ფელიქს, რად გინდა ქარიმი?

AutoSharing Option

გერმანული კლუბების არჩევანი: რაოდენობა ხარისხის ნაცვლად

ისევე, როგორც მთელ ევროპაში, იანვრის ბოლო დღეს საფეხბურთო გერმანიაშიც გაიკრეს ჯიბეზე ხელი. გასულ უქმეებზე და ორშაბათს ბუნდესლიგაშიც რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. პირველი, რაც უნდა ვთქვათ, ისაა, რომ იანვრის ტრანსფერების შედეგაც ყველაზე დიდ "მინუსში" მიუნხენის „ბაიერნი“ გავიდა. ბავარიელებმა მხოლოდ საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავო შეიძინეს და მასში 15 მილიონი ევრო გადაიხადეს. გაშვებული ფეხბურთელებიდან კი მიუნხენურ კლუბს ფული მხოლოდ მარტინ დემიკელისმა მოუტანა - არგენტინელი მცველი „მალაგაში“ 3 მილიონად გაიყიდა. შესაბამისად, „ბაიერნის“ იანვრის ბალანსი მინუს 12 მილიონია. თუმცა აქვე

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზაფხულში ბავარიულ გრანდს არავინ უყიდია, სამაგიეროდ სოსა (3 მილიონად) და ნიდერმაიერი (3.5 მილიონი) გაყიდა. შესაბამისად, მთელი მიმდინარე სეზონის მიხედვით თუ დავთვლით, „ბაიერნის“ სატრანსფერო მინუსი მხოლოდ 5.5 მილიონს შეადგენს. შედარებისთვის, ზუსტად ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით ათჯერ მეტი (-50 მილიონი) იყო.
ზოგადად ყველაზე ბევრი ფული „ვოლფსბურგმა“ მიიღო და გაიღო. ედინ ჯეკოს სარეკორდო ტრანსფერმა (ბოსნიელი „მანჩესტერ სიტიმ“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა) „მგლებს“ ბევრი ფული მოუტანა. ამასთან, ვოლფბსურგელებმა იანვარში ამ თანხის გარკვეული ნაწილის რეინვესტირება მოახდინეს:  პატრიკ ჰელმესი, თუნჯაი სანლი, მბოკანი, ოროსკო და კუ „ვოლფებს“ 15.95 მილიონი ევრო დაუჯდათ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვოლფსბურგმა“ ზაფხულში დიეგო 15.5 მილიონად (იუვენტუსიდან) იყიდა, სიმონ კიაერში კი („პალერმოდან“ შეიძინა) 12 მილიონი ევრო გადაიხადა.

„მგლების“ ახალწვეულთაგან სამი თავდამსხმელია. ჯეკოს გაყიდვას თუნჯაის, მბოკანისა და ჰელმესის ყიდვა მოჰყვა. პირველი, რაც უნდა ითქვას ისაა, რომ ამ სამეულიდან არცერთი არ არის ჯეკოს დონის თავდამსხმელი. ამრიგად, „მგლებმა“ აქცენტი ამჯერად არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე გააკეთეს იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი იმედებს აუცილებლად გაამართლებს. ზაფხულში კი, გერმანიის ექს-ჩემპიონში, რომელსაც სადღეისოდ ძალიან უჭირს, კაიზერსლაუტერნელი გოლეადორი სრდიან ლაკიჩიც გადავა.

მბოკანი „მონაკოდან“ მხოლოდ არენდითაა აყვანილი და თუ „ვოლფსბურგს“ კარგად შეეწყო, ზაფხულში სრულფასოვანი „მგელი“ გახდება. ჰელმესი ბუნდესლიგაში გამოცდილი ფორვარდია, რომელიც გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაშიც მოიაზრება, მაგრამ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული გოლეადორი და ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. რაც შეეხება თუნჯაის - თურქი შემტევი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც წინა ხაზზე ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ვოლფსბურგის“ მთავარ მწვრთნელ სტივ მაკლარენს ერთი ცენტრფორვარდით (4-2-3-1) თამაში უყვარს, თუნჯაი მას სავარაუდოდ უფრო ფლანგისთვის სჭირდება. ცენტრში კი, ედინ ჯეკო ან ჰელმესმა უნდა შეცვალოს, ან მბოკანიმ, თუ არა და გუნდშია ბუნდესლიგის ორიწლისწინანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გრაფიტეც. ერთი სიტყვით, მაკლარენმა და მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა „ვოლფსბურგი“, სადაც ფელიქს მაგათს საათივით აწყობილი სისტემა ჰქონდა, „ექსპერიმენტების საჯინიბოდ“ გადააქციეს.


შალკეს ფანებმა ხმა აიმაღლეს, მაგათი აჭრილიაო


პარასკევს „რურის დიდი დერბია“ და ბუნდესლიგის ერთ-ერთი უმთავრესი მშვენების წინ, „შალკეში“ მონასტერი ისეა არეული, როგორც არასდროს! გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრებმა მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმ ტრანსფერების გამო, რომლებიც „დესპოტმა ფელიქსმა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე განახორციელა.
მაგათს კრიტიკა პირველ რიგში უმუშევარი, უკლუბოდ მყოფი ბერძენი თავდამსხმელის, 32 წლის ანგელოს ხარისტეასის გუნდში აყვანის გამო დაატყდა. ფანები არანაკლებ განრისხებულები არიან 32 წლის ირანელი ნახევარმცველის, ალი ქარიმის ყიდვის გამო. მათ მიაჩნიათ, რომ ვერც ხარისტეასი და ვერც ქარიმი გუნდს ჯეროვნად ვერ გააძლიერებენ.

„ფელიქს მაგათი „შალკეს“ ისტორიას პატივს აღარ სცემს, პატივისცემა და სიამაყე კი ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაგათის კონცეფცია უკონცეფციობაა, ფელიქსი თავზეხელაღებულ ადამიანს გვაგონებს, რომელმაც ეს ესაა, ყველას მოკვლა გადაწყვიტა, ვინც მის გარშემო ტრიალებს,“ - ასეთია „შალკეს“ ერთ-ერთი ფანკლუბის, „ერნსტ კუცორა სუპორტერსის“ ოფიციალური განცხადება.

ფელიქსი „შალკეს“ მთავარი მწვრთნელი 2009 წლის ზაფხულში გახდა და მას მერე დაახლოებით 40 (!) ფეხბურთელი გადაიბირა, ხოლო დაახლოებით 30 (!) კი გაუშვა. გელზენკირხენელი ფანები უკვე ხუმრობენ კიდეც, რა ქნას ხარისტეასმა, უმუშევარ კაცს „შალკეში“ დაუძახეს და უარს ხომ არ იტყოდა, ზუსტად ვიცი, რომ მისი აყვანა „ჩელსის“, „რეალს“ და „მანჩესტერ სიტისაც“ უნდოდათ, მაგრამ სიტიმ ხარისტეასს ბოლოს ფერნანდო ტორესი ამჯობინაო...

გერმანელი ექსპერტებისთვის გამოცანად დარჩა, რატომ არ გააძლიერა გუნდი ჯეროვნად ბრემენის „ვერდერმა“ - ბრემენული კლუბი ხომ გასავარდნი ზონის მისადგომებთან ყვინთაობს და თანაც, „მუსიკოსებმა“ იანვარში ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელი უგო ალმეიდა გაყიდეს, სანაცვლოდ კი მართალია სამი ფეხბრთელი შეიძინეს (შემტევები ავდიჩი და სტევანოვიჩი, ასევე მცველი სამუელი), მაგრამ აქედან არცერთი არ არის მაღალი კლასის მოთამაშე.
ახლა კი ერთად გადავხედოთ ბუნდესლიგაში იანვრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებულ ყველა ტრანსფერს:


ბორუსია (დ)
მივიდნენ: არავინ
წავიდა: ტამაშ ჰაინალი (შტუტგარტი, არენდა)

მაინცი

მივიდა: იუნუს მალი (ბორუსია მ, ზაფხულიდან)
წავიდნენ: ფელიქს ბორხა (პუებლო), არუნა ბაბანგიდა (კონტრაქტი გაუწყვიტეს)

ლევერკუზენი
მივიდნენ: კევინ კამპლი (ფიურტი), ქარიმ ბელარაბი (ბრაუნშვაიგი, ზაფხულიდან)
წავიდნენ: ბურაკ კაპლანი (ფიურტი, არენდა), პატრიკ ჰელმესი (ვოლფსბურგი)

ჰანოვერი
მივიდნენ: არავინ
წავიდა: მაიკ ჰანკე (ბორუსია მ)

ბაიერნი
მივიდა: ლუის გუსტავო (ჰოფენჰაიმი)
წავიდნენ: მარტინ დემიკელისი (მალაგა), დავიდ ალაბა (ჰოფენჰაიმი, არენდა), მარკ ვან ბომელი (მილანი), ედსონ ბრააფჰაიდი (ჰოფენჰაიმი)

ფრაიბურგი
მივიდნენ: ბეგ ფერატი (ბაზელი, ზაფხულიდან), ერიკ იენდრიშეკი (შალკე)
წავიდა: ივიცა ბანოვიჩი (დუისბურგი)

აინტრახტი
მივიდნენ: არავინ
წავიდნენ: ჩენკ თოსუნი (გაზიანთეფი), მარკუს შტაინჰიოფერი (ბაზელი), უმით ქორქმაზი (ბოხუმი)

ჰოფენჰაიმი
მივიდნენ: რობერტო ფირმინიო (ტომბენსე), დავიდ ალაბა (ბაიერნი, არენდა), რაიან ბაბელი (ლივერპული), ედსონ ბრააფჰაიდი (ბაიერნი)
წავიდნენ: პრინს ტაგო (პარტიზანი, არენდა), კრისტიან აიხნერი (კიოლნი), ლუის გუსტავო (ბაიერნი), დემბა ბა (ვესტ ჰემი), მარკო ტერაცინო (კარლსრუე, არენდა), პასკალ გროსი (კარლსრუე, არენდა)

ჰამბურგი
მივიდნენ: არავინ
წავიდნენ: არავინ

შალკე
მივიდნენ: დანილო აველარი (კარპატი, არენდა), ანტონი ანანი (რუსენბორგი), ანგელოს ხარისტეასი (უკლუბოდ იყო), ალი ქარიმი (სტილ აზინ თეირანი)
წავიდნენ: ივან რაკიტიჩი (სევილია), ჯერმეინ ჯონსი (ბლექბერნი, არენდა), ერიკ იენდრიშეკი (ფრაიბურგი), პრედრაგ სტევანოვიჩი (ვერდერი), ბესარტ იბრაიმი (სევასტოპოლი)

ნიურნბერგი
მივიდნენ: ნასიმ ბენ ხალიფა (ვოლფსბურგი, არენდა), ტიმო ოხსი (უკლუბოდ იყო)
წავიდნენ: ისააკ ბოაკი (უკლუბოდაა), დარიო ვიდოშიჩი (არმინია, არენდა)

კაიზერსლაუტერნი
მივიდნენ: ადამ ჰლუშეკი (სლავია), ლუკას დოს სანტოს როშა და სილვა (ლევერკუზენი, არენდა)
წავიდნენ: არავინ (სრდიან ლაკიჩი ვოლფსბურგში ზაფხულში გადავა)

ვოლფსბურგი
მივიდნენ: კუ ია ხეოლი (ჯეჯუ იუნაიტედი), იოანდრი ოროსკო (სულია), მბოკანი (მონაკო, არენდა), სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი, ზაფხულიდან), თუნჯაი სანლი (სტოკ სიტი), პატრიკ ჰელმესი (ლევერკუზენი), იან პოლაკი (ანდერლეხტი).
წავიდნენ: ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), ნასიმ ბენ ხალიფა (ნიურნბერგი, არენდა), კაიუბი (ინგოლშტადტი, არენდა), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი)

ვერდერი
მივიდნენ: დენი ავდიჩი (ელფსბორგი), პრედრაგ სტევანოვიჩი (შალკე), სამუელი (სან პაულო)
წავიდა: უგო ალმეიდა (ბეშიქთაში)

ზანკტ პაული
მივიდნენ: არავინ
წავიდა: დავიდსონ დრობო-ამპემი (ესბიერგი, არენდა)

კიოლნი
მივიდნენ: ტომოაკი მაკინო (ჰიროშიმა), მიხაელ რენზინგი (უკლუბოდ იყო), კრისტიან აიხნერი (ჰოფენჰაიმი), სლავომირ პეჟკო (ლეხი), ვინფრიდ სანუ (ურავა რედ დაიმონდსი, განათხოვრებული იყო)
წავიდნენ: ფარიდ მონდრაგონი (ფილადელფია), დანიელ ბროზინსკი (ვეენი), ჟოზე პიერ ვუნგიდიკა (ოფენბახი, არენდა), მანასე იშიაკუ (სენტ ტრუიდენი, არენდა)

შტუტგარტი
მივიდა: შინჯი ოკაზაკი (შიმიცუ)
წავიდა: მაურო ხერმან კამორანეზი (კონტრაქტი გაუწყვიტეს, უკლუბოდ დარჩა)

ბორუსია (მ)
მივიდნენ: მაიკ ჰანკე (ჰანოვერი), მარტინ შტრანცლი (მოსკოვის სპარტაკი), ჰავარდ ნორდტვეიტი (არსენალი), მიხაელ ფინკი (ბეშიქთაში, არენდა)
წავიდნენ: იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერი (აუგსბურგი), რაულ ბობადილია (არისი, არენდა), მარსელ მეეუვისი (ფეიენოორდი, არენდა), მაიკლ ბრედლი (ასტონ ვილა, არენდა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული