ბუნდესლიგა. XIX ტურის წინ: დორტმუნდში "შტუტგარტიც" განწირულია?

AutoSharing Option
ბუნდესლიგა კვლავ დორტმუნდის „ბორუსიას“ „გარშემო ტრიალებს“ - ერთპიროვნული ლიდერი დღეს „შტუტგარტის“ სახით ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს უმასპინძლებს. „ბაიერნი“ „კაიზერსლაუტერნზე“ შურისძიებას შეეცდება, ხვალ აუტსაიდერი „გლადბახი“ „ლევერკუზენს“ მიიღებს, „ჰოფენჰაიმი“ კი  „ზანკტ პაულის“.

 

ლაბადიას კლოპი გამოცდის

თუ სატურნირო ცხრილის მიხედვით ვიმსჯელებთ, „დორტმუნდს“ „შტუტგარტის“ დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ „ბორუსიას“ ფეხბურთელებს მაინც სიფრთხილე მართებთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „შტუტგარტს“ გაცილებით მეტი შეუძლია, რაც ყველამ იცის და თანაც, შვაბთა მწვრთნელი ბრუნო ლაბადია „ახალი ცოცხია, რომელიც ჯერჯერობით კარგად გვის.“

 

„ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპს ისევ არ სურს ჩემპიონობაზე ლაპარაკი -

მიუხედავად იმისა, რომ მეორეადგილოსან „ჰანოვერს“ 12 ქულით უსწრებს და თანაც, „ჰანოვერი“ არ არის და ვერც იქნება BVB-ს მთავარი კონკურენტი. დორტმუნდელებს კვლავ არ ეყოლებათ შინჯი კაგავა, რომელიც იაპონიის ნაკრებთან ერთად აზიის თასზე თამაშობს. რაც შეეხება „შტუტგარტს“: შვაბებმა მეორე წრე კარგად დაიწყეს, დაამარცხეს რა „მაინცი“ (1:0), მაგრამ მიუხედავად ამისა, ლაბადიას გუნდი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია.

 

უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა კაკაუს ასპარეზობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაბადიამ თავდასხმაში პაველ პოგრებნიაკთან ერთად მარტინ ჰარნიკი უნდა ათამაშოს, რომელიც აქამდე ყოველთვის ჯოკრის როლში იყო. ეს იმიტომ, რომ „შტუტგარტს“ რუმინელი ფორვარდი ჩიპრიან მარიკაც ტრავმირებული ჰყავს.

 

 

"ბაიერნს" რევანში სწყურია

გახსოვთ, როგორ მოუგო დებიუტანტმა „კაიზერსლაუტერნმა“ პირველი წრის მეორე ტურში მიუნხენურ გრანდს (2:0)? სწორედ ამიტომ, ბავარიელები შურისძიებისთვის ემზადებიან. თანაც, ლუის ვან გაალის გუნდმა მეორე წრე ცუდად დაიწყო (1:1 ვოლფსბურგთან) და შესაბამისად, რეკორდმაისტერი უბრალოდ ვალდებულია, „ლაუტერნთან“ მხოლოდ სამი ქულა მოიპოვოს. თუმცა მიუნხენში უკანასკნელ ოპტიმისტებსაც კი აღარ სჯერათ, რომ „ბაიერნი“ ჩემპიონი გახდება. ბავარიელთა რეალური მიზანი ახლა მეორე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრაა - ხომ იცით, 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში უნდა ჩატარდეს.


მაგრამ „ბაიერნს“ საკადრო პრობლემები არ ელევა. გუნდის „მარგალიტი“ არიენ რობენი გამოჯანმრთელდა თუ არა, მეორე „მარგალიტმა“ ფრანკ რიბერიმ მაშინვე ტრავმა მიიღო და ფრანგი დრიბლიორი დღეს ვერ ითამაშებს. მიუხედავად ამისა, „კაიზერსლაუტერნთან“ მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი სერიოზულ წარუმატებლობად იქნება მიჩნეული. „ლაუტერნმა“ ოთხშაბათს გერმანიის თასზე ითამაშა და „კობლენცი“ ძალიან მარტივად, 4:1 დაამარცხა. „ბაიერნთან“ „ეშმაკებს“ მთავარი გოლეადორი, სრდიან ლაკიჩი არ ეყოლებათ (დისკვალიფიკაცია).

 

გელზენკირხენშიც შურისძიების მოლოდინია

ჯერ „მაინცი“ იყო, მერე „ფრაიბურგი“, ახლა კი, მიმდინარე სეზონის ყველაზე სენსაციური გუნდი „ჰანოვერია“. მირკო სლომკას ბიჭები 18 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე არიან და დღეს სლომკას ყოფილ გუნდს, „შალკეს“ მასპინძლობენ. პირველ წრეში „ჰანოვერმა“ გელზენკირხენში 2:1 მოიგო, რის გამოც „შალკეს“ ფანებიც შურისძიებას ითხოვენ. „ხუმარების“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა „ჰამბურგთან“ წაგების შემდეგ შეგირდები ვარჯიშებზე მაგრად „აწამა“ და იმედი აქვს, რომ შედეგს დღევანდელ მატჩში მიიღებს. ფაქტი ერთია: „შალკეს“ ქულები ჰაერივით ესაჭიროება.

 

"ფრაიბურგი" სისეს გარეშე

„ფრაიბურგი“ „ნიურნბერგს“ მასპინძლობს და ცხრილის მიხედვით ფავორიტიცაა, მაგრამ ბრაისგაუელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ და „ფრანკებთან“ თამაში თითქმის ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოუწევთ. თვითონ განსაჯეთ: „ფრაიბურგს“ ლაზარეთში ცხრა ფეხბურთელი ჰყავს. ამ კვირაში „ფრაის“ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მოთამაშე, საყრდენი ნახევარმცველი შუსტერი და მთავარი გოლეადორი სისე დაუშავდა. ეს უკანასკნელი კი ის კაცია, ვინც ამ სეზონში „ფრაიბურგის“ გოლების 58.6 პროცენტი გაიტანა. სხვათა შორის, „ფრაიმ“ პირველ წრეში ნიურნბერგში 2:1 მოიგო და ორივე გოლი სისეს ანგარიშზე იყო.

 

ამ კვირაში „ფრაიბურგმა“ სასწრაფოდ ერიკ იენდრიშეკი იყიდა (შალკედან), რომელმაც თავდასხმაში სისე უნდა შეცვალოს. სხვათა შორის, საკადრო პრობლემები ნიურნბერგელებსაც აქვთ. განსაკუთრებით მტკივნეული გუნდის ლიდერის, ახალგაზრდა ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანის ტრავმაა.

 

„მაინცი“ მეორე წრის სტარტზე „შტუტგარტთან“ კი დამარცხდა (0:1), მაგრამ კარნავალელები მაინც რომელიმე ევროტურნირის საგზურს უმიზნებენ. ერთი კვირის წინ ლუის ჰოლტბიმ ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, მაგრამ მაინცელთა მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის თქმით, „ვოლფსბურგთან“ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. „ვოლფსბურგმა“ წინა კვირას „ბაიერნთან“ ფრე გაახერხა, რაც კარგ შედეგად ჩაითვალა, მაგრამ გუნდის ბოს დიტერ ჰიონესს სატრანსფერო სტრესი აქვს. ვან ბომელი, ჰელმესი, ლაკიჩი - ჩვენი გერმანელი კოლეგები „ვოლფსბურგში“ გადასვლას ყოველდღე არაერთ ფეხბურთელს უწინასწარმეტყველებენ.


შაბათი „კიოლნისა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩითდაიხურება. კიოლნელებმა წინა ტურში კაცნაკლულ „კაიზერსლაუტერნთან“ მხოლოდ ფრეს მიაღწიეს, „ვერდერმა“ კი „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხა და შესაბამისად, „მუსიკოსებში“ საკმაოდ კარგი განწყობაა.

 

დასავლეთის დერბი "ბორუსია პარკზე"

ხვალ ნაშუადღევს ბოლოადგილოსანი „გლადბახი“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს. წინა ტურში მიონხენგლადბახელებმა „ნიურნბერგი“ დაამარცხეს (1:0) და კარგ ხასიათზე არიან, „ლევერკუზენი“ კი „დორტმუნდთან“ დამარცხდა (1:3 საკუთარ „ბაი არენაზე“) და საშინელ ხასიათზეა. შესაძლოა, ბევრს აღარ ახსოვდეს, რომ პირველ წრეში ამ გუნდებლა ლევერკუზენში დიდი სპექტაკლი დადგეს: მაშინ „გლადბახმა“ „ბაიერი“ სტუმრად 6:3 დაამარცხა. იმ თამაშის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე-18 ტურის შემდეგ მხოლოდ სამი მოგება ექნებოდა. „ფარმაცევტებს“ ტრანკუილიო ბარნეტა დაუშავდათ, მიხაელ ბალაკი კი ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ისევ არ იქნება. საღამოს, ერთი კვირის წინ ბრემენში დამარცხებული „ჰოფენჰაიმი“ „ზანკტ პაულის“ მიიღებს.


გუშინ
ჰამბურგი-აინტრახტი 1:0

 

დღეს
ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი)
ტრავმა: კროოსი, რიბერი, ოლიჩი - შიმუნეკი, რივიჩი, მიჩანსკი

 

ბორუსია (დ)-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოვომოიელა, ს. ბენდერი, კელი, კრინგე - ბულარუზი, ჩელოცი, აუდელი, კაკაუ, მარიკა

 

მაინცი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სვენსონი (მაინცი)

 

ფრაიბურგი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პუპლინი, კრმასი, ტოპრაკი, იეგერი, შუსტერი, ვილიამსი, ბეხმანი, სისე, რაიზინგერი - ნილსონი, ფრანტცი, გიუნდოგანი, ბუნიაკუ

 

ჰანოვერი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მილერი, ანდრეასენი, ბიზლი, კარლიტოსი - ჰუგლანდი, ყენია

 

კიოლნი-ვერდერი 21:30
დისკვალიფიკაცია: პრიოდლი (ვერდერი)
ტრავმა: მაკინო, შორხი, ჟაჟალო, პეტიტი, სანუ - ბიონიში, ნალდო, ბოროვსკი, დ. იენსენი, ვესლი

 

ხვალ
ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბობადილია - მ. ფრიდრიხი
ტრავმა: ბრუვერსი - ფერნანდესი, ბარნეტა, ლ. ბენდერი

 

ჰოფენჰაიმი-ზტ. პაული 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გულდე, ობასი - კალა, ლეხნერი, მორენა, ებერსი



თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 18 15 1 2 42-11 46
2. ჰანოვერი 18 11 1 6 28-27 34
3. მაინცი 18 11 0 7 30-20 33
4. ლევერკუზენი 18 9 6 3 36-28 33
5. ბაიერნი 18 8 6 4 32-21 30
6. ფრაიბურგი 18 9 2 7 27-27 29
7. ჰამბურგი 18 8 3 7 28-28 27
8. აინტრახტი 18 8 2 8 24-24 26
9. ჰოფენჰაიმი 18 6 7 5 33-24 25
10. კაიზერსლაუტერნი 18 6 4 8 28-28 22
11. შალკე 18 6 4 8 25-25 22
12. ნიურნბერგი 18 6 4 8 22-29 22
13. ვერდერი 18 6 4 8 25-36 22
14. ვოლფსბურგი 18 4 8 6 25-26 20
15. ზტ. პაული 18 5 3 10 18-32 18
16. კიოლნი 18 4 4 10 19-34 16
17. შტუტგარტი 18 4 3 11 33-35 15
18. ბორუსია (მ) 18 3 4 11 27-47 13

 

ბომბარდირები: 15 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 12 - გომესი (ბაიერნი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული