 წლის შინჯი კაგავა დაასახელა. ინგლისური გამოცემა News Of  the World წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, ზაფხულში დორტმუნდს კაგავაში 18

მილიონი ევრო ჩაუთვალოს, რაც 51-ჯერ მეტია იმ თანხაზე, დორტმუნდელებმა რვა თვის წინ ახალგაზრდა იაპონელ გამთამაშებელში რომ გადაიხადეს. ივნისში BVB-მ კაგავა (კონტრაქტი 2013 წლამდე) სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინა.
გადავწყვიტეთ, ბუნდესლიგის ის ათი მარგალიტი წარმოგიდგინოთ, რომლებზეც სუპერგრანდებში დიდი მოთხოვნაა.


რენე ადლერი (ლევერკუზენი)
გერმანიის ნაკრების მეორე მეკარეს „ლევერკუზენთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და უკვე ოფიციალურად დადასტურდა მის ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის არსებობა, რომლის მიხედვითაც, ადლერს თავის საყვარელ კლუბში გადასვლა ამ ზაფხულს 24 მილიონ ევროდ შეუძლია. რენეს ოცნების გუნდი კი „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომლის სკაუტები მას უკვე დიდი ხანია აკვირდებიან. როგორც იცით, ზაფხულში ედვინ ვან დერ სარი კარიერას ამთავრებს და მანკუნიანელებსაც ახალი კიპერი სჭირდებათ.


შინჯი კაგავა (ბორუსია დ)
ბოლო ორი დღის განმავლობაში ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბუნდესლიგაში კიდევ ერთ მარგალიტს, როგორც შესავალშიც ვთქვით, დორტმუნდელ შინჯი კაგავას უმიზნებს. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, 21 წლის კაგავათი თვითონ სერ ალექს ფერგიუსონი დაინტერესდა და თავის სკაუტებს მეორე წრეში იაპონელზე დაკვირვება დაავალა. კაგავას ფასი დღესდღეობით 18 მილიონი ევროა და ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, „მანჩესტერი“ მზადაა, ეს თანხა გაიღოს.

 

პერ მერტეზაკერი (ვერდერი)
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებისა და „ვერდერის“ მცველმა ბუნდესლიგის პირველი წრე ძალიან ცუდად ჩაატარა, ინგლისში აყლაყუდა „მერტეზე“ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენი გერმანელი და ინგლისელი კოლეგების ცნობით, მერტეზაკერით „არსენალი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებულები. პერს ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და რაკი „ვერდერს“ ახლა სპორტულთან ერთად, ფინანსური კრიზისიც აქვს, შესაძლოა, „მუსიკოსებისთვის“ ზაფხულში მერტეზაკერის გაყიდვა კარგი გამოსავალი იყოს.

ელჯერო ელია (ჰამბურგი)
ზაფხულში, „ჰამბურგის“ ჰოლანდიელი გარემარბის გადაბირება ტურინის „იუვენტუსს“ სურდა, მაგრამ ჩრდილოგერმანულმა კლუბმა უნიჭიერეს ნახევარმცველში საკმაოდ დიდი ფული, 30 მილიონი ევრო მოითხოვა. უახლესი ინფორმაციით, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელზე სერიოზულად ფიქრობენ „რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. ელიას „ჰამბურგთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

 

ჯეფერსონ ფარფანი (შალკე)
ლევან ყენიას თანაგუნდელს მაინცდამაინც „ვალენსიამ“ დაადგა თვალი - კლუბმა, რომელსაც „შალკე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უნდა დაუპირისპირდეს. ფარფანმა პერუში ყოფნის დროს გულახდილად თქვა, გელზენკირხენში დარჩენა აღარ მინდა, რადგან უკეთესი კლუბები მეპატიჟებიანო, მაგრამ მისი ტრანსფერი ჯერ არ გადაწყვეტილა. ფაქტია, რომ „შალკეს“ მწვრთნელი ფელიქს მაგათი ფარფანზე ძალიან გაბრაზებულია და ამ უკანასკნელმა დარჩენაც რომ მოისურვოს, „დესპოტი ფელიქსი“ მას გუნდში სავარაუდოდ აღარც გააჩერებს.


ილქაი გიუნდოგანი (ნიურნბერგი)
წყალი აღარ გაუვა იმას, რომ ზაფხულში უნიჭიერესი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი „ნიურნბერგს“ დატოვებს და კარიერას რომელიმე უფრო მაღალი კლასის გუნდში გააგრძელებს. დაინტერესებას ყველაზე მეტად „ჰოფენჰაიმი“ და „ვოლფსბურგი“ იჩენენ.

 

მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი)
„ჰამბურგის“ ხორვატ თავდამსხმელს გუნდიდან წასვლა ჯერ კიდევ აგვისტოში სურდა, რადგან HSV-ში ვერაფრით გაბედნიერდა - არადა, დიდი ტალანტისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია, რაც ყველამ იცის. პეტრიჩს „ჰამბურგის“ თავკაც არმინ ფეესთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ახლა თუ არა, ჩრდილოგერმანულ კლუბს მომავალ ზაფხულს მაინც დატოვებს. გავრცელებული ცნობების თანახმად, პეტრიჩს იტალიური „ჯენოა“ ეპატიჟება.

გენუელები ხორვატ თავდამსხმელს, ლუკა ტონის შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც იცით, ეს უკანასკნელი „იუვენტუსში“ გადავიდა.

 

დემბა ბა (ჰოფენჰაიმი)
„ჰოფენჰაიმში“ დემბა ბას გამო უკვე სერიოზული სპექტაკლია გაჩაღებული. თავდამსხმელს გუნდიდან წასვლა უნდა, მეტიც, ტრანსფერს იმდენად კატეგორიულად მოითხოვს, რომ „ჰოფეს“ მოსამზადებელ შეკრებაზე არ გაჰყვა. „ჰოფენჰაიმის“ მფლობელი, მილიარდერი დიტმარ ჰოპი კი იმუქრება, ასეთ საქციელს არ ვაპატიებ, მაინც არ გავყიდი და ტრიბუნაზე დავალპობო, მაგრამ ცხადია, რომ გაყიდვა მოუწევს. ბას „ვესტ ჰემში“ და „ფულჰემში“ ეპატიჟებიან. „ჰოფენჰაიმი“ მინიმუმ 12 მილიონ ევროს ითხოვს.

 

ჰამით ალთინთოფი (ბაიერნი)
თურქმა ნახევარმცველმა ზაფხულში „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა რეკორდმაისტერს თავისი ბედი სულ რაღაც ერთი წლით დაუკავშირა. ასე რომ, ჰამითს მიუნხენურ გრანდთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. რაკი ფრანკ რიბერი და არიენ რობენი გამოჯანმრთელდნენ, ჰამითს სათადარიგოთა სკამზე ჯდომის საფრთხე ემუქრება და ამიტომაც უნდა მიუნხენიდან წასვლა. ტყუპისცალს „ბეშიქთაში“ ეპატიჟება.


ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია დ)
ზუსტად ერთი წლის წინ, „მანჩესტერ სიტიმ“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა სერბი მცველის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი დორტმუნდელებმაც იუარეს და არც თვითონ ნევენ სუბოტიჩს (კონტრაქტი 2014 წლამდე) „მოუკლავს თავი“. „ბორუსიას“ სერბი მცველი მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო უკეთ თამაშობს და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ახლა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ყურადღებაც მიიქცია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული