პირველ ოფიციალურ მატჩში, "ბაიერნის" შემადგენლობაში მთავარი ამბავი ის იყო, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა არიენ რობენი, რომელმაც გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა. მარტის შემდეგ პირველად იყო სასტარტოში დავიდ ალაბა.
ასევე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე ახალბედა დუგლას კოშტა, იმ დროს, როცა არტურო ვიდალმა სათადარიგოთა სკამზე დაიკავა ადგილი. ტრავმის გამო არ იყვნენ განაცხადში ფრანკ რიბერი, ხავი მარტინესი, დანტე, ჰოლგერ ბადშტუბერი და იან კირხოფი.
"ბაიერნმა" 4-1-4-1 სისტემით ითამაშა. ფილიპ ლამმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, თომას მიულერი წინ ეხმარებოდა რობერტ ლევანდოვსკის.
"ვოლფსბურგში" კითხვის ნიშნის ქვეშ იყო კევინ დე ბრუინის, ივან პერიშიჩისა და ბას დოსტის თამაში, თუმცა სამივენი ძირითადში იყვნენ. დიტერ ჰეკინგის გუნდი 4-2-3-1 სქემით მოქმედებდა. მოულოდნელად, სათადარიგოთა სკამზე დარჩა "მგლების" მთავარი შენაძენი მაქს კრუზე. კარში კი კოენ კასტელსი ჩადგა, რადგან ძირითადი მეკარე დიეგო ბენალიო ტრავმირებული იყო. ასევე ტრავმის გამო არ თამაშობდა ექსბაიერნელი ლუიშ გუსტავო.
* * *
პირველმა ტაიმმა ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა. "ბაიერნის" ფეხბურთელებს აქტიურობა არ აკლდათ, მაგრამ სიზუსტე (მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ზუსტი დარტყმა) არ ჰყოფნიდათ. მერვე წუთისთვის რეკორდმაისტერს ორი მომენტი ჰქონდა შექმნილი, აქედან ერთხელ დუგლას კოშტამ ძელს გაარტყა ბურთი. ბრაზილიელი ძალიან აქტიური იყო ფლანგზე. 26-ე წუთზე მან ასპროცენტიანი მომენტი შეუქმნა ლევანდოვსკის, მაგრამ პოლონელმა ორი მეტრიდან კარგად ვერ დაარტყა."ვოლფსბურგი" უპასუხოდ არ ტოვებდა მეტოქის აქტიურობას. "მგლების" რიგებში ყველაზე მეტად პერიშიჩი და დე ბრუინი აქტიურობდნენ, რომლებიც პირველი შესაძლებლობისთანავე ქმნიდნენ მომენტებს ნოიერის კართან. 42 წუთზე დე ბრუინმა ცარიელ კარში ვერ მოახვედრა ბურთი.
მეორე ტაიმი "ბაიერნისთვის" ძალიან კარგად დაიწყო. 49-ე წუთზე არიენ რობენმა გახსნა ანგარიში მარცხენა ფლანგზე კოშტას შესანიშნავი მოქმედების შემდეგ. ბრაზილიელი ფინტით გასცდა ვიეირინიას და კარის გასწვრივ ჩააწოდა. ლევანდოვსკის ხელი შეუშალეს, მაგრამ იქვე გაჩნდა ჰოლანდიელი და იოლად გაიტანა.
73-ე წუთზე "ბაიერნის" რიგებში შედგა არტურო ვიდალის დებიუტი. ჩილელმა ტიაგო ალკანტარა შეცვალა. "ვოლფსბურგს" ანგარიშის გათანაბრება მართებდა და გააძლიერა ზეწოლა ნოიერის კართან. მაგრამ დრო გადიოდა და მიუნხენელები სეზონში პირველ ტიტულს უახლოვდებოდნენ. მე-80 წუთზე ვიეირინიას დარტყმული მეკარემ აიღო, მაგრამ 89-ე წუთზე ნიკლას ბენდტნერმა დაასრულა სწრაფი კონტრშეტევა - 1:1.
სუპერთასის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. "ვოლფსბურგის" რიგებში ყველამ ზუსტად დაარტყა, "ბაიერნში" კი არ გაუმართლა ჩაბი ალონსოს, რომლის დარტყმული კასტელსმა მოიგერია.
"სუპერმატჩი ვიხილეთ, რომლის დროსაც მაღალი ტემპი ბოლომდე იყო შენარჩუნებული. "ბაიერნს" რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა.
"რა თქმა უნდა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ტიტული ტიტულია. ცუდია, რომ ასე გამოვიდა. კარგად ვთამაშობდით, მომენტებიც გვქონდა. ყველაფერი გავაკეთეთ მოგებისთვის, მაგრამ იძულებული ვარ, "ვოლფსბურგს" მივულოცო. მათ კარგად ითამაშეს", - ეს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია.
ესპანელი მაინც ვერ ეღირსა გერმანიის სუპერთასს. 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში, გვარდიოლამ "ბაიერნში" თავის პირველ ოფიციალურ მატჩში წააგო ეს ტიტული "დორტმუნდთან" - 2:4. ერთი წლის შემდეგ ანალოგიური პრიზისთვის ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და "ბორუსიამ" ისევ მოიგო - 2:0.
ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:1 (პენ. 5:4)
გოლები: 0:1 რობენი (49), 1:1 ბენდტნერი (89)
პენალტები: 0:1 ვიდალი, 1:1 როდრიგესი, 1:1 ჩაბი ალონსო (მეკარე), 2:1 დე ბრუინი, 2:2 რობენი, 3:2 შიურლე, 3:3 ლამი, 4:3 კრუზე, 4:4 დიეგო კოშტა, 5:4 ბენდტნერი
ვოლფსბურგი: კასტელსი, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, პერიშიჩი (70. კრუზე), გილავოგი, არნოლდი, კალიჯური (63. შიურლე), დე ბრუინი, დოსტი (70. ბენდტნერი).
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა, ჩაბი ალონსო, რობენი, ტიაგო ალკანტარა (74. ვიდალი), მიულერი (84. გიოტცე), დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი (72. რაფინია).
კარში დარტყმა: 14(7)-13(1) ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 1-5 ბურთის ფლობა: 45%-55%
გაფრთხილება: გილავოგი, ნალდო, პერიშიჩი - დიეგო კოშტა, ვიდალი
მაყურებელი: 30 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"