აი, ასეთი საოცარი სტატისტიკის პატრონია რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ახლა, ალბათ, საუკეთესო ფორმაშია და თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის არა, საუკეთესო ცენტრფორვარდის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს.
უეფას ოფიციალურმა საიტმა მიუნხენელთა 27 წლის ფორვარდთან ექსკლუზიური ინტერვიუ "არსენალთან" მატჩის წინა დღეს შემოგვთავაზა.
- ალბათ, უკვე ბევრჯერ გკითხეს, რას მივაწეროთ თქვენი ასეთ საოცარ ფორმაში ყოფნა...
- კი, მკითხეს, მაგრამ მედიის საქმეც ეს არის. ხანდახან გავიმეორებ ფრაზებს, არ არის პრობლემა.
სულ ვცდილობ, რომ ამას დიდი ყურადღება არ მივაქციო, არ ჩამითრიოს, ტკბობაში არ ჩავვარდე. ენერგია ვარჯიშსა და მომავალ მატჩებში უნდა დავხარჯო. ჩემი მიზანი გოლების გატანაა, გოლების, რომლებითაც ჩემი გუნდი მოიგებს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიწაზე მყარად ვგავარ და ამ აჟიოტაჟს ცივი გონებით ვაანალიზებ. დაე, სხვებმა ილაპარაკონ, წერონ და არჩიონ. მე წინააღმდეგი არა ვარ.
- რამდენად მნიშვნელოვანია ფორვარდისთვის საკუთარი ძალების რწმენა და თუ იყენებთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მცველებზე?
- დიახ, ყოველთვის უნდა გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. ყოველთვის ვიცი, რომ გოლის გატანის შანსები აუცილებლად მექნება. ძალიან მოხარული ვარ, რომ გოლები ბლომად გამაქვს და მსურს, ეს კარგი სერია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
- თქვენი, როგორც ფეხბურთელის არსენალში, რა არის ნატურალური, ბუნებით მონიჭებული და რაზე მუშაობა მოგიწიათ ბევრი?
- ყოველთვის ვცდილობ, თამაშის ყოველ ასპექტში გავძლიერდე. სწორედ ეს არის ბუნებრივი ფეხბურთში - წინსვლისკენ სწრაფვა.
როცა რაღაც დეტალებზე ბევრს მუშაობ, მერე, შენდა უნებურად, აღმოაჩენ, რომ ამას უკვე ავტომატურად აკეთებ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა უფრო კარგი მაქვს, ვიდრე ცაცია, მე ორივეზე მუშაობა მჭირდება.
- როგორ გეპყრობათ ხოსეპ გვარდიოლა მას მერე, რაც ბევრი გოლი გაიტანეთ?
- სხვაობას ვერ ვხედავ, როგორც ადრე მეპყრობოდა მწვრთნელი, ყველაფერი ასევე დარჩა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან ახარებს ჩემი წარმატება. მისი მისიაა, რაც შეიძლება, კარგად ვითამაშოთ მეც და გუნდმაც.
ისიც კარგად ვიცი, რომ შეიძლება მატჩში გოლი ვერ გავიტანო, მაგრამ იმდენად კარგად შევასრულო მისი დავალებები, რომ საბოლოოდ, ის კმაყოფილი დარჩეს. ჩემი გოლები მხოლოდ მე არ მეხმარება, არამედ მთელ გუნდს. მე ისეთი ფორვარდი არა ვარ, საკუთარ შანსს საჯარიმოში ველოდო; ბევრს ვმოძრაობ, პასებსაც ვაკეთებ და მომენტებსაც ვქმნი.
- "ბაიერნი" ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს. როგორ ემზადებით "არსენალთან" მატჩისთვის?
- ახლა "არსენალთან" ზედიზედ ორი მატჩი გველის. მეტოქეს ქულა არა აქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ის მაინც ძლიერ გუნდად რჩება.
ის, რომ ქულები ძალიან ესაჭიროება, ჩვენი საწინააღმდეგო არგუმენტია. ესე იგი, გაორმაგებული ძალით გვეთამაშებიან. "არსენალის" დამარცხება ძალიან გაგვიჭირდება. საინტერესო მატჩები გველის, რომლებშიც, იმედია, ჩვენ გამოვალთ გამარჯვებულები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"