„მუსიკოსების“ ავანჩავანი

AutoSharing Option

ბრემენის „ვერდერი“ სულს ღაფავს, მაგრამ კლუბის ბოსი კლაუს ალოფსი მთავარ მწვრთნელ თომას შააფს მაინც არ ათავისუფლებს. „მუსიკოსების“ შეფი წლებია თომასს ენდობა, „ვერდერი“ უკვე თომასის სახელთან ასოცირდება და ეს გუნდი სხვა მწვრთნელის ხელში ვერავის წარმოუდგენია, მაგრამ განა სადამდე უნდა დაეცეს „ვერდერი“ იმისათვის, რომ ალოფსმა ასეთი ნაბიჯი გადადგას?

 

ალბათ მეორე ბუნდესლიგაში უნდა გავვარდეთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, გუნდში რაღაც შეიცვალოსო, ამბობენ გერმანელი მიმომხილველები და ცხადია, „რაღაცის შეცვლაში“ პირველყოვლისა სწორედ მწვრთნელის შეცვლას გულისხმობენ - „აბა მთელ გუნდს ხომ არ გავყრით“ პრინციპით. საინტერესოა ისიც,

რომ „ვერდერის“ ფანები შააფის წინააღმდეგ ჯერ არ ამხედრებულან. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: ბრემენულ კლუბში ძალიან კომიკური ვითარებაა და ფანების გარკვეულ ნაწილს უკვე ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული - ალოფსი შააფს მაინც არ შეცვლის, თვითონ ალოფსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მორჩა, „ვერდერი“ ცოტა ხანში საშუალო დონის გუნდიც კი აღარ იქნებაო.

„თომას შააფის გათავისუფლებას არა თუ არ ვაპირებთ, არამედ ამაზე არც არავინ ფიქრობს, - აცხადებს ალოფსი და იქვე დასძენს, - ჩვენ ასი პროცენტით ვენდობით სპეციალისტს, რომელმაც თავისი შესაძლებლობები „ვერდერში“ წლების მანძილზე დაამტკიცა და არაფრისდიდებით არ გავათავისუფლებთ კლუბის წინაშე ასეთ ღვაწლმოსილ მწვრთნელს მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ან სამკვირიანი ფსიქილოგიური მუხტი მივიღოთ.“

ბუნდესლიგაში 19 ტურია გამართული და „მუსიკოსებს“ აქედან მხოლოდ ექვსი აქვთ მოგებული. გასულ უქმეებზე „კიოლნთან“ განცდილი სამარცხვინო კრახი კი (0:3) სულაც კრიზისის ზენიტი გახლდათ, პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ „ვერდერი“ დღეისათვის „სულით ხორცამდე“ დაცემულ-განადგურებულია, რადგან „კიოლნთან“ 0:3-ს ასე უბრალოდ არავინ აგებს. შააფის ბიჭები იმ შეხვედრაში მართლაც ისე გაისარჯნენ, როგორც მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებელ გუნდს შეეფერება - როგორც ბერლინის „ჰერტა“ თამაშობდა შარშან ამ დროს.


„სხვების არ ვიცი, პირადად მე კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთელების აბსოლუტურ უმეტესობას „კიოლნთან“ წარმატების მიღწევა არ სურდა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს თანაგუნდელებს მოედანზე არაფერი გამოსდიოდათ და ნაცვლად მცდელობისა, უბრალოდ იდგნენ“, - ეს „მუსიკოსთა“ კარის დარაჯ ტიმ ვიზეს სიტყვებია, რომელიც დასძენს, რომ ბრემენელების უმთავრესი მიზანი ამიერიდან მხოლოდ პირველი ბუნდესლიგიდან არგავარდნა უნდა იყოს.

ორშაბათს შააფმა და ალოფსმა ფეხბურთელები კიდევ ერთხელ (ვინ მოთვლის, მერამდენედ მიმდინარე სეზონში) შეკრიბეს და შეეცადენ, მათთვის საჭირო ლექცია წაეკითხათ. შეხვედრამ სამ საათს გასტანა და იქ გამოთქმული მოსაზრებების შინაარსი, ცხადია, არავინ იცის. სამაგიეროდ, ცნობილი, გადაწყვეტილი და უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ის, რომ ბრემენელები აღარავის ყიდვას არ აპირებენ და პროგრამა მინიმუმის შესრულება არსებული კადრებით სურთ.

„არავის ყიდვას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, არსებულ შემადგენლობასაც ძალუძს თუნდაც იმ მიზნის მიღწევა, რასაც ელიტაში ადგილის შენარჩუნება ჰქვია, სამომავლო გეგმებზე კი უკვე ვმუშაობთ და ზაფხულში მოსალოდნელ ტრანსფერებზე, უმჯობესია, ზაფხულში ვისაუბროთ“, - ამბობს ალოფსი.

ზემოთაც ვთქვით, რომ ბრემენელი ქომაგები შააფს ნაკლებად, თითქმის არ უჩივიან. სამაგიეროდ, „მუსიკოსთა“ ქომაგების საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ალოფსის წინააღმდეგია და მის წასვლას მოითხოვს, თუმცა კლაუსი თავისი ნებით გადადგომას, რა თქმა უნდა, არ აპირებს, გაშვებას კი არ უპირებენ.


შეგახსენებთ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში „ვერდერი“ რეგულარულად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ. ბრემენულმა კლუბმა ბოლო შვიდიდან მხოლოდ ერთხელ არ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შააფის მუშაობის პერიოდში, არავის უნახავს ისეთი საძაგელი და არატიპური „ვერდერი“, როგორიც წელსაა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ 11 წელია, რაც თომას შააფი „ვერდერს“ თავკაცობს.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული