"ის საუკეთესო ექიმია მსოფლიოში!" - ამბობდა უსაინ ბოლტი. ლონდონის ოლიმპიადის წინ ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი "ბაიერნის" სამედიცინო განყოფილებაში ზურგს მკურნალობდა. სწორედ მიულერ-ვოლფარტს მიუძღვნა მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა 2012 წლის ოლიმპიადაზე გამარჯვება. "მას რადარივით თითები აქვს", - ასე ახასიათებდა ექიმს ლოთარ მათეუსი, რომელსაც, სხვათა შორის, რომანი ჰქონდა ჰანს-ვილჰელმის ქალიშვილთან.
ცნობილია, რომ 72 წლის მიულერ-ვოლფარტს მძიმე
და აი, გასულ კვირას მეხი გავარდა - სახელგანთქმულმა ექიმმა გამოაცხადა, რომ ტოვებს "ბაიერნს". ახსნა ასეთი იყო: "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ გაუგებარი მიზეზებით სამედიცინო შტაბი მარცხის ძირითად მიზეზად დაასახელეს".
ექიმს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას.
სანამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მიულერ-ვოლფარტს თავი არ შეუწუხებია, საქმის კურსში ჩაეყენებინა კლუბის ხელმძღვანელობა. მასთან ერთად წავიდა მთელი გუნდი: ვაჟი კილიანი, პეტერ იუბლაკერი და ლუტც ჰენზელი.
მაინც რა მოხდა პორტუში? "ბილდის" ინფორმაციით, მატჩის შემდეგ მიულერ-ვოლფარტსა და კლუბის შეფს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს შორის დისკუსია გაიმართა. სავარაუდოდ, ლაპარაკი მიდიოდა თემაზე - რატომ არ ბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშეები დროულად მინდორზე. როგორც იცით, სხვადასხვა დაზიანების გამო მატჩში არ მონაწილეობდნენ რობენი, რიბერი, შვაინშტაიგერი, ალაბა, ბენატია, ხავი მარტინესი...
შესაძლოა, საუბრის თემა იყო რიბერის გარშემო შექმნილი სიტუაცია. ერთი თვის წინ, "შახტართან" მატჩში ფრანგმა თითქოს, უმნიშვნელო ტრავმა მიიღო - ბევრს ეგონა, რომ ნახევარმცველი 2-3 დღეში ჩადგებოდა მწყობრში. ამბობენ, რომ ექიმსა და გვარდიოლას შორის უთანხმოება რიბერის მკურნალობის მეთოდებზე წარმოიშვა.
არ იყო თანხმობა ბენატიასთან დაკავშირებულ ისტორიაზეც - თითქოს მაროკოელი მცველი "ლევერკუზენთან" სათასო მატჩისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, მაგრამ მაინც გავიდა მოედანზე. შედეგად, კუნთი გაიწყვიტა.
უთანხმოება "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელსა და მთავარ ექიმს შორის ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო - ტიაგო ალკანტარას გამო. გვარდიოლამ თავისი საყვარელი ფეხბურთელი ტრავმირებული მუხლის სამკურნალოდ ბარსელონაში გაუშვა, სადაც ფეხბურთელს კორტიზონის ინიექციას უკეთებდნენ.
მიულერ-ვოლფარტი ეწინააღმდეგებოდა ამგვარ თერაპიას, მაგრამ კლუბმა მწვრთნელის მხარე დაიჭირა. საბოლოოდ, მოთამაშემ აღდგენას ჩვეულებრივზე მეტი დრო მოანდომა. მყესების სამჯერ გაწყვეტის შემდეგ ესპანელი რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა მოედანზე. პორტუში გვარდიოლამ ის 90 წუთი ათამაშა, რაც მიულერ-ვოლფარტის აზრით, ასევე სარისკო იყო.
სახელოვანი ექიმი "ბაიერნში" 1977 წლიდან მუშაობდა. მცირე პაუზა იურგენ კლინსმანის დროს ჰქონდა, რადგან მიულერ-ვოლფარტს მაშინაც დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მწვრთნელთან, მაგრამ, როგორც კი გუნდს სათავეში იუპ ჰაინკესი ჩაუდგა, ექიმი დაბრუნდა.
ქვეყნის ნაკრებში ის 1995 წლიდან მუშაობს. 2008 წლის მაისში მიუნხენის ცენტრში საკუთარი კლინიკა გახსნა, რომლის ფართობი 1600 კვადრატულ მეტრს აღწევს. თანხით მას "ჰოფენჰაიმის" მეცენატი დიტმარ ჰოპი დაეხმარა. ამბობენ, რომ გვარდიოლა უკმაყოფილოა იმით, რომ ტრავმირებული მოთამაშეების ბაზიდან კლინიკაში გადასაყვანად დიდი დროა საჭირო.
ამასთან, ექიმი ხანდახან მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებს იყენებს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მიულერ-ვოლფარტის ავტორიტეტი ძალიან მაღალია. ეს სპეციალისტი განსაკუთრებით ძლიერია მუხლის ტრავმების მკურნალობისას.
აღვნიშნავთ, რომ მიულერ-ვოლფარტის "ბაიერნიდან" წასვლა ყველას არ მოეწონა. ამასთან, ხშირად ისმის საუბრები გვარდიოლას დიდ ძალაუფლებაზე, მათ შორის, სამედიცინო სფეროში - გავიხსენოთ ტიაგო ალკანტარას ისტორია. და, რა თქმა უნდა, კატალონიელი განსაზღვრავს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას. ასეთ სიტუაციაში, ოდნავ ჩრდილში მოექცა სპორტული დირექტორი მატიას ზამერი.
ამასობაში, "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე ხელიდან არ უშვებს არც ერთ შესაძლებლობას გვარდიოლას შესაქებად და მას, არც მეტი, არც ნაკლები, "ბაიერნში" სამუდამო სამუშაო ადგილს ჰპირდება.
მიუნხენური გუნდის ისტორიაში არც ერთ სხვა მწვრთნელს არ ჰქონია მოქმედების ასეთი თავისუფლება, რაც, ბევრის აზრით, კლუბისთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. ამიტომაც გაისმის ხმები: კლუბს არ აწყენდა ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს "ბაიერნის" თავისებურებებსა და ტრადიციებს და ის დააბალანსებდა გუნდში გვარდიოლას მოქმედებებს.
"ბაიერნმა" ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. კლუბი სინანულს გამოთქვამს მიულერ-ვოლფარტის გადაწყვეტილების გამო და მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის. გვარდიოლამ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა - თუ გუნდი აგებს, ამაში დამნაშავე მწვრთნელია და არა კლუბის ხელმძღვანელობა ან ექიმებიო.
და დაამატა, რომ პატივს სცემს მიულერ-ვოლფარტის ნაბიჯს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდამავალ პერიოდში "ბაიერნში" სამედიცინო საკითხებს ფოლკერ ბრაუნი მიხედავს, რომელიც ადრე მიუნხენელთა სამოყვარულო გუნდში მუშაობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"