ბუნდესლიგის მშვენება დღეს საღამოს: არ გამოტოვოთ რურის 137-ე დერბი
კარგია, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგამ რურის დიდი დერბი პარასკევს დანიშნა. ბუნდესლიგის მთავარ მშვენებას ყურადღება ისედაც არ აკლია ხოლმე, მაგრამ დღეს საღამოს მთელი საფეხბურთო გერმანია ასი პროცენტით მხოლოდ „დორტმუნდისა“ და „შალკეს“ დაპირისპირებაზე იქნება კონცენტრირებული და ყველა მხოლოდ ბუნდესლიგის ყველაზე მაგარი დერბით ისიამოვნებს. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ხელები გემრიელად მოვიფშვნიტოთ და გერმანიის ჩემპიონატის უმძაფრეს დაპირისპირებას ჩავუსხდეთ?
ეს რიგით 137-ე დერბია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რურის კლასიკური საფეხბურთო ომის წინ
მიუხედავად იმისა, რომ როლები ნათლადაა გადანაწილებული (არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ პირველ წრეში „ბორუსიამ“ „შალკეს“ გელზენკირხენში 3:1 მოუგო), დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დღევანდელ შეხვედრას მაინც დიდი სიფრთხილით ეკიდება. მერე რა, რომ „შალკეში“ ძალიან ნეგატიური განწყობაა, მე ვიცი, რომ გუნდებს სწორედ ასეთ დროს ეხერხებათ შეუძლებლის შეძლება, რის გამოც ფრთხილად უნდა ვიყოთო.
კლოპს დღეს თავისი დაცვის ცენტრის დაშლა მოუწევს, რადგან ნევენ სუბოტიჩმა წინა ტურში მეხუთე გაფრთხილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, „ბორუსიას“ უკანა ხაზის ცენტრში მატს ჰუმელსს ფელიპე სანტანა უნდა შეუწყვილდეს, რომელსაც ამ კვირაში გრიპი ჰქონდა, მაგრამ გამოჯანმრთელება მოასწრო და დღეს აუცილებლად ითამაშებს. გრიპი ჰქონდა იაკუბ ბლაშჩიკოვსკისაც, მაგრამ დღევანდელი მატჩისთვის პოლონელი გარემარბიც სრულ მზადყოფნაშია. „შალკეს“ ძირითად შემადგენლობაში კი გაცილებით მეტ ცვლილებას უნდა ველოდოთ. გუშინ საღამომდე ცნობილი არ იყო, მოახერხბს თუ არა დღეს თამაშს კრისტოფ მეტცელდერი, რომელიც ყოფილი ბორუსიელია და თუ „ვესტფალენშტადიონზე“ მტრის რანგში წარსდგა, 90 წუთის მანძილზე BVB-ს ქომაგების გამაყრუებელი სტვენის ატანა მოუწევს. დიდი შანსია, რომ ფელიქს მაგათმა სასტარტოში გაამწესოს განელი ახალწვეული ანტონი ანანი, აი, ანგელოს ხარისტეასსა და ალი ქარიმის კი ნაღდად ვერ ვიხილავთ - მაგათმა თქვა, რომ ბერძენი თავდამსხმელი და ირანელი ნახევარმცველი ჯერ მზად არ არიან.
კლოპი: უპირობო ფავორიტები არ ვართ!
თუ „დორტმუნდი“ დღეს „შალკეს“ დაამარცხებს, „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი კლოპი არა მარტო რურის დერბის პირად ბალანსს გაათანაბრებს, სადაც აქამდე ერთი მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, არამედ დორტმუნდულ კლუბში კიდევ ერთ ისტორიულ მიღწევას ჩაწერს: „ბორუსიამ“ ერთ სეზონში „შალკეს“ ორჯერ დამარცხება ბოლოს 1996/1997 წლების სეზონში შეძლო. გეხსომებათ, მაშინ „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისტორიული შანსი გვაქვს, - ამბობს კლოპი, - მაგრამ ეიფორია ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. ცხადია, იმას არ ვამბობ, რომ „შალკესთან“ მატჩის წინ აუტსაიდერები ვართ, მაგრამ არც ისეა საქმე, თითქოს უპირობო ფავორიტები ვიყოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, „შალკე“ კი 25 ქულით ჩამოგვრჩება. „შალკე“ ცხრილში მე-11 ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს.“
ფანები მაგათს აუჯანყდნენ
„შალკეში“ მონასტერი არეულია. როგორც იცით, ყველამ, ვისაც არ დაეზარა, ფელიქს მაგათის მიერ იანვარში გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. ფელიქსმა გუნდში უმუშევარი ვეტერანები, თავდამსხმელი ანგელოს ხარისტეასი და ნახევარმცველი ალი ქარიმი აიყვანა, მაგრამ დერბისთვის არცერთ მათგანს არ გამოიყენებს - ფორმაში არ არიანო. სამაგიეროდ, „შალკეს“ რიგებში ანანის დებიუტი შედგება. იანვარში მაგათმა ივან რაკიტიჩი გაყიდა და ჯეფერსონ ფარფანის თავიდან მოშორებაც უნდოდა, მაგრამ ვერ მოიშორა (დეტალებზე უკვე ვწერდით). „ბილდი“ წერს, რომ „შალკეს“ თავკაც თვით კლაას-იან ჰუნტელაარის გაყიდვაც სურდა და ჰოლანდიელი თავდამსხმელი ვოლფსბურგისთვის შეუთავაზებია, მაგრამ ეს ტრანსფერიც არ შედგა და ამრიგად, ფელიქსს ფარფანიცა და ჰუნტელაარიც გუნდში ჰყავს.
ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ჰუნტელაარმა სეზონი კარგად დაიწყო, მერე კი აურია და გოლის გატანა ბოლოს 13 ნოემბერს შეძლო. ახლა ჰოლანდიელს 689-წუთიანი უგოლო სერია აქვს. წინა ტურში, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის დროს, რომელიც გელზენკირხენელებმა 0:1 წააგეს, მაგათმა ჰუნტელაარი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, ერთი დღის შემდეგ კი ხარისტეასი აიყვანა. ფელიქსი ამბობს, ჩვენ გვაკლია კარზე დაგეშილი ფორვარდიო, რაც ზაფხულში „მილანიდან“ 14 მილიონ ევროდ ნაყიდი ჰოლანდიელი თავდამსხმელისთვის სერიოზული დარტყმაა.
თუმცა დერბიში მაგათი ხარისტეასს არ ათამაშებს და სხვა გზა არ აქვს, ისევ ჰუნტელაარს უნდა ენდოს და სხვათა შორის, ფარფანიც ძირითადში უნდა ათამაშოს.
ამასობაში, გულშემატკივრები მაგათს აუჯანყდნენ და აგროვებენ ხელმოწერებს იმისათვის, რომ დაინიშნოს გელზენკირხენული კლუბის წევრთა რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც ფელიქსს მენეჯერისა და მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ფანები მაგათს სამ რამეში ადანაშაულებენ. პირველი: ბუნდესლიგის საუკეთესო დაცვის უმიზეზოდ დაშლა (როცა მაგათმა რაფინია, ვესტერმანი და ბორდონი გაყიდა. მეორე: ყოველგვარი კონცეფციის გარეშე უამრავი ახალი ფეხბურთელის ყიდვა, რომელთაგან უმეტესობამ იმედები ვერ გაამართლა და დიდი ნაწილი ისევ გაყიდულია. და მესამე: ცივი კლიმატი და მშიშარა ფეხბურთელების მოყვანა გუნდში. გულშემატკივრები გაოგნებულები და შეურაცხყოფილები არიან იმით, რომ ფელიქსმა ისეთი მოთამაშეები გაუშვა, რომლებიც „შალკესთან“ ასოცირდებოდნენ (კურანი, ასამოა, ბორდონი) და დღეს გელზენკირხენულ კლუბში აღარ არის არცერთი მოთამაშე, რომლის „შალკესთან“ იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.
ერთი სიტყვით, „შალკე“ უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მეორე მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ გელზენკირხენელები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. რაკი გუნდმა ამ სეზონში უკვე მაგრად ჩაისვარა, ერთადერთი, რითაც „ხუმარებს“ თავიანთი ქომაგების გახარება შეუძლიათ, მოსისხლე მტრის ბანაკიდან, „ვესტფალენშტადიონიდან“ სამი ქულის წაღებაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ „შალკეს“ ერთი ქულაც წარმატებაში ჩაეთვლება.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 20 16 2 2 46-12 50
2. ლევერკუზენი 20 11 6 3 41-29 39
3. ბაიერნი 20 10 6 4 40-23 36
4. მაინცი 20 12 0 8 31-21 36
5. ჰანოვერი 20 11 1 8 28-30 34
6. ფრაიბურგი 20 10 3 7 29-28 33
7. ჰამბურგი 20 9 3 8 29-30 30
8. ჰოფენჰაიმი 20 7 8 5 36-26 29
9. აინტრახტი 20 8 2 10 24-26 26
10. ნიურნბერგი 20 7 5 8 25-30 26
11. შალკე 20 7 4 9 26-26 25
12. ვოლფსბურგი 20 5 8 7 26-29 23
13. კაიზერსლაუტერნი 20 6 4 10 29-34 22
14. ზტ. პაული 20 6 4 10 23-34 22
15. ვერდერი 20 6 4 10 26-42 22
16. კიოლნი 20 5 4 11 22-37 19
17. შტუტგარტი 20 4 4 11 22-37 16
18. ბორუსია (მ) 20 4 4 12 29-50 16
ბომბარდირები: 15 - სისე (ფრაიბურგი), გომესი (ბაიერნი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 10 - რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი).
რურის დიდი დერბი ციფრებში
სტატისტიკა პირველ ბუნდესლიგაში (1963 წლიდან)
ბორუსია (დ) შალკე
77 მატჩი
27/23/27 მოგება/ფრე/წაგება 27/23/27
120:113 ბურთების შეფარდება 113:120
44 სეზონები I ბუნდესლიგაში 43
71 მატჩები ჩემპინთა ლიგაში 35
ტიტულები
6 გერმანიის ჩემპიონი 7
2 გერმანიის თასის მფლ. 4
4 გერმანიის სუპერთასის მფლ. 0
0 გერმანიის ლიგის თასი 1
1 თასების თასის მფლ. 0
0 უეფას თასის მფლ. 1
1 საკონტინენტთაშორისო 0
1 ჩემპიონთა ლიგა 0
ყველაზე მეტი გოლი ერთ დერბიში: ლოთარ ემერიხი (ბორუსია) – 3 გოლი
დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ლოთარ ემერიხი (ბორუსია) – 10 გოლი
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი – პიჟჩეკი, ჰუმელსი, ფელიპე სანტანა, შმელცერი – ს. ბენდერი, ნ. შაჰინი – ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, გროსკროიტცი – ბარიოსი.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი – უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი – კლუგე, ანანი – ფარფანი, ხურადო – რაული, ჰუნტელაარი.
არბიტრი: მიხაელ ვაინერი
დისკვალიფიკაცია: სუბოტიჩი (ბორუსია დ)
ტრავმა: ოვომოიელა, კაგავა, კელი, კრინგე – ჰუგლანდი, ყენია, მორიტცი, ხარისტეასი