ბუნდესლიგა. XXI ტურის გამოხმაურება

AutoSharing Option
მიუნხენის „ბაიერნში“ ლუის ვან გაალისთვის ფეხბურთელების კონცენტრირება სერიოზული პრობლემა გახდა, ჰამბურგში კი სულაც ფეხბურთის თამაში. „შალკეს“ მეკარე მანუელ ნოიერმა აღიარა, რომ ამ ბოლო დროს ხელბურთის ილეთების გამოყენება დაიწყო - რამდენად კარგი იდეაა ეს, ამას რურის დერბიში შეამჩნევდით. ვოლფსბურგელმა დიეგომ თავი ისევ გაიმასხარავა, „ბაიერნის“ მცველის, ჰოლგერ ბადშტუბერის სიზანტეზე კი უკვე მითები ითხზება.


თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 21-ე ტურის გამოხმაურება თოპს & Fლოპს-ის სახით.


რომც არ წვიმდეს, თან იქონიეთ ქოლგა

„ჰამბურგის“ ნებისმიერ კარგ (ხაზგასმით, კარგ) სასტუმროში რომ შეხვიდეთ, მაგიდაზე აუცილებლად დაგხვდებათ მინიმუმ ადმინისტრატორის, მაქსიმუმ

დირექტორის (გააჩნია ვარსკვლავების რაოდენობას) მიერ ხელმოწერილი ბარათი, სადაც, გარდა იმისა, რომ დროის კარგად გატარებას გისურვებენ, ასევე გაგაფრთხილებენ: „რაც არ უნდა კარგი ამინდი იყოს, გარეთ გასვლისას აუცილებლად წაიღეთ ქოლგა.“ მიზეზი მარტივია: ჰამბურგში სულ წვიმს.

 

სწორედ ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმა გახდა იმის მიზეზი, რომ კვირას დაგეგმილი ჰამბურგული დერბი გადაიდო. HSV-ს სტადიონზე ახალი მინდორი დააგეს, მაგრამ იმის გამო, რომ დღე და ღამე წვიმდა, ბალახი ვერ გაიზარდა და კვირას ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა.


„ზანკტ პაულის“ სტადიონ „მილერნტორზე“ დიდი ეკრანები იყო დამონტაჟებული, სადაც „პაულის“ იმ ფანებს, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდებოდნენ, თამაშისთვის უნდა ეყურებინათ და რაკი ყველაფერი ჩაიშალა, 12 000-დან რამდენიმე ასეულმა ქომაგმა „ზანკტ პაულის“ ბარებს მიაშურა - რა თქმა უნდა, გამოსათრობად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბარს შეუტიეს „ჰამბურგის“ ულტრასებმა შუაღამისას და „ზანკტ პაულის“ გულშემატკივრებს დააყარეს. რამდენიმე პოლიციელს თავი გაუტეხეს, ათეულობით (ორივე გუნდის) ფანი კი საავადმყოფოში მოხვდა.


კლიმაქსი, დონ იუპ?

„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გამოცდილი, ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია. განრისხებული და გაცოფებულიც ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ამ დონეზე? არასდროს! ზოგადად, სანამ რამეს იტყვის, „დონ იუპი“ დიდხანს ფიქრობს ხოლმე, მაგრამ ამჯერად აღარ დაფიქრდა და ყველა გალანძღა. „ნიურნბერგთან“ წაგებული თამაშის (0:1) შემდეგ მან ჯერ თავისი შეგირდები გამოლანძღა, მერე მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, „ნიურნბერგის“ მწვრთნელი, ბოლოს კი მსაჯსაც შეუტია - კნუტ კირხერი ჩემს ფეხბურთელებს არ იცავდაო.

 

კლიმაქსი იქით იყოს (უბრალოდ, სათაურს უხდებოდა) და ჰაინკესი მტყუანი არ ყოფილა. „ნიურნბერგის“ ფეხბურთელები ლევერკუზენელებს 90 წუთის განმავლობაში "უგზო-უკვლოდ" ჩეხავდნენ და ჰაინკესსაც სწორედ ამიტომ მოეშალა ნერვები. თან, თამაშიც წააგო და სულ ბოლოს ისიც თქვა, იმედია, კირხერს მსაჯად აღარასოდეს დაგვინიშნავენო.


ვინ გვარცხვენს? პრანიჩი და ოტლი!

საყრდენი ნახევარმცველები ნებისმიერ გუნდსა და ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან. ჩამშლელების როლი სულაც გაორმაგებულია იმ გუნდებში, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე პოპულარული, 4-2-3-1 სქემით თამაშობენ. საყრდენებმა უნდა დაარეგულირონ ტემპი, მოედნის ცენტრშივე ჩაშალონ მეტოქის იერიშები, მოიგონ ცენტრი და ა.შ.

 

შაბათს, „ბაიერნი“ „კიოლნს“ 2:0-ს უგებდა და საბოლოოდ 2:3 რომ წააგო, ეს პირველ რიგში რეკორდმაისტერის ექვსიანების, ანდრეას ოტლისა და დანიელ პრანიჩის ბრალია. მათ განსაკუთრებით მეორე ტაიმში შეირცხვინეს თავი - თვითონ განსაჯეთ: ოტლსა და პრანიჩს მატჩის მეორე ნახევარში ერთი ორთაბრძოლაც კი არ მოუგიათ. ეს კი „ბაიერნისთვის“ ძალიან სამარცხვინო შედეგია - ისევე, როგორც კიოლნში წაგება, განსაკუთრებით მას მერე, რაც გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.


სადაც პრანიჩი და ოტლი თვლემდნენ, „კიოლნის“ ნახევარმცველებმა, ვინმე ადამ მატუშიკმა და ვინმე მარტინ ლანიგმა ინავარდეს. ვან გაალმა თავისი განტევების ვაცები, ოტლი და პრანიჩი მაინც 90 წუთი ათამაშა. ამ ეტაპზე სხვა გზა არ აქვს და იმიტომ...


რა სახელს აფუჭებს ეს ბიჭი

„ვოლფსბურგი“ „ჰანოვერთან“ აგებდა და მატჩის მიწურულს „მგლებმა“ პენალტი მიიღეს - პოგატეცი „წითლების“ საჯარიმოში დიეგოს ეუხეშა. რაკი თერთმეტმეტრიანი ბრაზილიელის მიერ იყო მოპოვებული, დარტყმაც თვითონ მოინდომა და როცა მასთან ახალწვეული პატრიკ ჰელმესი მივიდა, დამარტყმევინეო (ადრე „ვოლფსბურგში“ პენალტებს ედინ ჯეკო ურტყამდა ხოლმე), დიეგომ ზედაც არ შეხედა, უბრალოდ თავი გააქნია და გამომეტყველება ჰქონდა ისეთი, თითქოს ეუბნებოდა, შენ საერთოდ ვინ ხარო.

 

ბრაზილიელმა პენალტი ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს მოარტყა), რის გამოც „ვოლფების“ მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი სათადარიგოთა სკამიდან წამოხტა და ხელ-ფეხის ქნევას მოჰყვა - სტივმა თამაშის წინ პენალტისტად ჰელმესი დანიშნა. დიეგოს კომენტარი: „ჩემი აზრით, პენალტი მე უნდა დამერტყა. სადაც ვთამაშობდი, თერთმეტმეტრიანებს ყველგან მე ვურტყამდი ხოლმე!“


ფაქტია, რომ ამიერიდან ასე აღარ იქნება და ერთიც: დიეგო იტყუება ან თავს იტყუებს - „ვერდერში“ ჰო, მაგრამ ტურინის „იუვენტუსში“ მას მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინეს პენალტი და ისიც იმიტომ, რომ მაშინ მოედანზე არც დელ პიერო იყო, არც ტრეზეგე და არც იაკვინტა...


ჰოლგერ, შე კუ!

„კიოლნისა“ და „ბაიერნის“ მატჩის მე-19 წუთზე მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა მიუნხენური კლუბის ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი დაინდო და მოედნიდან არ გააგდო. ჰოლგერს მანამდე მილოვოე ნოვაკოვიჩმა (რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა სისწრაფით) გაასწრო და „ბაიერნის“ მცველმა მოცელა. იმ მომენტში ბადშტუბერს მაგრად გაუხარდა, რომ „წითელი ბარათი“ არ აუფრიალეს, მაგრამ მერე ნაღდად ინანებდა, რადგან უმჯობესი იყო, გაეგდოთ.

 

ეს იმიტომ, რომ „კიოლნის“ სამივე გოლი მის სინდისზეა და თანაც, ერთი პოზიციური შეცდომის, ორი კი მისი სიზანტის ბრალია. კლემენსის გოლის დროს მან პოზიცია სწორად ვერ შეარჩია და ზედმეტად მარჯვნივ იყო გადაწეული, რის გამოც კლემენსმა იოლად მიაღწია მეკარე კრაფტამდე და მარტივად გაუტანა. მერე კი იმავე ნოვაკოვიჩმა, რომელიც ტანმაღალია და რაც არ უნდა მოინდომოს, შესაშური სისწრაფე ვერც ექნება, ბადშტუბერს ორჯერ ისე გაასწრო, როგორც „პორშე 911 ტურბო“ გაასწრებს „ჰიუნდაი ტუკსონს“.


ჩვენი გერმანელი კოლეგები გერმანულად ღადაობენ, თამაშის შემდეგ ბადშტუბერს „ბაიერნის“ ავტობუსიც გაასწრებდაო.


ამხანაგო პინტუ!

ქვემოსაქსონიური დერბის (ჰანოვერი-ვოლფსბურგი 1:0) წინ, „წითლების“ ნახევარმცველმა სერჟიო პინტუმ ვოლფსბურგზე თქვა, როგორც ქალაქი, ოდნავადაც არ ვარგა, ეს ქალაქი კი არაა, „ფოლკსვაგენის“ დიდი ქარხანააო. პინტუს ასეთმა გამოხტომამ ვოლფსბურგის ობერბურგერმაისტერი (ანუ, ქალაქის მერი) ძალიან გაანაწყენა. როლფ შნელეკემ პინტუს მოუწოდა, სიტყვებს ჭკუა დააყოლეო. მთავარი კი ისაა, რომ პინტუმ სიტყვებს ჭკუა კი არა, საქმე დააყოლა: „ჰანოვერმა“ „ვოლფსბურგი“ სწორედ მისი მშვენიერი გოლით (25 მეტრიდან) დაამარცხა.



პაშამ გლადბახი ამოიჩემა

„შტუტგარტის“ რუს თავდამსხმელ პაველ პოგრებნიაკს მიმდინარე სეზონში სულ შვიდი გოლი აქვს გატანილი და აქედან ოთხი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეუგდო - სამი პირველ წრეში, როცა შვაბებმა „გლადბახი“ 7:0 გაანადგურეს, ერთიც ახლა (3:2 „შტუტგარტის“ სასარგებლოდ). მოკლედ, პოგრებნიაკი მიონხენგლადბახელთა რისხვაა, თუმცა რისხვა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. მაინც რა გააკეთა პაველმა? უბრალოდ იდგა და დგას ხოლმე იქ, სადაც საჭიროა, თორემ სხვამხრივ, მთელი თამაშის განმავლობაში ვერ შეამჩნევთ.


მარიო, მანუელი და ძელი

18 წლის მარიო გიოტცე ნელ-ნელა გერმანელების უსაყვარლესი ფეხბურთელი ხდება. რურის დერბიში მან ისევ ძალიან მაგრად ითამაშა და ერთადერთი, რაც სრულყოფილებამდე დააკლდა, გოლი იყო. ბევრი იდრიობლიორა, თუ ცოტა, გიოტცე რამდენჯერმე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ხან ბურთი ვეღარ წაათრია, ერთხელ „შალკეს“ მეკარე მანუელ ნოიერს ვერ გასცდა, ორჯერ ნოიერმა აუღო და ბოლოს, როგორც იქნა, პირისპირ კიდევ ერთხელ გასულმა, მისი მოტყუება კი შეძლო, მაგრამ ამჯერად ბურთი ძელს მოარტყა.

 

ხვალ გერმანიის ნაკრები დორტმუნდში იტალიას ხვდება. შოუ უნდა გაგრძელდეს!


ფორვარდი გატეხილი გულით

2011 წელს „კიოლნის“ თავდამსხმელ მილოვოე ნოვაკოვიჩს მეტოქის კარისკენ ერთხელაც (!) კი არ ჰქონდა დარტყმული. თვით „ვერდერთან“ 3:0-ზე მოგებულ მატჩშიც კი არ დაურტყამს, არცერთხელ! „ბაიერნთან“ კი ნოვამ სამჯერ დაარტყა და თანაც, ორი გოლი გაიტანა! არ დაგავიწყდეთ, მაინცდამაინც „ბაიერნთან“ და „თხებს“ თამაში მოაგებინა. საფინალო სასტვენის მერე კი ყველა რეპორტიორს უსიტყვოდ ჩაურბინა და კატაკომბებში გაუჩინარდა.


მიუხედავად კარიერის უმნიშვნელოვანესი დუბლისა, ნოვაკოვიჩი მაინც შეურაცხყოფილი იყო. საქმე იმაშია, რომ იანვრის მიწურულს, უფრო სწორად, ტრანსფერების ბოლო დღეს „კიოლნს“ ჰამბურგის ფორვარდ ჩუპო-მოტინგის ყიდვა უნდოდა და ტრანსფერი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ „კიოლნის“ ოფისში ფაქსის აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და როცა შეაკეთეს, სატრანსფერო ფანჯარა 12 წუთის დახურული იყო. ნოვაკოვიჩი განაწყენებული იყო იმის გამო, რომ „კიოლნს“ ახალი თავდამსხმელის ყიდვა უნდოდა.

 

თხების „თავკაცმა“ ფრანკ შეფერმა მატჩის მერე თქვა, ჩუპო-მოტინგის ყიდვა იმიტომ კი არ გვინდოდა, რომ „ნოვა“ არ მოგვწონს, უბრალოდ თავდასხმის გაძლიერება გვსურდაო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... შეფერმა ახლა სწორედ ასე უნდა ილაპარაკოს, რათა ნოვაკოვიჩი უფრო მეტად არ გააბრაზოს. ჩუპო-მოტინგი ხომ მაინც ვერ იყიდა და...


ბიჭო, ნოიერ, სადამდე?

იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, მარიო გიოტცე, ლუკას ბარიოსი, მატს ჰუმელსი, რობერტ ლევანდოვსკი - აი, იმ დორტმუნდელი ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებმაც რურის დერბიში რეალური, ასპროცენტიანი საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. რატომ? იმიტომ, რომ „შალკეს“ კარში ნოიერი იდგა, რომელმაც ყველაფერი (ასაღებიც, აუღებელიც) აიღო.


ნოიერით ყველა აღფრთოვანდა, „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა კი თქვა, მერე რა, გერმანიის ნაკრების მეკარეა და ასეთი თამაში სწორედაც მისი მოვალეობაა, აბა, როგორ გინდათო. რაც უფრო მედგრად უტევდა „დორტმუნდი“, ნოიერი მით უფრო მეტ რისკზე მიდიოდა. მატჩის შემდეგ მანუელმა თქვა, ხელბურთის მსოფლიოს ჩემპიონატს ვუყურებდი და სპორტის ამ სახეობის მეკარეებისგან ბევრი რამ ვისწავლეო...


ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-4-2)

მანუელ ნოიერი (შალკე) - ლუკაშ პიჟჩეკი (ბორუსია დ), მიშო ბრეჩკო (კიოლნი), დანტე (ბორუსია მ), კრისტიან შულცი (ჰანოვერი) - სერჟიო პინტუ (ჰანოვერი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), სვენ ბენდერი (ბორუსია დ), მარიო გიოტცე (ბორუსია დ) - ანდრე შიურლე (მაინცი), მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი)

 

მარიო გიოტცე და მანუელ ნოიერი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ მოხვდნენ. დებიუტანტი კი მხოლოდ ერთია: „ჰოფენჰაიმის“ საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან რუდი.


ტურის გმირი
მანუელ ნოიერი (შალკე)

 

„კიკერმა“ ტურის გმირად, რასაკვირველია, „შალკეს“ მეკარე დაასახელა. გელზენკირხენული კლუბი რურის დერბიში რომ არ განადგურდა, მხოლოდ მანუელის დამსახურებაა.


საუკეთესო ფეხბურთელები
21-ე ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მანუელ ნოიერი შალკე 2.50
2. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.50
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.62
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.68
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.69
7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.74
8. მარიო გომესი ბაიერნი 2.75
9. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77
10. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.79


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 16 3 19
2. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 8 17
3. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 15 1 16
4. თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
5. თომას მიულერი ბაიერნი 6 8 14
6. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 10 4 14
7. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 9 4 13
8. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 11 2 13
9. მარკო როისი ბორუსია (მ) 5 8 13
10. სეიად სალიჰოვიჩი ჰოფენჰაიმი 5 8 13

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული