პატრიკ ჰელმესმა ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 2005 წლის 4 აგვისტოს ჩაატარა. შესაძლოა, არ გახსოვდეთ: დღეს უკვე გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაში მყოფი ფორვარდი თავიდან „კიოლნის“ რიგებში გამოჩნდა. დებიუტიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მან „ლევერკუზენს“ გოლი გაუტანა და ეს იყო მისი პირველი გოლი პროფესიონალურ ფეხბურთში. მეორედ „ვოლფსბურგის“ კარი დალაშქრა, მესამედ კი ბილეფელდის „არმინიისა“... თუ ბუნდესლიგას კარგად იცნობთ, აუცილებლად მიხვდებოდით, რომ ამ პატარა ისტორიიდან ლოგიკური ტრანსფერის წინასწარმეტყველებაც კი შეიძლება, მაგრამ არა! ეს უბრალოდ დამთხვევაა. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომ ჰელმესის მომდევნო გაჩერება „არმინია“ იყოს. ვინც
„ვოლფსბურგში“ განსაკუთრებული, „ლევერკუზენისგან“ კარდინალურად განსხვავებული და ნაკლებად დემოკრატიული წესები აქვთ. ასე, მაგალითად, ჰელმესი იძულებულია, „პორშე 911 ტურბოდან“, რომელიც შარშან შეიძინა, „ფოლკსვაგენ გოლფზე“ გადაჯდეს, რადგან „ვოლფსბურგში“ ყველა „ფოლკსვაგენით“ დადის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „მგლების“ ყველა ფეხბურთელს პურს სწორედ „ფოლკსვაგენის“ კონცერნი აჭმევს და ვოლფსბურგელებმა ლევერკუზენს ჰელმესის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო რომ გადაუხადეს, ესეც „ფოლკსვაგენის“ ბიუჯეტიდან აღებული ფული იყო.
„პორშე“ ცოტათი მომბეზრდა კიდეც და „გოლფი“ სულაც არ არის უინტერესო ავტომობილი, მთავარია, კარგად დადიოდესო, ამბობს პატრიკი. არც თვითონ ჰელმესია უინტერესო ფეხბურთელი, მაგრამ ედინ ჯეკო მაინც სულ სხვა იყო და ეს „ვოლფსბურგში“ ყველამ იცის, თუმცა იგივე ლოგიკით რომ ვთქვათ, მთავარია, პატრიკმა გოლები გაიტანოს და ქვემო საქსონიაში ჯეკო ყველას მალე დაავიწყდება.
ოფიციალურ პრეზენტაციაზე 26 წლის ჰელმესმა აღიარა, რომ „ლევერკუზენში“ გაძლება ძალიან უჭირდა, რადგან უმეტესად მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. პატრიკი აღიარებს, რომ ძალიან არ უყვარს, როცა გუნდი მხოლოდ ერთი ცენტრფორვადით თამაშობს და მით უმეტეს, როცა გარემარბებიც უფრო ნახევარმცველები არიან, ვიდრე თავდამსხმელები. „ვოლფსბურგში“ კი კიდევ ერთი ახალწვეულის, თუნჯაის და გრაფიტეს იმედი აქვს.
ჰელმესის კარიერა წესით, სულ სხვანაირად უნდა განვითარებულიყო. 2007/2008 წლებში მან მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და „კიოლნთან“ ერთად ელიტაში აღზევდა, მაგრამ რაინის მხარე მაშინვე დაატოვებინეს - პატრიკი „ლევერკუზენმა“ იყიდა. სანამ „ფარმაცევტებს“ ბრუნო ლაბადია წვრთნიდა, ჰელმესს საქმეები კარგად მისდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე წრეში ლევერკუზენელები მაგრად აიჭრნენ, პატრიკმა გოლების გატანა მაინც განაგრძო და იმ სეზონში 21 გოლს (34 მატჩში) მოუყარა თავი.
2009 წლის ზაფხულში კი ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სწორედ მაშინ დაეწყო ჩავარდნა, რომელიც დღემდე გრძელდება. პატრიკმა ჯერ „ლევერკუზენის“ თავდამსხმელთა იერარქიაში დაიხია უკან, მერე კი გერმანიის ნაკრების წინახაზელთა რეიტინგშიც ჩამოქვეითდა. შესაძლოა, არც გახსოვდეთ, რომ მას ბუნდესგუნდში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. კრიზისის პიკი კი გერმანიის თასის მატჩი იყო მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ დერბიში, სადაც მან ორი პენალტი გააფუჭა, რის გამოც „ლევერკუზენის“ თასიდან გავარდნა პირადად პატრიკს დააბრალეს.
როცა გაირკვა, რომ ჯეკო „მანჩესტერ სიტიში“ გადადიოდა, ვოლფსბურგელებმა ბოსნიელი გოლეადორის შემცვლელის ძებნა დაიწყეს და სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ რიგში სწორედ ჰელმესი მოინიშნეს. პატრიკი ამბობს, „ვოლფსბურგში“ გადასვლაზე სერიოზულად მაშინ დავფიქრდი, როცა ჰაინკესმა 2010 წლის მიწურულს, „ჰანოვერთან“ მატჩის წინ განაცხადიდან ამომშალაო.
ჰელმესი ხვდება, რომ ჯეკოსთან შედარების ღირსი ჯერ არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ მასაც აქვს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც მასზე
ორი წლით ახალგაზრდა ჯეკოს ჰქონდა - იმ ჯეკოს, ვისზეც სამი წლის მანძილზე მთელი ვოლფსბურგი და ქვემო საქსონიის მხარე ლაპარაკობდა. „ედინი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი თავდამსხმელია, მაგრამ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი პლუსები. „ვოლფსბურგს“ ყოველთვის კარგი ფორვარდები ჰყავდა და ჩემი აზრით, ჯეკოს მალე გამოუჩნდება ღირსეული შემცვლელი და იმედი მაქვს, რომ ეს მე ვიქნები,“ - თქვა ჰელმესმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის ვოლფსბურგელად ოფიციალურად წარადგინეს.
„მგლებში“ გადასვლით, პატრიკს იმის იმედიც უჩნდება, რომ იოახიმ ლიოვი მალე გერმანიის ნაკრებშიც დააბრუნებს. თუმცა ხვდება, რომ ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერი გამოვა მისი ვოლფსბურგული კარიერა.