სხვათა შორის, დღევანდელ მატჩში, რომელსაც ლევერკუზენის "ბაი-არენა" უმასპინძლებს, ერთი შესაძლო რეკორდიც დგას დღის წესრიგში: აქამდე არც ერთ გუნდს არ მოუგია გერმანიის თასი ზედიზედ სამჯერ, "ბაიერნის" ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ბოლო წლებში კი სწორედ რეკორდების დამყარებაა.
მაგრამ მიუნხენელებს კვლავაც ბევრი პრობლემა აქვთ შემადგენლობაში და, შესაძლოა, ისევ დაცვიდან ითამაშონ, როგორც ეს შაბათს "დორტმუნდთან" მატჩში იყო.
"შვაინშტაიგერი მზად არ არის "ბაიერთან" სათამაშოდ. ხვალინდელი მატჩისთვის მხოლოდ 16 ფეხბურთელი მყავს. მაგრამ ასეთი პრობლემები თამაშის ნაწილია და მე უნდა ვიპოვო ამ სირთულეების გადალახვის გზები", - აცხადებს გვარდიოლა და იქვე ამატებს, რომ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ჰოლგერ ბადშტუბერის თამაში.
თუმცა შვაინშტაიგერის შეცვლა შეუძლია ტიაგო ალკანტარას, რომელიც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და "დორტმუნდთან" რამდენიმე წუთი ითამაშა.
რაც შეეხება "ლევერკუზენს", მას ამგვარი პრობლემები არ აქვს - ყველა ჯანმრთელად არის და ელოდება თასის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრას. ძალიან საჭირო დროს გაიხსენა გოლების გატანა შტეფან კისლინგმა, რომელმაც ბოლო ტურში "ჰამბურგთან" დუბლი შეასრულა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში "ლევერკუზენს" სათასო მატჩებში უჭირს: წინა ეტაპზე დამატებით დროში გაიარა "კაიზერსლაუტერნის" ბარიერი, მანამდე პენალტების სერიაში მოუგო ნახევრად სამოყვარულო "მაგდებურგს". ამჯერად, პენალტების სერიებამდე საქმის მიყვანა "ლევერკუზენისთვის" არასასურველია, რადგან სულ ახლახან იყო 11-მეტრიანებით წაგება ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან", როცა "ფარმაცევტებმა" უფრო მეტი ააცილეს, ვიდრე გაიტანეს.
* * *
აქვე რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს შემოგთავაზებთ:
- "ბაიერნის" მოგებათა სერია გერმანიის თასზე 15 მატჩს შეადგენს. ბოლო წაგება სამი წლის წინ ფინალში იყო - 2:5 "დორტმუნდთან".
- გერმანიის თასზე ბოლო 17 გასვლითი მატჩი "ბაიერნმა" მოიგო. თუმცა ბოლო წაგება სტუმრად მიუნხენელებს სწორედ "ლევერკუზენთან" ჰქონდათ (2:4 მეოთხედფინალში 2008-09 წლების სეზონში). "ბაიერი" შინ თასზე ძალიან წარმატებით თამაშობს: მხოლოდ ორი წაგება ბოლო 18 მატჩში.
- გვარდიოლა ნამდვილი სათასო ექსპერტია - მისი ხელმძღვანელობით, "ბაიერნმა" ათივე შეხვედრა მოიგო და მეტოქეთა კარში 32 გოლი გაიტანა. თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობა ფიქსირდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"