გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: პეპი პენალტებით ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ლევერკუზენი-ბაიერნი 0:0 (პ. 3:5)

"ლევერკუზენმა" მეორე ტურნირი წააგო ამ სეზონში პენალტების სერიაში. "ფარმაცევტებმა", რომლებმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ ხუთი მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგეს, ამჯერად, გერმანიის თასის მეოთხედფინალში 120 წუთი უგოლოდ დატოვეს "ბაიერნი", მაგრამ მაინც დამარცხდნენ. საბედისწერო აღმოჩნდა იოსიპ დრმიჩის მიერ გაფუჭებული პენალტი.

წამყვანი შემტევი ფეხბურთელების არყოფნაში, პეპ გვარდიოლას გუნდს პრობლემები შეექმნა შეტევაში. პირველ ტაიმში ჩემპიონს ბურთის ფლობის პროცენტი 75 ჰქონდა, მაგრამ შეტევების ორგანიზებაში ფანტაზია თითქმის ნულის ტოლი იყო. შესაძლოა, ამიტომაც გვარდიოლამ 34-ე წუთზე ბენატია გაიყვანა და როდე შეუშვა მინდორზე.

სტუმრებმა მხოლოდ
მეორე ტაიმში მოუმატეს და მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა, რაც აშკარა შეცდომა იყო.

შემდეგ იყო ბელარაბისა და ლევანდოვსკის მეკარესთან პირისპირ გასვლები, მაგრამ ნოიერმა და ლენომ იყოჩაღეს. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, ბოლოს კი აშკარა უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სამი მომენტიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

დამატებით დროში უფრო მეტი შანსი "ბაიერნმა" შექმნა, მაგალითად, გიოტცემ სამი მეტრიდან ვერ გაიტანა. "ლევერკუზენს" ძალიან არ უნდოდა პენალტების სერია და 119-ე წუთზე ბრანდტმა თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა.

პენალტების სერია მაინც შედგა, რომელშიც რეკორდმაისტერმა ხუთივე გაიტანა, "ლევერკუზენმა" კი - მხოლოდ სამი.

ლევერკუზენი-ბაიერნი 0:0 პენ. 3:5
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი (90. პაპადოპულოსი), ვენდელი, ლ. ბენდერი, როლფესი (99. ჩალჰანოგლუ), ბელარაბი, გონსალო კასტრო, ბრანდტი, კისლინგი (90+4. დრმიჩი).
ბაიერნი: ნოიერი, ბენატია (34. როდე), ბოატენგი (118. ბადშტუბერი), დანტე, ლამი (68. ტიაგო ალკანტარა), ჩაბი ალონსო, რაფინია, ბერნატი, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.
პენალტები: 0:1 მიულერი, 0:1 დრმიჩი (მეკარე), 0:2 ლევანდოვსკი, 1:2 ბენდერი, 1:3 ჩაბი ალონსო, 2:3 გონსალო კასტრო, 2:4 გიოტცე, 3:4 ჩალჰანოგლუ, 3:5 ტიაგო ალკანტარა.

არმინია-გლადბახი 1:1 პენ. 5:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული