მაზოხიზმი და თვითგვემა ბავარიულად

AutoSharing Option

პარასკევს დორტმუნდის „ბორუსიამ“ რურის დერბი რომ ვერ მოიგო (0:0), „ბაიერნს“ და „ლევერკუზენს“ ლიდერთან ჩამორჩენის შემცირების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ... შემცირებას ვინ ჩივის, „დორტმუნდმა“ „შალკესთან“ ფრეთი მდევრებთან უპირატესობა გაზარდა. მიზეზი: „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ დამარცხდა. მიუნხენელებს საერთოდ სრული კატასტროფა დაემართათ: კიოლნში 2:0-ს იგებდნენ და მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს. „ფარმაცევტები“ კი ნიურნბერგში დაეცნენ (0:1).


რა დაემართა „ბაიერნს“ კიოლნში? - ეს არის კითხვა, რომელიც მიუნხენში დიდსა თუ პატარას თავში უტრიალებს და რომელზეც პასუხი არავის აქვს. როგორც წესი, რეკორდმაისტერი ორბურთიან სხვაობას უიშვიათესად ანიავებს ხოლმე და

ორმაგად გასაოცარია, რომ ბავარიელებს ასეთი რამ საშუალოზე დაბალი დონის მეტოქესთან დაემართათ - „კიოლნი“ ხომ აუტსაიდერებს შორისაა.

 

არანაკლებ პარადოქსულია ისიც, რომ „ბაიერნმა“ ამ სეზონში ერთ თამაშში უკვე მესამედ გაუშვა სამი გოლი და თანაც, რეკორდმაისტერის სამჯერ დამწუხრება სამივე შემთხვევაში აუტსაიდერებმა შეძლეს: მიონხენგლადბახში 3:3, „შტუტგარტთან“ 5:3 და ახლა „კიოლნთან“ 2:3. როგორც იცით, ბავარიელთა უმთავრესი მიზანი მეორე ადგილის დაკავებაა და ამის გამო მიუნხენელებს ძალიან უნდა უხაროდეთ ის, რომ „ლევერკუზენიც“ დამარცხდა.

„შოკში ვარ, ყველანი შოკში ვართ. უნდა ვაღიაროთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ჩვენი ოდნავადაც არ უნდა ეშინოდეს. დორტმუნდელებს შეუძლიათ ქულები თავისუფლად დაკარგონ, რადგან ჩვენ არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე და არ ვართ მზად იმისათვის, რომ „ბორუსიას“ ჩავარდნები გამოვიყენოთ“, - ნირწამხდარი და განადგურებული იყო თომას მიულერი. თომასი აბსოლუტურად მართალია: „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ უკვე 15 (!) ქულით უსწრებს.

„მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი გვეძინა, ვხვრინავდით. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. შესაძლოა, ზოგიერთებს ეგონათ, რომ „კიოლნს“ სამი გოლის გატანა არ შეეძლო“, - ეს კი მიუნხენელთა ახალი კაპიტნის, ფილიპ ლამის სიტყვებია.

„დორტმუნდელები ალბათ მაგრად დაგვცინიან. მათ თამაში ვერ მოიგეს, ორი ქულა დაკარგეს, ჩვენ კი სულაც დავმარცხდით. ასეთი მიდგომით მინიმალურ მიზნებსაც კი ვერ მივაღწევთ“, - განრისხებული იყო „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე.


გადარეული გახლდათ ბავარიელთა დამრიგებელი ლუის ვან გაალიც, რომელიც საფინალო სასტვენის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მოგვიანებით კი, პრესკონფერენციაზე, სიბრაზე ვულკანივით ამოაფრქვია: „გაბრაზებულიც ვარ, იმედგაცრუებულიც და გაოგნებულიც. დღეს მეორე ადგილზე დამკვიდრების და „დორტმუნდთან“ მიახლოვების შესანიშნავი შანსი გვქონდა. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ 2:0-ს ვიგებდით და მეორე ტაიმში იმდენი მოვახერხეთ, რომ „კიოლნისგან“ სამი გოლი მივიღეთ!“

სხვათა შორის, ამ სეზონში პირველად არ მოხდა ისე, რომ „ბაიერნმა“ პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, მეორეში კი მაგრად "ჩაისვარა". ასეთი რამ ვან გაალის შეგირდებს „ვოლფსბურგთან“ (1:1), „ლევერკუზენთან“ (1:1), „გლადბახთან“ (3:3) და ჩემპიონთა ლიგაში „რომასთანაც“ (რომშიც 2:0-ს იგებდნენ და 2:3 დამარცხდნენ) დაემართათ.

 

ვან გაალი: „გრანდისთვის ასეთი იმედგაცრუება ძალიან ცუდის ნიშანია. მე ვფიქრობ, რომ ეს კონცენტრაციის ამბავია. ამ სეზონში ვერაფრით ვახერხებთ იმას, რომ 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა.“

„ბაიერნის“ ტრაგედია „კიოლნის“ ბედნიერებაა. ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ „თხებმა“ საკუთარი ძალების ირწმუნეს და გადარჩენისთვის გაორმაგებული მონდომებით იბრძოლებენ. „კიოლნის“ პრეზიდენტი ვოლფგანგ ოვერატი საფინალო სასტვენის შემდეგ ტრიბუნაზე ტიროდა. ეს სიხარულის ცრემლები იყო - „კიოლნს“ „ბაიერნი“ ბოლოს 1995 წელს ჰყავდა დამარცხებული.


„ბაიერნისგან“ განსხვავებით, „დორტმუნდის“ მეორე მდევარმა, „ლევერკუზენმა“ ვერც პირველ ტაიმში ითამაშა კარგად, თუმცა ამას სულ სხვა მიზეზი ჰქონდა. „ნიურნბერგთან“ წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, „ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მატჩის არბიტრი ლანძღა, უშუალოდ საფინალო სასტვენის შემდეგ კი, „ნიურნბერგის“ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგთან მიიჭრა და ყველას გასაგონად დაუყვირა: „ის, რაც დღეს მოხდა, თქვენთვის საამაყო არ უნდა იყოს. არც შენ გაქვს ამაყის უფლება!“

ჰაინკესი ნიურნბერგელთა ხისტმა თამაშმა გადარია. ფრანკები „ფარმაცევტებს“ პირველიდან ბოლო წუთამდე მაგრად ეუხეშებოდნენ. ჰაინკესი მატჩის შემდეგ: „მართალია, ჩვენც ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მსაჯის გამო ვბრაზობ, რომელმაც ჩემი შეგირდები საერთოდ არ დაიცვა იმ სისაძაგლისგან, რასაც ნიურნბერგელები მთელი თამაშის განმავლობაში აკეთებდნენ. იმედი მაქვს, რომ კირხერი ჩვენი თამაშის დროს აღარასოდეს იმსაჯებს.“

 

კირხერმა ერთადერთი ნიურნბერგელი გააძევა 86-ე წუთზე და თანაც აიგლერი, რომელსაც თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა: „ლევერკუზენის“ კარში ერთადერთი გოლი სწორედ აიგლერმა გაიტანა. ცუდი დღე ჰქონდა მიხაელ ბალაკსაც, რომელიც ჰაინკესმა 67-ე წუთზე შეცვალა. „იმედგაცრუებული ვარ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეც არაფერი გამომივიდა,“ - თქვა ნამატჩევს ბალაკმა.

 

„მაინცი“ ბრემენის „ვერდერს“ მე-19 წუთიდან უგებდა, მაგრამ „მუსიკოსებმა“ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე დაამტკიცეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან - 92-ე წუთზე კლაუდიო პისარომ ანგარიში გაათანაბრა და „ვერდერს“ „ბრუხვეგშტადიონიდან“ ქულა წააღებინა. აღსანიშნავია, რომ ეს არის „მაინცის“ პირველი ფრე (!) მიმდინარე სეზონში.

 

„ჰოფენჰაიმმა“ „კაიზერსლაუტერნი“ დაამარცხა და „სოფლელებმა“ გუშინვე დაიწყეს მომდევნო ტურისთვის მზადება - შაბათს „ჰოფე“ მიუნხენში ჩადის. 2:0-ს იგებდა და საბოლოოდ 2:3 დამარცხდა მიონხენგლადბახის „ბორუსიაც“ - თანაც, გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „შტუტგარტთან“. „ჰანოვერმა“ კი „ვოლფსბურგი“ დაამარცხა და „მგლები“ კუდამოძუებულები არიან - არ გამოვრიცხავთ, რომ სტივ მაკლარენი ამ კვირაში უმუშევარი დარჩეს.


გუშინ, ჰამბურგული დერბი უნდა გამართულიყო (ჰამბურგი-ზანკტ პაული), რომელსაც როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ქომაგები მოუთმენლად ელოდებოდნენ, მაგრამ თამაში გადაიდო. მიზეზი ის არის, რომ მოედანზე ერთი კვირის წინ ჰოლანდიიდან ჩატანილი მინდორი დააგეს (ჰამბურგს ეს სიამოვნება 100 000 ევრო დაუჯდა), მაგრამ გერმანიის ყველაზე წვიმიან ქალაქში მთელი კვირის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც ბალახი ჯეროვნად ვერ გაიზარდა და ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა.

გვერდი მოამზადა გოტფრიდ ლენცმა

 

მომდევნო ტური
12 თებერვალი. ბაიერნი-ჰოფენჰაიმი, შალკე-ფრაიბურგი, შტუტგარტი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-ჰამბურგი, აინტრახტი-ლევერკუზენი, ზტ. პაული-ბორუსია (მ), კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ). 13 თებერვალი. კიოლნი-მაინცი, ვერდერი-ჰანოვერი.


ბორუსია (დ)-შალკე 0:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ჰუმელსი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (89. ზიდანი), გიოტცე, გროსკროიტცი (73. ლევანდოვსკი) - ბარიოსი.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, ანანი (76. პაპადოპულოსი) - ფარფანი, ხურადო (81. ჰაო) - რაული, ჰუნტელაარი (87. დრაქსლერი).
გაფრთხილება: ს. ბენდერი, გროსკროიტცი - ჰუნტელაარი, შმიტცი, ჰაო
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 21(9)-6(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 80 720

 

მაინცი-ვერდერი 1:1
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი - კალიჯური, ივანშიტცი (62. რისსე) - ჰოლტბი (86. პოლანსკი) - ალაგუი (75. შლიშკოვიჩი), შიურლე.
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - პასანენი (46. არნაუტოვიჩი), მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი (76. ტრინკსი) - ფრიტცი, ბარგფრედე - ჰანტი (76. კროოსი) - პისარო, მარინი.
გოლები: 1:0 შიურლე (19), 1:1 პისარო (92)
გაფრთხილება: ფუხსი - ფრინგსი, პისარო, ბარგფრედე, ფრიტცი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 19-24; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(5)-9(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 300

 

ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტერნი 3:2
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი - ალაბა - რუდი, სალიჰოვიჩი - სიგურდსონი (83. ვუკჩევიჩი), ბაბელი (92. იაისლე) - იბიშევიჩი (73. ბრააფჰაიდი).
კაიზერსლაუტერნი (): ზიპელი - დიკი (46. ჰოფერი), აბელი, როდნი, იესენი - ტიფერტი, პეცოსი (83. ნემეცი) - კირხი (27. ჰლუშეკი), მორავეკი, ილიჩევიჩი - ლაკიჩი.
გოლები: 1:0 სიგურდსონი (28), 2:0 რუდი (40), 2:1 ჰოფერი (58), 2:2 როდნი (60), 3:2 იბიშევიჩი (62)
გაფრთხილება: ბაბელი - დიკი, ტიფერტი
გაძევება: ბრააფჰაიდი (79. ჰოფენჰაიმი)
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 17-24; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17(8)-24(7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 30 150

 

კიოლნი-ბაიერნი 3:2
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, აიხნერი - ლანიგი, მატუშიკი - კლემენსი (91. იალსინი), პოდოლსკი, პეჟკო (90. ერეთი) - ნოვაკოვიჩი (81. ჟაჟალო).
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, ლუის გუსტავო (78. კლოზე) - ოტლი, პრანიჩი - ჰამით ალთინთოფი (64. რიბერი), შვაინშტაიგერი, თ. მიულერი - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (22), 0:2 ჰამით ალთინთოფი (43), 1:2 კლემენსი (55), 2:2 ნოვაკოვიჩი (62), 3:2 ნოვაკოვიჩი (73)
გაფრთხილება: ბადშტუბერი, ლამი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 17(6)-12(4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 50 000

 

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 1:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი (92. ლალა), პინტუ - შტინდლი (89. ჩაჰედი), რაუში - ია კონანი, აბდელაუ (80. შტოპელკამპი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჟოსუე (46. ჰელმესი), პოლაკი - დეჟაგა, დიეგო, თუნჯაი (73. სისერო) - გრაფიტე (73. მბოკანი).
მე-80 წუთზე დიეგომ (ვოლფსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გოლი: 1:0 პინტუ (5)
გაფრთხილება: ია კონანი - კიაერი, გრაფიტე, პეკარიკი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(4)-12(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 37 213

 

ნიურნბერგი-ლევერკუზენი 1:0
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი, ვოლშაიდი, მარო, პინოლა - სიმონსი - აიგლერი, ჰეგელერი, კოენი (85. მინტალი), ექიჩი (72. ხანდლერი) - შიბერი (90. ნილსონი).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, რაინარტცი, ჰიიპია, კადლეცი - ბალაკი (67. დერდიოკი), როლფესი - რენატო (59. სემი), ვიდალი, კასტრო (77. ლ. ბენდერი) - კისლინგი.
გოლი: 1:0 აიგლერი (60)
გაფრთხილება: კოენი - როლფესი, რენატო, კისლინგი
გაძევება: აიგლერი (86. ნიურნბერგი)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 25-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9(3)-11(0); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 34 113


ბორუსია (მ)-შტუტგარტი 2:3
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი (89. არანგო) - როისი, იდრისუ - მატმური (67. ჰანკე) - დე კამარგო (83. ჰერმანი).
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - ფუნკი (46. კუჟმანოვიჩი), ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო (46. ჰაინალი) - ტრეში, გენტნერი - გებჰარდტი, ბოკა - ჰარნიკი (79. შიპლოკი) - პოგრებნიაკი.
გოლები: 1:0 დანტე (29), 2:0 დე კამარგო (31), 2:1 პოგრებნიაკი (51), 2:2 ჰარნიკი (56), 2:3 გებჰარდტი (87)
გაფრთხილება: როისი - გებჰარდტი, ნიდერმაიერი
გაძევება: დანტე (87. ბორუსია მ.)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(5)-9(3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 39 132


ფრაიბურგი-აინტრახტი 0:0


ჰამბურგი-ზტ. პაული გადაიდო








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული