მაგათის 27-მილიონიანი კრიზისი

AutoSharing Option

„შალკემ“ ბუნდესლიგის პირველი წრე ძალიან ცუდად ჩაატარა, მაგრამ ნორმალურად დაასრულა, რის გამოც, გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი სეზონის მეორე ნახევარს გამარჯვებით დაიწყებდა. თანაც, „შალკე“ მე-18 ტურში საკუთარ მოედანზე თამაშობდა, მაგრამ ფელიქს მაგათის ბიჭებმა ისევ აურიეს და „ჰამბურგთან“ 0:1 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ მაგათმა თქვა, საუკეთესო ხუთეულში ალბათ ვეღარ მოვხვდებით, შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის ევროტურნირები უნდა დავივიწყოთო.

„ხუმარების“ კრიზისის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელებმა, რომლებიც „დესპოტმა ფელიქსმა“ ზაფხულში იყიდა და რომლებშიც საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა, იმედებს ვერ ამართლებენ.

ივნისში „შალკეს“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი და ესპანელი გამთამაშებელი მანუელ ხურადო იყვნენ. 66 დღეა, ჰუნტელაარს გოლი არ გაუტანია, ხურადო კი სათადარიგოთა სკამზე ზის. ამ ორ ფეხბურთელში გელზენკირხენელებმა ზაფხულში 27 მილიონი ევრო დახარჯეს.


ჰუნტელაარი 14 მილიონი ღირდა და „შალკეს“ „მილანიდან“ მიაშურა. ეს იყო გელზენკირხენელთა ყველა დროის ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი. 24 წლის ხურადო კი ლევან ყენიას გუნდში „ატლეტიკოდან“ გადავიდა და „ხუმარებმა“ მადრიდულ კლუბს 13 მილიონი გადაუხადეს.

ჰოლანდიელი თავდამსხმელი თავიდან გოლების გატანს ახერხებდა, ახლა კი ორ თვეზე მეტია, აღარ უხეირია. მისი უკანასკნელი გოლი ბუნდესლიგაში 13 ნოემბრით თარიღდება - „ვოლფსბურგთან“ მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა. არადა, პირველ 10 მატჩში მას უკვე 7 გოლი ჰქონდა გატანილი და გელზენკირხენში ყველა იმას ამბობდა, ჰუნტელაარმა იმედები გაამართლაო. „თავდამსხმელებს კრიზისული პერიოდი ყოველთვის აქ ხოლმე. გოლებს მუდმივად ვერ გაიტან. პირადად მე ამის გამო არ ვნერვიულობ,“ - ამბობს ჰუნტელაარი.


ჰოლანდიელი გარკვეულწილად მართალია, აი, ხურადოს შემთხვევაში კი საქმე უფრო ცუდადაა. „ჰამბურგთან“ ესპანელს ძირითად შემადგენლობაში არც უთამაშია. ხურადომ მიმდინარე სეზონში შეუცვლელად მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია. სწორედ ამიტომ, მაგათი პირველ რიგში სწორედ ნახევარდაცვას აკრიტიკებს ხოლმე.


ჯონსი ბლექბერნისკენ

ამასობაში, „შალკემ“ მაგათის მიერ სამუდამოდ ათვალწუნებული საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი ინგლისურ „ბლექბერნში“ გაანათხოვრა - აშშ-ის ნაკრების ნახევარმცველის არენდის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდეა და თანაც, „ბლექბერნს“ ჯონსის შესყიდვის უპირატესი უფლება აქვს. „როვერსის“ მწვრთნელის, სტივ კინის თქმით, ეს მისი გუნდისთვის ფანტასტიკური ტრანსფერია, რადგან „ბლექბერნს“ გაძლიერება ყველაზე მეტად ნახევარდაცვის ცენტრში სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერმეინ ჯონსი „შალკეში“ 2007 წელს, ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ უფასოდ გადავიდა. მას მერე მან გელზენკირხენული კლუბის ფორმით ბუნდესლიგაში 70 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 2009/2010 წლების სეზონში ჯონსს უმძიმესი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მთელი სეზონის მანძილზე არ უთამაშია. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მწვრთნელის პოსტზე მაგათი დახვდა, რომელთანაც ურთიერთობა თავიდანვე დაეძაბა. 27 ნოემბერს, „კაიზერსლაუტერნთან“ 0:5 წაგების შემდეგ, მაგათმა ჯონსი გუნდიდან გააგდო და შალკე II-ში გადაისროლა, რის შემდეგაც ცხადი იყო, რომ „შალკე“ ჯერმეინს იანვარში აუცილებლად გაასხვისებდა.


პროფესიული კონტრაქტი დრაქსლერს

„შალკემ“ პროფესიული კონტრაქტი (2014 წლამდე) გაუფორმა ახალგაზრდა ფეხბურთელ იულიან დრაქსლერს, რომელსაც „ჰამბურგთან“ ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა. იგი 17 წლის და 117 დღისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ „შალკეს“ ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გელზენკირხენული კლუბის მაისურით ბუნდესლიგაში ითამაშა. დრაქსლერი 2001 წლიდან „შალკეს“ წევრია და გერმანიის 18-წლამდელთა ნაკრებში შვიდი თამაში აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული