პეპის და "ბაიერნის" გასაჭირი

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის თასის ნახევარფინალი ერთობ ძვირი დაუჯდა. პეპ გვარდიოლას გუნდი პენალტების უხეირო დარტყმისთვის დაისაჯა, "დორტმუნდთან" დამარცხდა და ახლა ევროპაში მხოლოდ ორი კლუბი დარჩა, რომელსაც ოქროს ტრიპლეტის (ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონატი, თასი) განხორციელება შეუძლია - "ბარსელონა" და "იუვენტუსი".

კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ მიუნხენელებმა კლოპის გუნდთან დაპირისპირებაში მოწინავე ფეხბურთელები დაკარგეს...

6 მაისს "ბაიერნს" სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსას" ესტუმრება.

"დორტმუნდთან" მიუნხენური დაპირისპირება 1:1 დასრულდა - სტუმრებმა რობერტ ლევანდოვსკის გოლს პიერ-ემერიკ ობამეიანგის ზუსტი
დარტყმით უპასუხეს. თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელმაც შედეგი არც ერთი მხარისთვის არ გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ "დორტმუნდი" 10 კაცით დარჩა (კამპლი გააძევეს). დაინიშნა პენალტების სერია.

სწორედ აქ ელოდათ იმედგაცრუება ბავარიელებს - მათ ოთხი (ყველა) პენალტი გააცუდეს. ფილიპ ლამი და ჩაბი ალონსო პენალტების დარტყმისას სულაც წაიქცნენ და ბურთი კარს ააცილეს, მარიო გიოტცეს მეკარემ აუღო, მეკარე მანუელ ნოიერმა კი დორტმუნდელთა ხარიხა შეაზანზარა ოდენ. "დორტმუნდს" ილქაი გიუნდოგანისა და სებასტიან კელის ზუსტი დარტყმებიც ეყო ფინალში გასასვლელად.

სამი შოკი
ამ შეხვედრაში ერთბაშად სამმა ბავარიელმა მიიღო ტრავმა: არიენ რობენმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ტიაგო ალკანტარამ. რობენი მეორე ტაიმის შუაში გამოჩნდა ტიაგოს ნაცვლად, მაგრამ 16 წუთში თავადაც შესაცვლელი გახდა. ლევანდოვსკი კი პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.

ყველაზე მძიმე ჰოლანდიელის ტრავმა გამოდგა - მან კუნთი ისე დაიზიანა, რომ ამ სეზონში რობენს მოედანზე ვეღარ ვნახავთ. თავიდან ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ არიენი გუნდს "ბარსასთან" საპასუხო მატჩში დაეხმარებოდა, მაგრამ ექიმების ოფიციალური დასკვნა სავალალო გამოდგა.

ლევანდოვსკიმ ყვრიმალი და ცხვირი გაიტეხა, მას ჰქონდა ტვინის შერყევის ნიშნებიც. ახლა "ბაიერნში" იმედოვნებენ, რომ "ბარსასთან" მატჩში პოლონელი ფორვარდი დამცავი ნიღბით თამაშს შეძლებს, თუმცა პირველ თამაშში მისი გამოჩენა მაინც ნაკლებად სავარაუდოა.

ყველაზე იოლად ესპანელი გადარჩა, ალკანტარას სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა და ის, ალბათ, შეძლებს მალევე მოედანზე გამოსვლას.

მატჩის შემდეგ
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ჩემი გუნდის თამაშით ვამაყობ. განსაკუთრებით, დღეს. თუ ასე თამაშობს გუნდი, ის მხოლოდ უნდა შეაქო, რადგან, რაც კი აქ ვმუშაობ, "დორტმუნდის" წინააღმდეგ საუკეთესო მატჩი გავმართეთ. მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში გვქონდა პრობლემები, რაც მოედანზე მხითარიანი შემოვიდა და მან ცოტა შეგვაშინა. დანარჩენ დროს "ბაიერნი" დიდებული იყო. პენალტების სერიაში დაღლილები ვიყავით. "დორტმუნდს" ვულოცავ გამარჯვებას და ფინალში გასვლას".

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "დალახვროს ეშმაკმა, ეს რა დიდებული თამაში გამოვიდა. ორივე გუნდმა ყველაფერი გაიღო ბოლომდე. პირველ ტაიმში "ბაიერნი" ძალიან გვჯობნიდა და ამ ფონზე, 0:1 ხსნა იყო. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში თამაში გადავაწყვეთ და გავათანაბრეთ. ბედნიერი ვარ, ასეთი სერიოზული მეტოქე რომ ჩამოვიცილეთ გზიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინმე დარჩა ბავარიას???თვალი ეცათ თუ დაწყევლეს რა ხდება? :)
მითრიდატე
23:38 30-04-2015
0
ალკანტარა ცოდო იყო ახალი ტრამვა მიეღო ისედაც 1 წელი გაუცდა!!!
გენო
16:09 30-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული