იცით, რითი ვჯობივართ ბაიერნს?

AutoSharing Option

ერთ დროს მისტერ არავინ, დღეს უკვე ჰერ სლომკაა

„ჰანოვერს“ ბუნდესლიგის პირველი წრე არასდროს ჩაუტარებია ისე კარგად, როგორც მიმდინარე სეზონში ჩაატარა და არასდროს დაუწყია სეზონის მეორე ნახევარი ისეთი გამარჯვებით, როგორითაც კვირას დაიწყო (3:0 ფრანკფურტში). რაც ყველაზე საინტერესოა, „ჰანოვერი“ 18 ტურის შემდეგ არასდროს ყოფილა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა. მუდმივად საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის გუნდი, რომელიც უპირველესი მიზანი ყოველთვის პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა ხოლმე, უცებ ევროსაგზურებისთვის იბრძვის და დღევანდელი გადასახედიდან, თამამად შეუძლია, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზეც კი იოცნებოს. საიდან? როგორ? რანაირად? „ჰანოვერის“ მთავარმა მწვრთნელმა

მირკო სლომკამ ამ და სხვა კითხვებს „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.


- ჰერ სლომკა, 18 ტურის შემდეგ თქვენი გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. როგორ ახსნით „ჰანოვერის“ სასწაულს?
- თუ მარტივი ახსნა გნებავთ, მიზეზი სულ სამია. პირველი და უმთავრესი კარგი ფიზმომზადებაა - ჩემს შეგირდებს 90-ე წუთზეც კი მაქსიმუმის გაღება შეუძლიათ და ფაქტობრივად არ იღლებიან. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ჩამოყალიბებული სტრატეგიაა, რომელსაც არასდროს ვუხვევთ. ჩემი ბიჭები ბურთს საკმაოდ იშვიათად ეხებიან, დაცვაში კომპაქტურად და სტაბილურად დგანან, წინა ხაზში კი ძალიან სწრაფი და სწრაფად მოაზროვნე ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც კონტრშეტევებისთვის ზედგამოჭრილები არიან. ამ ყველაფერს კი იდეალური გუნდური სულისკვეთება ემატება. ბიჭები თავისუფალ დროსაც თითქმის სულ ერთად არიან ხოლმე.
- „ჰანოვერის“ მთავარი მწვრთნელი ზუსტად ერთი წლის წინ გახდით და იმ დროს გუნდი გასავარდნ ზონაში იყო. ერთი წლის შემდეგ „ჰანოვერი“ მეორე ადგილზეა. როგორ მოახერხეთ ეს ყოველივე?
- შარშან მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას რომ გადავურჩით, ეს ისე გვიხაროდა, თითქოს გერმანიის ჩემპიონები გავხდით. როცა გუნდს ელიტიდან გავარდნა ემუქრება, უმძიმესი წნეხის ქვეშ ექცევა ხოლმე და რაკი გადავრჩით, ტვირთი მოვიშორეთ და მაგრად ვიზეიმეთ. მას მერე „ჰანოვერში“ ძალიან კარგი, იდეალური ატმოსფეროა. გუნდური სულისკვეთება არც მაშინ შერყეულა, როცა გერმანიის თასს პირველივე ეტაპზე გამოვეთიშეთ.
- ბევრისთვის ეს აუხსნელი და დაუჯერებელი ფენომენია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, „ჰანოვერი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნომერ პირველი მდევარია.
- სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ასეა, მაგრამ განა ვინმე იტყვის, რომ „ჰანოვერი“ გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძვის ან იბრძოლებს? ეს აფსურდია. ბუნდესლიგის მწვრთნელების შეკრებაზე „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს უკვე მივულოცე გერმანიის ჩემპიონობა. ეჭვი არ მეპარება, რომ დორტმუნდელები „ვერცხლის სინს“ დაისაკუთრებენ. თუმცა კლოპმა ჩემი მილოცვა არ მიიღო, ძალიან ფრთხილობს და მე მესმის მისი. თუმცა ფაქტია, რომ „ბორუსიას“ ჩემპიონობა უკვე გარდაუვალია.
- გასაგებია, „ჰანოვერს“ ჩემპიონობის კანდიდატად მაინც არავინ მიიჩნევს, მაგრამ თქვენი გუნდი მიუნხენის „ბაიერნს“ ოთხი ქულით უსწრებს და ეს ყველაფერი სეზონის დასაწყისში კი არ ხდება, როცა ბევრი რამ თავდაყირაა ხოლმე, არამედ მე-18 ტურის შემდეგ, როცა სეზონის ნახევარი უკვე გავლილია...
- ჰო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჰანოვერი“ „ბაიერნზე“ ძლიერია. მიუნხენური კლუბი ყოველთვის დომინანტია, ჩვენ კი დაცვით ფეხბურთს ვთამაშობთ და წარმატების მიღწევას უმეტესად კონტრშეტევებით ვცდილობთ ხოლმე. „ჰანოვერს“ „ბაიერნამდე“ ძალიან ბევრლი აკლია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემი გუნდი რეკორდმაისტერზე ეფექტურია. ყოველ შემთხვევში, ჯერჯერობით მაინც.
- და თქვენი მიზანია, რომ სეზონი „ბაიერნზე“ წინ დაასრულოთ?
- ჩვენ სხვებს არ ვუყურებთ და მხოლოდ საკუთარ თამაშებსა და შედეგებზე ვფიქრობთ. ანაც, ვის უნდა შევეჯიბროთ, „ბაიერნს“, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო, გერმანიაში კი დუბლი შეასრულა? თუმცა მე არ ვარ სხვა მწვრთნელებივით ფრთხილი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან გვინდა მეორე ადგილის შენარჩუნება.
- „აინტრახტთან“ მატჩის წინ ძალიან ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა გამოცდილი მეკარე ფლორიან ფრომლოვიტცი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდეთ და კარში ახალგაზრდა, გამოუცდელი კიპერი ცილერი ჩააყენეთ. ყველას ის დრო გაახსენდა, როცა „შალკეს“ წვრთნიდით და იქაც ამოაგდეთ სასტარტოდან გამოცდილი მეკარე ფრანკ როსტი და გზა გაუხსენით მანუელ ნოიერს, რომელსაც მაშინ არავინ იცნობდა, დღეს კი გერმანიის ნაკრების პირველი ნომერია. ამასობაში, „ბაიერნშიც“ იგივე მოხდა – გაგიკვირდათ, ლუის ვან გაალმა თომას კრაფტი რომ გააპირველა, ჰანს-იორგ ბუტი კი სათადარიგოთა სკამზე რომ გადასვა?
- ცილერის პირველ მეკარედ დასახელება ძალიან გამიჭირდა, რადგან ფრომლოვიტცი დიდი ხანია, „ჰანოვერში“ თამაშობს და აქ ყველას უყვარს. წარმოგიდგენიათ, რამხელა კრიტიკა დამატყდებოდა თავს,. „აინტრახტთან“ ცილერს შეცდომები რომ დაეშვა? პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი – ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა „შალკეს“ ფანების უსაყვარლესი როსტი სკამზე გადავსვი, ნოიერი კი კარში ჩავაყენე, თანაც, „ბაიერნთან“! რაც შეეხება მიუნხენურ კლუბში მომხდარ ცვლილებას, ვფიქრობ, ვან გაალი სწორად მოიქცა. ბუტს პირველ წრეში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ კრაფტი ნამდვილად იმსახურებდა შანსის მიცემაც. ბავარიელები ახლა სეზონის მეორე ნახევარს ნაყოფიერად გამოიყენებენ იმ თვალსაზრისით, რომ კრაფტს კარგად გამოცდიან და ზაფხულში უკვე ეცოდინებათ, ახალი მეკარე სჭირდებათ თუ შეუძლიათ, რომ კრაფტს ენდონ.
- სეზონის ბოლოს „ჰანოვერთან“ კონტრაქტი გიმთავრდებათ და ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაგიფორმებიათ. რატომ?
- რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი. პირდაპირ გეტყვით, რომ ფულს ან ძალაუფლებას საქმე არ ეხება.
- სხვა კლუბებისგან გაქვთ შემოთავაზებები?
- რამდენიმე კლუბი მართლაც არის დაინტერესებული, მაგრამ მხოლოდ დაინტერესებულია და მეტი არაფერი. ეს ყოველთვის ასეა ხოლმე, როცა მწვრთნელს ან ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება. იმასაც გულახდილად ვიტყვი, რომ „ჰანოვერის“ გარდა არცერთ კლუბზე არ ვფიქრობ.
- შაბათს თქვენს ყოფილ გუნდს, „შალკეს“ ეთამაშებით. ხელშეკრულებას მანამდე ხომ არ მოაწერთ ხელს?
- „შალკესთან“ ძალიან მძიმე მატჩი გველის. გამორიცხული არ არის, რომ ახალი კონტრაქტი შაბათამდე გაფორმდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული