ხუთი დორტმუნდელი იტალიისთვის!

AutoSharing Option

9 თებერვალს დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ ისეთი ამხანაგური მატჩი გაიმართება, ავ თვალს რომ არ დაენახვება: გერმანია იტალიას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მუნდიალზე იტალიამ გერმანია ნახევარფინალში სწორედ დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ დაამარცხა. ახლა კი, გერმანელი ფანობა რევანშისთვის ემზადება. გერმანიისა და იტალიის თუნდაც ამხანაგური დაპირისპირება ყოველთვის სცდება ტესტ-მატჩის ჩარჩოებს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა.

ამ ჯახზე წერა მომავალ კვირაში არაერთხელ მოგვიწევს, ახლა კი მთავარს მივხედოთ: გუშინ ბუნდესგუნდის დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. პირველი, რაც უნდა ითქვას, ისაა, რომ იოგიმ ნაკრებში რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი

დააბრუნა: ფილიპ ლამი, მესუთ იოზილი, მიროსლავ კლოზე, ლუკას პოდოლსკი და ჰოლგერ ბადშტუბერი. შეგახსენებთ, რომ წინა ტესტ-მატჩში (0:0 გიოტებორგში) ლიოვმა ეს მოთამაშეები დაასვენა.

ბუნდესგუნდში ერთი დებიუტანტია და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, რომ „ეს ბედნიერი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელია. საუბარია BVB-ს ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერზე, რომელსაც იოგო ბოლო დროს ყველაზე ხშირად აქებდა და საუკეთესო ეპითეტებით ამკობდა. ლიოვის თქმით, ის ბენდერს რამდენჯერმე პირადად დააკვირდა და ამ ფეხბურთელით აღფრთოვანებულია.

გერმანიაში ფიქრობდნენ, რომ იოგი ნაკრებში გამოჯანმრთელებულ მიხაელ ბალაკსაც დააბრუნებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. იოგიმ თქვა, მიხაელის დაბრუნებაზე ყაზახეთთან და ავსტრალიასთან მატჩებისთვის (26 და 29 მარტს) ვიფიქრებ, ჯერ ძალიან ადრეაო. სამაგიეროდ, იოგიმ ნაკრებში კვლავ უხმო „დორტმუნდის“ უნიჭიერეს ნახევარმცველს, 18 წლის მარიო გიოტცეს. ამ უკანასკნელთან და სვენ ბენდერთან ერთად, ბუნდესგუნდში კიდევ სამი დორტმუნდელია გამოძახებული: მატს ჰუმელსი, კევინ გროსკროიტცი და მარსელ შმელცერი. სამაგიეროდ, სიაში აღარ არიან მაინცელები ლუის ჰოლტბი და ანდრე შიურლე.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (შალკე), რენე ადლერი (ლევერკუზენი)
მცველები: არნე ფრიდრიხი (ვოლფსბურგი), დენის აოგო (ჰამბურგი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტი), ფილიპ ლამი (ბაიერნი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი).
ნახევარმცველები: მარიო გიოტცე, კევინ გროსკროიტცი, სვენ ბენდერი (სამივე ბორუსია დ.), მესუთ იოზილი, სამი ხედირა (ორივე რეალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), კრისტიან ტრეში (შტუტგარტი).
თავდამსხმელები: მარიო გომესი, მიროსლავ კლოზე, თომას მიულერი (სამივე ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი).

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული