"რეკორდმაისტერის" 25 ჩემპიონობა [დასასრული]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" 25-ედ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის ტიტული. ამ იუბილესთან დაკავშირებით, fcbayern.de-მ რეკორდმაისტერის ისტორიაში ჩაიხედა და ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა...

1997
"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად მეორედ მოსვლის შემდეგ ჯოვანი ტრაპატონიმ მკაცრ დაცვით ფეხბურთზე გადაიყვანა გუნდი და ამან შედეგი გამოიღო. რეკორდმაისტერი ჩემპიონი გახდა. იტალიელისთვის ეს იყო პირველი ტიტული იტალიის საზღვრებს გარეთ. იმ სეზონში "ბაიერნმა" მხოლოდ სამი მატჩი წააგო, მაგრამ საბოლოო უპირატესობამ "ლევერკუზენზე" სულ რაღაც ორი ქულა შეადგინა. ეს იმით აიხსნება, რომ ბავარიელებმა 11 მატჩი დაასრულეს ფრედ.

1999
სეზონის დასაწყისში გუნდს სათავეში ჩაუდგა ოტმარ
ჰიტცფელდი და პირველ ექვს მატჩში "ბაიერნმა" ექვსი მოგება გაიფორმა. შტეფან ეფენბერგისა და ლოთარ მათეუსის მეთაურობით, გუნდმა მეორე ტურში მოიპოვა პირველი ადგილი და სეზონის ბოლომდე აღარ ჩამოსულა იქიდან. მეორე ადგილზე გასულ "ლევერკუზენთან" უპირატესობამ 15 ქულა შეადგინა. მიუხედავად ამისა, სეზონის დასასრული ტრაგიკული გამოვიდა: "ბაიერნმა" წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:2), გერმანიის თასის ფინალში კი პენალტების სერიაში დამარცხდა "ვერდერთან".

2000

სეზონის ფანტასტიკური დასასრული! "ბაიერნზე" სამქულიანი უპირატესობის მქონე "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის ბოლო ტურში "უნტერჰახინგთან" სტუმრად ჩავიდა სათამაშოდ და სენსაციურად წააგო - 0:2. ამავდროულად, 14 კილომეტრის მოშორებით "რეკორდმაისტერმა" "ოლიმპიაშტადიონზე" "ვერდერი" დაამარცხა - 3:1 და ბურთების უკეთესი სხვაობით გახდა ჩემპიონი. ოლივერ კანი იმ სეზონში წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

2001
ყველაზე დაძაბული ბრძოლა 33-ე ტურში დაიწყო: ჩემპიონატის ლიდერმა "შალკემ" 0:1 წააგო "შტუტგარტში", "ბაიერნმა" კი ციკლერის ზუსტი დარტყმის წყალობით ბოლო წუთებზე გამოსტაცა გამარჯვება "კაიზერსლაუტერნს". "შალკეზე" სამქულიანი უპირატესობით მიუნხენელები ბოლო ტურში სტუმრად ეწვივნენ "ჰამბურგს", "შალკე" კი, რომელსაც რეკორდმაისტერზე უკეთესი ბურთების სხვაობა ჰქონდა, შინ იღებდა "უნტერჰახინგს".

გელზენკირხენელებმა თავიანთ მატჩში 5:3 მოგებას მიაღწიეს, "ბაიერნი" კი 90-ე წუთამდე აგებდა 0:1-ს. მაშინ ოლივერ კანმა ჰკითხა მსაჯს: "კიდევ რამდენი დაგვრჩა?" რეფერიმ უპასუხა, რომ სამი წუთი რჩებოდა. კანმა თავისიანებს წინ წასვლისკენ მოუწოდა:

"სამი წუთი! წინ! კიდევ სამი წუთი გვაქვს!" მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე "ჰამბურგის" მეკარემ პარტნიორის დაბრუნებული ბურთი ხელში აიღო. მსაჯმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომელიც პატრიკ ანდერსონმა გამოიყენა. ოტმარ ჰიტცფელდი უდო ლატეკის შემდეგ "ბაიერნის" მეორე მწვრთნელი გახდა, ვინც ზედიზედ სამჯერ მოიგო ბუნდესლიგა. რამდენიმე დღის შემდეგ რეკორდმაისტერმა პენალტების სერიაში დაამარცხა "ვალენსია" და ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვა.

2003
მიხაელ ბალაკი, სებასტიან დაისლერი და ზე რობერტო გახდნენ "ბაიერნის" ახალწვეულები, რომელთა დახმარებითაც რეკორდმაისტერი ტიტულის დაბრუნებას აპირებდა და ეს ბრწყინვალე სტილში შეძლო! მეოთხე ტურში ბავარიელები ლიდერები გახდნენ და 30-ე ტურში ვადაზე ადრე გაიფორმეს ჩემპიონობა - ყველაზე სწრაფად 1974 წლის შემდეგ. ჯოვანი ელბერი 21 გოლით "ბოხუმის" ფორვარდ ტომას კრისტიანსენთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2005
კულტურული შოკი "ბაიერნისთვის"! სეზონის დასაწყისში გუნდი ჩაიბარა ფელიქს მაგათმა, რომელიც სრულიად განსხვავებულ სტილს ანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე ოტმარ ჰიტცფელდი. მაგათი მკაცრ დისციპლინაზე და კარგ ფიზიკურ მომზადებაზე აგებდა გუნდს. იმ სეზონში რეკორდმაისტერის მთავარი კონკურენტი "შალკე" იყო, რომელმაც 25-ე ტურში "ბაიერნის" დამარცხებით (1:0) პირველ ადგილზე გადასვლაც კი შეძლო. სეზონის ბოლოს 9-მატჩიანი მოგებათა სერიით მიუნხენელები 14-ქულიანი უპირატესობით გახდნენ ჩემპიონები.

2006
ისევ გადამწყვეტი მატჩი კაიზერსლაუტერნში გაიმართა. გუნდებმა ფრედ, 1:1 ითამაშეს, "ბაიერნის" რიგებში თავი გამოიჩინა ანდრეას ოტლმა, მაგრამ წინა წლისგან განსხვავებით, ბავარიელებს ადგილზე ტიტულის აღნიშვნის საშუალება არ მისცეს. ელიტური დივიზიონიდან შესაძლო გავარდნის გამო მასპინძლებმა სახელოვან სტუმრებს ამის უფლება მისცეს.

"ვერდერზე" საბოლოო უპირატესობამ ხუთი ქულა შეადგინა. ისევე, როგორც წინა სეზონში, მაგათის გუნდმა გერმანიის თასი მოიგო. პირველად გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, ერთმა გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეძლო დუბლის შესრულება. ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო განაპირა მცველმა ბიქსან ლიზარაზუმ 21-ე ტიტული მოიპოვა კარიერაში.

2008
ორი ვარსკვლავური ახალბედათი - ლუკა ტონითა და ფრანკ რიბერით "ბაიერნი" პირველივე ტურში გახდა ლიდერი და ბოლო ტურამდე არ დათმო პირველი პოზიცია. 31-ე ტურში რეკორდმაისტერი მათემატიკურად გახდა ჩემპიონი, ფინიშზე კი მეორეადგილოსან "ვერდერთან" 10-ქულიანი უპირატესობით მივიდა. ლუკა ტონიმ გუნდის 68 გოლიდან 24 თავის ანგარიშზე ჩაიწერა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, ოტმარ ჰიტცფელდის გუნდმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა - მხოლოდ 21 გოლი გაუშვა! შესანიშნავი საჩუქარი იყო ოლივერ კანისთვის, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

2010
ლუის ვან გაალი და არიენ რობენი - ორი სახელოვანი ჰოლანდიელი შეუერთდა გუნდს სეზონის წინ. 24-ე ტურში რეკორდმაისტერმა პირველი ადგილი დაიკავა გათამაშების ცხრილში და საბოლოოდ, ხუთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ "შალკეს". ვან გაალი პირველი ჰოლანდიელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგა მოიგო, მოგვიანებით კი გერმანიის თასიც მოიპოვა. "ბაიერნმა" ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:2 წააგო მილანის "ინტერთან".

2013
რეკორდების სეზონი! 25 მატჩისგან შემდგარი ფანტასტიკური წაუგებელი სერია, 91 ქულა, ბურთების შეფარდება - 91:18, 25-ქულიანი საბოლოო უპირატესობა დორტმუნდის "ბორუსიაზე".

ბასტიან შვაინშტაიგერმა, რომელიც წლის ფეხბურთელად აღიარეს, 28-ე ტურში "აინტრახტის" კარში ერთადერთი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც "ბაიერნი" ოფიციალურად გახდა ჩემპიონი. იუპ ჰაინკესის გუნდისთვის ეს არ იყო საკმარისი - მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასი და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველად გახდა ჰეთ-თრიკის ავტორი.

2014
ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "ბაიერნმა" გააგრძელა წინა სეზონის წარმატებული სერია. 27-მატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით, 25 მარტს (27-ე ტური) რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე "სწრაფი" ჩემპიონობა გაიფორმა. მიუნხენელებმა ასევე გაიმარჯვეს უეფას სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე. პრობლემა შეიქმნა მხოლოდ ზეიმის დროს. ლუდის შხაპისას გვარდიოლას ვერცხლის სასალათე ხელიდან გაუვარდა.

"ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან მძიმეცაა", - აღიარა მოგვიანებით მწვრთნელმა.

2015
პირველად 1989 წლის შემდეგ, ბავარიელები ჩემპიონები გახდნენ საკუთარი ტელევიზორების წინ. ყველაფერი 30-ე ტურში გადაწყდა: თავიდან "ბაიერნმა" 1:0 მოუგო "ჰერტას", მომდევნო დღეს კი ასეთივე ანგარიშით წააგო მიონხენგლადბახში მთავარმა კონკურენტმა "ვოლფსბურგმა".

ეს რეკორდმაისტერის ზედიზედ მესამე ჩემპიონობას ნიშნავდა! ბასტიან შვაინშტაიგერმა მე-15 ეროვნული პრიზი მოიპოვა კარიერაში. "ბაიერნის" ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის ასეთი კოლექციით. ბასტიანი მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რეკორდსმენებს - ოლივერ კანსა და მეჰმეთ შოლს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული