...მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს

AutoSharing Option

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა, ბრემენის „ვერდერში“ ეჭვი ჯერჯერობით არავის ეპარება იმაში, რომ ზაფხულში ნაყიდი ავსტრიელი ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი კარგი ფეხბურთელია. თუმცა თავდამსხმელის ხარისხი გოლების რაოდენობით იზომება, 21 წლის არნაუტოვიჩს კი ბუნდესლიგაში გოლი ძალიან დიდი ხანია, არ გაუტანია.

თვითონ განსაჯეთ: არნაუტოვიჩის უკანასკნელი გოლი 28 აგვისტოთი თარიღდება, როცა მარკომ გოლი „კიოლნთან“ შეხვედრაში გაიტანა. მას მერე ახალგაზრდა ავსტრიელმა ბუნდესლიგაში მოედანზე 827 წუთი დაჰყო და ერთხელაც არ უხეირია. ამდენი ხნის მანძილზე გოლი რომ არ გამიტანია, ცხადია, ამის

გამო ნერვები მეშლებაო, აღიარებს ავსტრიელი „კიოლნთან“ უკვე მეორე წრის მატჩის წინ, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს და იქვე დასძენს: „მაგრამ ფაქტია, რომ ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ!“

არნაუტოვიჩი ამ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს - „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელი თომას შააფიც ადასტურებს, რომ მარკო მეორე წრეში გაცილებით უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. პირველ თვეებში არნაუტოვიჩი ასი პროცენტით ამართლებდა იმ შეფასებებს, რასაც ჰოლანდიელი ან იტალიელი ჟურნალისტები „ტვენტეში“ ან „ინტერში“  თამაშის დროს უძღვნიდნენ: ყველაფერი ეზარებოდა, ბევრს ერთობოდა, ვარჯიშებზე ყოველთვის გამოუძინებელი იყო და ა.შ. ახლა კი შედარებით გამოსწორდა, რაც თუნდაც იმაზე ეტყობა, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, „მეზე“ ხშირად „ჩვენს“ ხმარობს: „ცხადია, უფრო მეტი გოლები უნდა გამქონდეს და ქომაგები ჩემგან პირველ რიგში გოლებს ითხოვენ, მაგრამ კარგი იქნება, თანაგუნდელები უკეთეს პასებს რომ მაძლევდნენ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ თამაშები მოვიგოთ, ჩემი გოლები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იქნება.“

ბრემენული კლუბის შეფი კლაუს ალოფსი ადასტურებს, არნაუტოვიჩი გამოსწორდაო, რაც მას შააფის დამსახურებად მიაჩნია, რომელიც თურქეთში მოსამზადებელი შეკრების დროს „რთულად აღსაზრდელ“ ავსტრიელს საათობით ელაპარაკებოდა. ალოფსის თქმით, თომასის წვრთნამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. „არნაუტოვიჩმა უნდა გაითავისოს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიუდგება ვარჯიშებს, თამაშებს და საერთოდ ცხოვრებას. ჩვენ მის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფული გადავიხადეთ და ცხადია, საპასუხო შედეგებსაც ველით,“ - ამბობს ალოფსი.

გასულ უქმეებზე, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში, რომელიც ბრემენელებმა 2:1 მოიგეს, შააფმა ისევ ორი თავდამსხმელით ითამაშა და წინა ხაზში არნაუტოვიჩი-პისაროს ტანდემი ჰყავდა გამწესებული.

პირველ წუთებში ავსტრიელი და გამოცდილი პერუელი ერთმანეთს ცუდად უგებდნენ, რადგან მარკო ხშირად ისევ ეგოისტურად იქცეოდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და სხვათა შორის, პისარომ გოლი სწორედ მარკოს პასით გაიტანა.

იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდებაო, აცხადებს არნაუტოვიჩი და სხვათა შორის, იგივეს იმედოვნებს პისაროც, რომელიც იანვრის დასაწყისში მარკოს მაგრად აკრიტიკებდა. „ის მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული და სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყოს. არნაუტოვიჩი ისეთ ასაკშია, რომ თუ ახლავე არ დასერიოზულდა, მერე აღარაფერი ეშველება!“ - ამბობდა პისარო ბელეკში ყოფნის დროს. დღეს კი კლაუდიოც აცხადებს, რომ არნაუტოვიჩი გაცილებით უკეთ გამოიყურება. როგორც ჩანს, ჭკუა მართლაც ისწავლა და ერთადერთი, რაც ახლა აკლია, გოლებია, თორემ აქამდე მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი - ორი „კიოლნთან“, აგვისტოს ბოლოს და ერთიც ჩემპიონთა ლიგაში, ყოფილი გუნდის, „ტვენტეს“ წინააღმდეგ.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული