ლუის გუსტავო ბუნდესგუნდში?

AutoSharing Option

23 წლის ლუის გუსტავოს ერთი ოცნება უკვე აუსრულდა - ბრაზილიელი ნახევარმცველი „ჰოფენჰაიმიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, სადაც მას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნიჭიერ საყრდენს სულ მალე მეორე ოცნებაც აუხდება: „ბილდის“ ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირში ლუის გუსტავოს ნატურალიზებაზე სერიოზულად ფიქრობენ და დიდი შანსია, რომ მან მალე გერმანიის ნაკრების ფორმა მოირგოს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლუის გუსტავომ რამდენიმე კვირის წინ გულახდილად თქვა, გერმანიის ნაკრებში თამაშზე უარს არ ვიტყოდიო. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბოსებს კი ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის იდეა საკმაოდ მოეწონათ.

აი, რას ამბობს ბუნდესგუნდის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი „ბილდისთვის“ მიცემულ კომენტარში:

 

„იდეა თავისთავად ძალიან საინტერესოა. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, რომ გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელებმა ბრაზილიელის თაობაზე ერთმანეთში მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, რამდენად საჭიროა ის ბუნდესნაკრებისთვის. ის ფაქტი, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა, უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ გუსტავო ძალიან კარგი, პერსპექტიული ფეხბურთელია.“

დაახლოებით ასეთივე აზრი აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ თეო ცვანციგერს: „ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იტყვის, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში უნდა, დასაფასებელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ლუის გუსტავომ სწრაფად მიიღოს გერმანიის მოქალაქეობა. ახლა მთავარია, რას იტყვის, ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. ფაქტია, ლუის გუსტავოს სიამოვნებით მივცემთ იმის შანსს, რომ გერმანიის ნაკრებში ითამაშოს.“


ზოგადად, გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია, რომ პიროვნებას გერმანიაში მინიმუმ რვა წელი ჰქონდეს ნაცხოვრები, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც და საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ლუის გუსტავოს შემთხვევაში ასეთი გამონაკლისის დაშვება.

„უნდა გავარკვიოთ, რამდენად იდენტიფიცირებულია ლუის გუსტავო გერმანიასთან. ხომ არ ცდილობს სპორტული შესაძლებლობების გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად გამოყენებას,“ - ეს ბირჰოფის სიტყვებია. ასეთივე აზრი აქვს ცვანციგერსაც.

ფაქტი ერთია: ლუის გუსტავო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობაზე ოცნებობს. როგორც იცით, მუნდიალი 2014 წელს მის სამშობლოში, ბრაზილიაში გაიმართება. ფაქტია ისიც, რომ „ბაიერნში“ გადასულ ნიჭიერ საყრდენს ბრაზილიელები ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევენ - გუსტავო „სელესაოს“ გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ განიხილება. იქნებ ამიტომაც სურს მას გერმანიის ნაკრებში თამაში? იქნებ, ზემოთ მოყვანილი განცხადებით მას ბრაზილიელების ყურადღების მიქცევა უნდა? სწორედ ამ დეტალების გარკვევა სურს ახლა გერმანიის საფეხბურთო კავშირს. ბირჰოფის თქმით, თუ ლუის გუსტავოს თემა აქტუალური გახდა და კონკრეტული მიზნები დაისახება, ბუნდესგუნდის ხელმძღვანელები ფეხბურთელს და „ბაიერნის“ ბოსებს დაელაპარაკებიან.

აქვე გავიხსენოთ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ადრე მიიღეს გერმანიის მოქალაქეობა. პირველები ლუის გუსტავოს თანამემამულე რობერტო პაულო რინკი (13 მატჩი ბუნდესგუნდში) და სამხრეთ აფრიკელი შონ დანდი (არც ერთი თამაში გერმანიის ნაკრებში) იყვნენ, რომლებმაც გერმანიის მოქალაქეობა ნაკრებში თამაშის მიზნით 90-იანი წლების მეორე ნახევარში მიიღეს. მაშინ ბუნდესგუნდს წინა ხაზში საკმაოდ უჭირდა. თუმცა ვერც რინკმა და მით უმეტეს, ვერც დანდიმ იმედები ვერ გაამართლეს. ბრაზილიელმა კაკაუმ, რომელიც გერმანიის ნაკრების ღირსებას დღესაც იცავს, გერმანიის მოქალაქეობა მანამდე მიიღო, სანამ ის ბუნდესგუნდისთვის აქტუალური თემა გახდებოდა. თურქი მესუთ იოზილი, განელი ჟერომ ბოატენგი და პოლონელები, მიროსლავ კლოზე და ლუკას პოდოლსკი კი გერმანიაში არიან გაზრდილები.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული