ახლა აღარ არის ბუნდესლიგა მოსაწყენი? რას ამბობდა ანჩელოტი ორი თვის წინათ

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტი მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი იქნება და იტალიელი ამაზე აღფრთოვანებით საუბრობს, მაგრამ სულ რაღაც ორი თვის წინათ, იგი გერმანულ გუნდსა და მის თამაშებს "მოსაწყენს" უწოდებდა...

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში 56 წლის კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მიუნხენელთა ბუნდესლიგურ მატჩებს არ უყურებს, რადგან ზედმეტად მოსაწყენად ეჩვენება. სკანდალებისა და ინტრიგების მოყვარულ ჟურნალისტებსაც, ცხადია, არ გასჭირვებიათ მისი ამ სიტყვების გახსენება-ამოტივტივება.

"ბუნდესლიგას "ბაიერნი" ჯიბეში ხელჩაწყობილი მოიგებს. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მიუნხენური გუნდის მატჩებისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ. რეალური კონკურენცია საერთოდ არ არის" - განუცხადა "კარლიტომ"
ან, თუ გენებოთ, "პაპა კარლომ" "ლა გაძეტა დელო სპორტს" მაშინ.

გამოცდილი სპეციალისტის ახალი განცხადება კი ასეთია:

"ჩემთვის პატივია, რომ მომავალი წლიდან ამ დიდი გუნდის წევრი ვიქნები. როდესაც მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის შესახებ შევიტყვე და წინადადება მივიღე, სხვა შემოთავაზებების განხილვა აღარც მინდოდა. გულწრფელად, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ "ბაიერნსა" და ჩემს მეგობარ პეპ გვარდიოლას ამ სეზონში. ასევე, გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან შობა-ახალ წელს "ბაიერნის" ფანებსა და ყველას".

"კარლო ანჩელოტი ყველგან წარმატებული იყო, მას დიდებული სამწვრთნელო კარიერა აქვს და ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. კარლო დაბალანსებული, დინჯი და ნამდვილი პროფესიონალია. მან იცის, როგორ იმუშაოს ვარსკვლავებთან და როგორ ათამაშოს გუნდი მრავალმხრივად და შემართებით. ჩვენ ზუსტად ამას ვეძებდით და ვიპოვეთ კიდეც", - თქვა მიუნხენელთა აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

სხვათა შორის, "კალემ" ისიც თქვა, ვფიქრობ, ვიცი, სადაც გააგრძელებს კარიერას ხოსეპ გვარდიოლა, მან ახალი კლუბი უკვე აირჩია და გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ ამას მე ხომ არ გავახმოვანებ, პეპი თავად გააკეთებს განცხადებას, როდესაც საჭიროდ ჩათვლისო.

ყველაზე ხშირად "ბარსელონას" ექსთავკაცს "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ.

როგორც იცით, კარლო ანჩელოტი წარმატებული ფეხბურთელიც იყო, იგი ნახევარმცველი გახლდათ და "პარმაში", "რომასა" და "მილანში" თამაშობდა, იტალიის ნაკრებში კი 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მწვრთნელობას, კარიერა "რეჯანაში" დაიწყო, გუნდში, რომლის აკადემიაშიც ბავშვობაში ირიცხებოდა, იგი რეჯოოშია დაბადებული. ამას "პარმა", "იუვენტუსი", "მილანი", "ჩელსი", "პარი სენ-ჟერმენი" და "რეალი" მოჰყვა. მომავალ ზაფხულს კი იგი ხოსეპ გვარდიოლასგან (კონტრაქტი ეწურება) "ბაიერნს" გადაიბარებს და "მოსაწყენ ბუნდესლიგასაც" გაუსინჯავს გემოს.

ანჩელოტიმ მიუნხენელებთან უკვე შეათანხმა სამწლიანი კონტრაქტი.

P.S. მიუნხენის "ბაიერნს" არასოდეს უჯობნია ანჩელოტის გუნდებისთვის. ამიტომაც "ბაიერნის" ფანები ხუმრობენ, რომ ვერაფერი მოვუხერხეთ, თავად კარლიტო შევიძინეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აფერისტ :D :D :D
giga
14:14 23-12-2015
0
ეჰ რა დრო იყო კარლოს მილანი რეებს უშვრებოდა ბაიერნს
შაკო
16:10 23-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული