მიუნხენის "ბაიერნმა" გიუნდოგანიც გადაიფიქრა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" გადაიფიქრა დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენა, - იტყობინება გამოცემა "ბილდი".

წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელსა და "ბაიერნს" შორის მოლაპარაკებების პროცესი წინ იყო წასული, მაგრამ ბოლოს მიუნხენელებმა ორი მიზეზის გამო თქვეს უარი გიუნდოგანის შეძენაზე. ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელმა ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა.

გარდა ამისა, კლუბში არ არსებობდა ერთსულოვანი აზრი ნახევარმცველის შეძენის მიზანშეწონილობაზე. ილქაის ყიდვა სურდათ "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, მატიას ზამერსა და ტექნიკურ დირექტორს, მიხაელ რეშკეს.

ამასთან, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლასა და მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, კარლ-ჰაინც
რუმენიგეს გარკვეული ეჭვი გააჩნდათ მასთან დაკავშირებით - შეძლებდა თუ არა ეს ფეხბურთელი მიუნხენელთა შემადგენლობის გაძლიერებას.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ "ბაიერნის" გარდა, გიუნდოგანის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს "ბარსელონა".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ბაიერნმა" ასევე გადაიფიქრა "ლივერპულიდან" შემტევი ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის შეძენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული