შვაინი ათიანში არ ვარგა!

AutoSharing Option

ბასტიან შვაინშტაიგერი უკმაყოფილოა იმით, რომ ლუის ვან გაალი ბოლო დროს გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშებს. წარმოგიდგენთ ანალიზს, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ „ბაიერნის“ ნახევარმცველი ცამდე მართალია, როცა ამბობს, რომ მისი ადგილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეა.


როცა კარგი ამინდია, ბასტიან შვაინშტაიგერს ავიწყდება ყველა პრობლემა, რაც მიუნხენის „ბაიერნს“ დღესდღეობით აქვს. კვირის დასაწყისში მიუნხენში მზემ გამოანათა და შვაინიც მაშინვე თავის საყვარელ ადგილზე გაჩნდა - მიუნხენში საცოლე სარა ბრანდნერთან და თანაგუნდელ ჰოლგერ ბადშტუბერთან ერთად კაფე „ბოქსს“ ესტუმრა და ხეირიანად განიტვირთა.

„მიუნხენერ თაგესცაითუნგის“ კორესპონდენტი, რომელიც ბასტიანს კაფე „ბოქსში“ შეხვდა,

წერს, შვაინი კარგ ხასიათზე კი იყო, მაგრამ თან „ვოლფსბურგთან“ ორი ქულის დაკარგვის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდაო - მით უმეტეს, რომ „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგისგან“ გოლი მატჩის მიწურულს სწორედ შვაინშტაიგერის უპატიებელი შეცდომის გამო გაუშვა. ამიტომაცაა, რომ ბასტიანი თავს დამნაშავედ გრძნობს. არადა, მატჩის წინ თვითონ ამბობდა, პირველ წრეში ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელთა გამეორება სეზონის მეორე ნახევარში არაფრისდიდებით არ შეიძლებაო.

მოკლედ, ბასტიანი ბუნდესლიგის მეორე წრისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ პირველივე ტურში იმედი გაუცრუვდა, „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგთან“ ვერ მოიგო, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩამორჩენა კი 16 ქულამდე გაიზარდა, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელებმა ჩემპიონობაზე ფიქრი უნდა შეწყვიტონ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.

თუმცა ბასტიანი „ვოლფსბურგთან“ მატჩის დაწყებამდე, უფრო სწორად, მოედანზე გასვლამდეც იმედგაცრუებული იყო, რადგან ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა შვაინი ნაცვლად მისი უსაყვარლესი პოზიციისა (საყრდენი ნახევარმცველი), გამთამაშებლის პოზიციაზე გაამწესა.

ბასტიანს კი ჯერ კიდევ მოსამზადებელ შეკრებაზე, დოჰაში ყოფნის დროს ჰქონდა ნათქვამი, ჩემი ადგილი თავდამსხმელის უკან არ არისო. „ვფიქრობ, ისევ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უნდა ვითამაშო. თავიდან სწორედ ასე ვიყავით შეთანხმებულები და ვან გაალიც ყოველთვის საყრდენად მათამაშებდა. ჩემთვის „ექვსიანის“ პოზიციაა ზედგამოჭრილი, ან „რვიანისა“, „ათიანის“ ადგილზე კი თავს ისე კარგად ვერ ვგრძნობ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება,“ - ამბობდა შვაინშტაიგერი იანვრის დასაწყისში. 26 წლის ნახევარმცველმა დოჰადან ჩამოსვლის შემდეგ ვან გაალს პირადი საუბრის დროსაც უთხრა, რომ მისი ადგილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეა, მაგრამ...

2010 წელი შვაინშტაიგერის კარიერაში უდავოდ საუკეთესო იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორედ 2010 წელს ითამაშა მან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე როგორც „ბაიერნში“, ისე გერმანიის ნაკრებშიც, სწორედ „ექვსიანის“ ადგილიდან ჩამოყალიბდა შვაინი სუპერვარსკვლავად. გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო „ათიანი“, ლეგენდარული გიუნტერ ნეტცერიც ამბობს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბასტიანის ადგილი არა თავდამსხმელის უკან, არამედ დაცვის წინააო.

სტატისტიკა ამტკიცებს, რომ შვაინშტაიგერი ცამდე მართალია, რადგან იდეალურად მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა საყრდენადაა გამწესებული - ექვსიანის პოზიციაზე ბასტიანი ბურთს მინიმუმ 90-ჯერ (ვერდერთან მატჩში) და მაქსიმუმ 126-ჯერ (კაიზერსლაუტერნთან) ეხებოდა. აი, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ბურთთან მინიმალური კონტაქტი 47 ჰქონდა, მაქსიმალური კი 85. ამასთან, ბასტიანის საყრდენის პოზიციიდან უფრო ხშირად გააქვს გოლები, ვიდრე გამთამაშებლისა: ბუნდესლიგაში ორი გოლი აქვს, ერთი „ექვსიანის“ რანგში, ერთი კი „ათიანისა“. „ვერდერთან“ გერმანიის თასის შეხვედრაში დუბლი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციიდან შეასრულა. ესეც რომ არ იყოს, „ექვსიანის“ პოზიციაზე გამწესებული შვაინშტაიგერი გაცილებით მეტ ორთაბრძოლას იგებს (საშუალოდ 49.13 პროცენტი), ვიდრე როგორც გამთამაშებელი (40.25 პროცენტი). იგივე ითქმის ზუსტი პასების კვოტაზეც: 86.86 პროცენტი როგორც საყრდენი, 82.63 პროცენტი როგორც გამთამაშებელი.

„შვაინშტაიგერი სწორედ „ექვსიანის“ პოზიციაზე გაბრწყინდა და თავისი საუკეთესო თვისებებიც დაცვის ხაზის წინ გამწესებულმა გამოავლინა. ვფიქრობ, ვან გაალმა ბასტიანს პოზიცია იმიტომ შეუცვალა, რომ უცებ ასე დასჭირდა, მაგრამ ფაქტია, შვაინი „ათიანის“ პოზიციაზე გაცილებით ცუდად გამოიყურება და სწორედ ეს არის მთავარი“, - აცხადებს ნეტცერი.

ექსპერტების აზრით, პრობლემა ის არის, რომ საყრდენი ნახევარმცველის ორ პოზიციაზე (4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში) უდიდესი კონკურენცია გაჩნდა. გარდა იმისა, რომ ანატოლი ტიმოშჩუკი შესანიშნავ ფორმაშია და პირველი წრე ძალიან კარგად ჩაატარა, ბავარიელებმა იანვრის დასაწყისში „ჰოფენჰაიმიდან“ ლუის გუსტავო იყიდეს, რომელიც ასევე ძირითად შემადგენლობაში უნდა თამაშობდეს. თანაც, „ბაიერნს“ ხომ მარკ ვან ბომელიც ჰყავს, რომელსაც მართალია, აქვს უფლება, რომ მიუნხენიდან წავიდეს, მაგრამ ჯერ არ წასულა და თუ ვან ბომელი გუნდშია, აუცილებლად უნდა თამაშობდეს, რადგან სხვა თუ არაფერი, ჰოლანდიელი გუნდის კაპიტანია. გასულ სეზონში ვან ბომელისა და შვაინშტაიგერის დუეტი ნახევარდაცვის ცენტრში იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ ვან გაალი ფლეიმეიქერად თომას მიულერს ათამაშებდა ხოლმე.

რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა და ვან გაალმაც კარგად იციან, რაც უნდა შვაინშტაიგერს და იციან ისიც, რომ როცა ბასტიანი „ბაიერნთან“ კონტრაქტის 2016 წლამდე გაგრძელებას თანხმდებოდა, იმედი ჰქონდა, რომ თავის საყვარელ პოზიციაზე ათამაშებდნენ.

შვაინშტაიგერის სტატისტიკა საყრდენის პოზიციაზე

მატჩი მოგ. ორთ. კონტ. ბურთთან პასები
ფრაიბურგთან 64% 104 90%
ჰამბურგთან 35% 113 82%
მაინცთან 50% 97 82%
ჰოფენჰაიმთან 38% 117 89%
კიოლნთან 33% 124 83%
ვერდერთან 56% 90 85%
კაიზერსლაუტერნთან 50% 126 87%
ვოლფსბურგთან 67% 115 97%


შვაინშტაიგერის სტატისტიკა გამთამაშებლის პოზიციაზე

მატჩი მოგ. ორთ. კონტ. ბურთთან პასები
ვოლფსბურგთან 10% 76 77%
ზანკტ პაულისთან 47% 73 78%
შალკესთან 36% 80 88%
აინტრახტთან 50% 68 82%
ლევერკუზენთან 47% 78 86%
ნიურნბერგთან 36% 47 85%
გლადბახთან 53% 85 85%
დორტმუნდთან 43% 74 80%






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული