"შალკე" და "ვოლფსბურგი" გაგიჟდნენ

AutoSharing Option
გუშინ იანვრის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღე იყო და ბუნდესლიგაში რამდენიმე ძალიან საინტერესო გარიგება მოხდა. ტრანსფერებს დეტალურად ამ დღეებში გავაანალიზებთ, ახლა კი მშრალად გთავაზობთ ყველა იმ ტრანსფერს, რაც გერმანიაში გუშინ განხორციელდა.

ბრემენის "ვერდერმა" ახალი ცენტრალური მცველი შეიძინა. რაკი ბრაზილიელი ნალდოს გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა, ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა "მუსიკოსებმა" მისი თანამემამულე, 24 წლის სამუელი გადაიბირეს. სამუელმა "ვერდერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და თუ თომას შააფს თავს მოაწონებს, ზაფხულში სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. სამუელი ბოლოს "სან პაულოს" ღირსებას იცავდა.

"ზანკტ პაულიმ" 22 წლის
მცველი დრობო-ამპემი (მხოლოდ ერთი თამაში ამ სეზონში) სეზონის ბოლომდე დანიურ "ესბერგში" გაანათხოვრა.

"კაიზერსლაუტერნმა" იანვრის სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე პრაღის "სლავიას" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ადამ ჰლუშეკი გადაიბირა. მენეჯერ შტეფან კუნტცის აზრით, ჰლუშეკი "წითელ ეშმაკებს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

"ჰოფენჰაიმმა" თავდამსხმელი პრინს ტაგო ბელგრადის "პარტიზანში" გაანათხოვრა. 24 წლის ფორვარდმა "სოფლელების" ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და შესაბამისად, მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა. "პარტიზანმა" ნიგერიელი თავდამსხმელის უპირატესი შესყიდვის უფლებაც მიიღო.

"შალკეს" მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა გუშინ და გუშინწინ საფეხბურთო გერმანია კიდევ ერთხელ გააოცა. თვითონ განსაჯეთ: გელზენკირხენელებმა ჯერ ვეტერანი ბერძენი თავდამსხმელი ანგელოს ხარისტეასი აიყვანეს, გუშინ კი, მაგათმა 32 წლის ირანელი ნახევარმცველი ალი ქარიმიც გადაიბირა. შეგახსენებთ, რომ ქარიმი "ბაიერნის" ღირსებას სწორედ იმ დროს იცავდა, როცა რეკორდმაისტერს მაგათი წვრთნიდა. მაშინ ირანელმა მიუნხენურ გრანდში ორი სეზონი გაატარა. ქარიმი ბოლოს მშობლიური კლუბის, თეირანის "აზინ სტილის" ღირსებას იცავდა.

ხარისტეასისა და ქარიმის გარდა, "შალკემ" განელი ნახევარმცველი ანტონი ანანიც იყიდა. 24 წლის შუამარბი გელზენკირხენში "რუსენბორგიდან" გადავიდა და სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "შალკეს" ანანი 2 მილიონი ევრო დაუჯდა. სამაგიეროდ, მაგათმა ვერ შეძლო "აინტრახტის" მარჯვენა გარემარბის, პატრიკ ოხსის ყიდვა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელს ფრანკფურტელებთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და დიდი შანსია, რომ მაგათი ოხსს სწორედ ივნისიდან მიუბრუნდეს.

მბოკანის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" ედინ ჯეკოში აღებული მილიონები კიდევ ერთ თავდამსხმელში დააბანდა: "მგლებმა" "ლევერკუზენიდან" 26 წლის გერმანელი ფორვარდი პატრიკ ჰელმესი იყიდეს. ამ უკანასკნელმა "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, "ვოლფსბურგმა" "ლევერკუზენს" 10 მილიონი ევრო გადაუხადა.

ვოლფსბურგელები ამასაც არ დასჯერდნენ და გუშინ კიდევ სამი ტრანსფერი სრულყვეს: გერმანიის ექს-ჩემპიონმა 29 წლის ჩეხი იან პოლაკი გადაიბირა. ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის მოყვარულებს "ნიურნბერგიდან" ეხსომებათ. გარდა ამისა, "მგლებმა" ვენესუელელი ტალანტი, 19 წლის იოანდრი ოროსკოც შეიძინა (კონტრაქტი 2015 წლამდე, ფასი 1.25 მილიონი ევრო). "ვოლფსბურგში" გააგრძელებს კარიერას თურქეთის ნაკრების 29 წლის შემტევი თუნჯაი სანლიც, რომლის სანაცვლოდაც, ინგლისურმა "სტოკ სიტიმ" "მგლებისგან" 4.5 მილიონი ევრო მიიღო.

სამაგიეროდ, ქვემოსაქსონიელებს ჯეფერსონ ფარფანის ტრანსფერი ჩაეშალათ. ეს ინფორმაცია "მგლების" სპორტულმა დირექტორმა დიტერ ჰიონესმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული