ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: აუტსაიდერების ცენტრალური მატჩი

AutoSharing Option
ფოტოზე: შტუტგარტში დიდი ბრძოლა იქნება
ბუნდესლიგის ბოლო ტურებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში მთავარი ბრძოლები გათამაშების ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების მონაწილეობით გაიმართება. ბოლოსწინა ტური აუტსაიდერების საკითხს საბოლოოდ ნათელს ვერ მოჰფენს, მაგრამ რაღაცები შეიძლება გაირკვეს.

ამ ფონზე ცენტრალურ მატჩად უნდა მოვნათლოთ "შტუტგარტისა" და "ჰამბურგის" დაპირისპირება. ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ ტურის შემდეგ შეიძლება გავარდეს, "შტუტგარტია", მაგრამ ჰუუბ სტევენსის შეგირდები ამაზე არ ფიქრობენ.

წინა ტურში "მაინცთან" მატჩს (2:0) ნახევარმცველმა კრისტიან გენტნერმა მეოთხედფინალი უწოდა, ახლა წინ არის ნახევარფინალი "ჰამბურგთან" და მოგების
შემთხვევაში, "შვაბებს" ბოლო ტურში ფინალი ელით "პადერბორთან".

მოკლედ, კალენდარი მეტნაკლებად იოლია და ყველაფერი "შტუტგარტის" თამაშზე იქნება დამოკიდებული. თამაში კი ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა - "ფრაიბურგთან" და "შალკესთან" "შტუტგარტი" სულაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც დიდი ხანია, ბოლო ადგილს ვერ გასცილებია.

მაგრამ იგივე კომპლიმენტებს იმსახურებს "ჰამბურგი", რომელმაც ბოლო სამ ტურში ორი მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა, რენე ადლერის კარში დაბრუნების შემდეგ კი გოლებსაც იშვიათად უშვებს. მოკლედ, ეს ის თამაშია, რომელშიც პროგნოზის გაკეთება შეუძლებლად მოსჩანს.

* * *
რთული სათქმელია, კარგ თუ ცუდ დროს ხვდება "პადერბორნი სტუმრად "შალკეს". გელზენკირხენულმა გუნდმა ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო, თან მის რიგებში არეულობაა, რადგან კონტრაქტი გაუწყვიტეს ბოატენგსა და სემს, ასევე ვარჯიშებს ჩამოაშორეს ჰიოგერი.

მაგრამ, მეორე მხრივ, დი მატეოს გუნდი ძალიან მოტივირებულია, რადგან ფრის ან წაგების შემთხვევაში ევროპალიგის საგზური ხელიდან ეცლება. ამიტომაც, "მეშახტეები" მაქსიმალურად ეცდებიან სამი ქულის აღებას, მით უმეტეს, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდებათ კლაას-იან ჰუნტელაარი.

* * *
მეორე წრის ერთ-ერთ ინტრიგად გადაიქცა "ჰანოვერი": შეძლებს თუ არა ეს გუნდი მეორე წრეში თამაშის მოგებას? 146 დღე მოუგებლად, 7 ფრე და 8 წაგება მეორე წრეში, არც ერთი "მშრალი" მატჩი...

სტატისტიკა კატასტროფულია, მაგრამ გუნდი თითქოს, უახლოვდება ამ მიზანს - ახალი მწვრთნელის მიხაელ ფრონცეკის ხელმძღვანელობით ბოლო ორი მატჩში ფრე ითამაშა "ვოლფსბურგისა" და "ვერდერის" წინააღმდეგ, რაც იოლი საქმე არ არის.

"16 მატჩია ვერ ვიგებთ, მაგრამ გათამაშების ცხრილში სიმჭიდროვეა და კიდევ ორი მატჩი გვრჩება სეზონის გადასარჩენად. ჩვენ გვჯერა ამის", - ამბობს "ჰანოვერის" კაპიტანი შტინდლი.

მაგრამ ისევე, როგორც "პადერბორნის" შემთხვევაში, "ჰანოვერს" ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი მოტივირებული მეტოქე ჰყავს. დიახ, "აუგსბურგი", რომელსაც სეზონის წინ აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ, ევროსარბიელზე მოხვედრას ლამობს და, თუ შაბათს სამ ქულას აიღებს, თითქმის შესრულებული ექნება ამოცანა.

გუნდის განწყობა რომ სერიოზულია, ეს წინა ტურში "ალიანც არენაზე" "ბაიერნის" ძლევით გამოჩნდა.

* * *
თავად "ბაიერნი" ამ ტურში კიდევ ერთ აუტსაიდერ "ფრაიბურგს" ესტუმრება. მიუნხენელებისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია: აღარც გერმანიის თასი, აღარც ჩემპიონთა ლიგა და გუნდი მხოლოდ ბუნდესლიგის ტიტულის ამარა დარჩა.

რჩება მხოლოდ სეზონის ღირსეულად დასრულება, მაგრამ აქვს კი ამის ხალისი "ბაიერნს"?

ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონი ყოველთვის სახიფათოა და სავარაუდოდ, "ფრაიბურგი" სეზონის ამ მნიშვნელოვან ნაწილში, ალბათ, სხვა მეტოქეს ისურვებდა, მით უმეტეს, რომ ფორმაში არ არის და ზედიზედ ხუთი მატჩია, არ მოუგია.

სხვათა შორის გერმანელმა მიმომხილველებმა ერთი მოტივაცია მოუძებნეს რეკორდმაისტერს - რობერტ ლევანდოვსკის 16 გოლი აქვს და სამი ბურთი აშორებს ლიდერ ალექს მაიერამდე. არ არის გამორიცხული, პოლონელმა მოინდომოს ზედიზედ მეორედ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობა.

* * *
ბოლო მატჩებში წარუმატებელი თამაშის გამო, მოულოდნელად, აუტსაიდერთა რიგებში დაბრუნდა "ჰერტა". ამ გუნდს თითქოს თავი ქუდში ჰქონდა, მაგრამ ბოლო ხუთი მატჩში ვერც ერთი ვერ მოიგო და თამაშის ხარისხიც გააუარესა. წინა ტურში "დორტმუნდთან" ბერლინელებს ერთხელაც არ შეუწუხებიათ მეტოქის მეკარე.

მიუხედავად ამისა, "ჰერტას" დამრიგებელი პალ დარდაი მშვიდადაა: "კონკურენტებზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუ შანსი ვერ გამოვიყენეთ, ყველაფერში თავად ვიქნებით დამნაშავეები".

"ჰერტას" მეტოქე "აინტრახტს" დარჩენილ ტურებში არაფერი აინტერესებს, გარდა სეზონის ღირსეული დასასრულისა. თან სტუმრად დაგროვილი ქულების რაოდენობით ფრანკფურტელები ბოლო ადგილზე არიან, ასე რომ, დედაქალაქელებს სამი ქულის აღების კარგი შანსი აქვთ.

ბუნდესლიგა. XXXIII ტური
შაბათი. 16 მაისი
შალკე-პადერბორნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, აიჰანი, უჩიდა, ობასი - ბერტელსი, მეჰა, დუკში
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (2-1)

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: - რობერტო ფირმინო
ტრავმა: პაპადოპულოსი, გონსალო კასტრო, კრუსი - შიპლოკი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +11=1-1 (32-11)

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე - ბლაშჩიკოვსკი, გროსკროიტცი, შაჰინი, რამოსი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 მატჩი: +8=9-18 (47-68)

მაინცი-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბროსინსკი
ტრავმა: სოტო, ჰოფმანი, ნედელევი - ოლკოვსეი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +4=2-3 (14-9)

აუგსბურგი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაინჰარდტი, კაიუბი - პანდერი, ბიტენკურტი, ჰოფმანი, ა. ზობიხი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +0=3-4 (4-11)

ჰერტა-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: - რუსი
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი, შიბერი - ანდერსონი, კიტელი, მაიერი, მედოიევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 მატჩი: +25=13-15 (96-76)

ვერდერი-გლადბახი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფრიტცი, გალვესი, გარსია - შტრანცლი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +37=22-32 (145-148)

ფრაიბურგი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: - დანტე, რეინა
ტრავმა: მიოლერ დელი - ალაბა, რიბერი, ბადშტუბერი, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +3=6-22 (24-66)

შტუტგარტი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - დრობნი, ილიჩევიჩი, ნ. მიულერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 მატჩი: +36=21-42 (154-148)

ბომბარდირები:
19 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული