გერმანელი დელ პიერო ნერვიულობს

AutoSharing Option
გერმანიისა და იტალიის ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირების წინ, რომელიც დღეს საღამოს დორტმუნდში გაიმართება, გერმანელთა მხრიდან ყურადღების ცენტრში 18 წლის ნახევარმცველი მარიო გიოტცეა. პირველ რიგში იმიტომ, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელი საკუთარი პუბლიკის წინაშე ითამაშებს (მარიო ხომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელია) და თანაც, გიოტცე ბრწყინვალე ფორმაშია.

ახალგაზრდა დორტმუნდელი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ყურადღება არც მანამდე აკლდა, მაგრამ „შალკესთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც დორტმუნდელებმა მართალია ვერ მოიგეს, მაგრამ მარიომ ძალიან კარგად ითამაშა, არა მარტო დორტმუნდში, არამედ მთელ გერმანიაში დიდი თუ პატარა გიოტცეზე ლაპარაკობს. სწორედ ამიტომ, გუშინ გამართულ

პრესკონფერენციაზე გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების წინაშე ფეხბურთელთაგან სწორედ მარიო გამოიყვანა. იტალიასთან მატჩი გიოტცესთვის მეორე იქნება გერმანიის ნაკრებში და ახალგაზრდა ფეხბურთელს აშკარად ეტყობა, რომ ცოტა ნერვიულობს. ლიოვმა კი თქვა, ამ ბიჭს ერთი რამე შევამჩნიე - როცა ნერვიულობს, მაშინ უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე მაშინ, როცა მშვიდადააო.

გერმანია-იტალია დორტმუნდში - რა გასაკვირია, რომ საფეხბურთო გერმანიას ეს მაშინვე 2006 წლის მუნდიალს, უფრო სწორად, მის ნახევარფინალს ახსენებს. მაშინ ბუნდესგუნდმა „სკუადრა აძურასთან“ ძალიან მტკივნეული მარცხი განიცადა (გროსოს და დელ პიეროს გოლები 119-ე და 120-ე წუთებზე). მარიო გიოტცე მაშინ 13 წლის იყო, მატჩს სახლში, ტელევიზორში უყურა და ვერ წარმოიდგენდა, რომ ხუთი წლის შემდეგ დორტმუნდში გერმანია ისევ რომ შეხვდებოდა იტალიას, თვითონ კი ბუნდესგუნდის განაცხადში იქნებოდა.

 

სხვათა შორის, ჩვენი გერმანელი კოლეგები გიოტცეს თამაშის სტილით არა რომელიმე ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს, არამედ იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს ამსგავსებენ და მასზე ამბობენ, რომ სტილით არც ერთ სხვა გერმანელ ფეხბურთელს არ ჰგავს. ლეგენდარული მათიას ზამერის თქმით, თუკი გიოტცე შეიძლება რომელიმე გერმანელ მოთამაშეს მიამსგავსო, მხოლოდ ანდრეას მიოლერს, რომელიც ასევე არატიპური გერმანელი ფეხბურთელი იყო. გიოტცე ისეთივე ტექნიკური, მოქნილი და მსუბუქია, როგორიც დელ პიერო იყო თავის საუკეთესო წლებში.

„ერთი მხრივ ვნერვიულობ და ამას ვერც დავმალავ, მაგრამ ნერვიულობას ის ფაქტი აბათილებს, რომ იტალიას დორტმუნდში ვეთამაშებით. ეს კი ჩემი მშობლიური ქალაქი და სტადიონია,“ - აცხადებს 18 წლის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ და იქვე დასძენს, ძირითად შემადგენლობაში ალბათ არ ვითამაშებ, მაგრამ მოედანზე ცოტა ხნითაც რომ გავიდე, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებაო. მარიოს ის ფაქტიც ამშვიდებს, რომ გერმანიის ნაკრების 21-კაციან განაცხადში (მარიო გომესი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა) მის გარდა კიდევ ოთხი დორტმუნდელია: მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი, კევინ გროსკროიტცი და დებიუტანტი სვენ ბენდერი.

„მარიო გიოტცე ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია მათ შორის, ვინც გერმანიას ოდესმე ჰყოლია. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც 18 წლის ასაკშიც კი სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობს. რაც მთავარია, მარიო პიროვნულადაც ძალიან მომწონს და აქედან გამომდინარე, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს“, - ეს ბუნდესმწვრთნელ ლიოვის სიტყვებია.

 

იტალიასთან მატჩით გერმანია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იწყებს მზადებას, თუმცა ბუნდესგუნდში არავინ მალავს, რომ „სკუადრა აძურასთან“ დაპირისპირება საფეხბურთო გერმანიისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი უბრალო ამხანაგური მატჩი.

„მეტსაც გეტყვით, ბევრისთვის ეს თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 26 მარტს კაიზერსლაუტერნში დაგეგმილი ოფიციალური მატჩი ყაზახეთთან და ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან გერმანიისა და იტალიის დაპირისპირება არ შეიძლება მხოლოდ ტესტ-მატჩი იყოს, - ეს ბუნდესგუნდის მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის სიტყვებია, რომელიც იქვე დასძენს, - ყველამ ვიცით, რომ იტალიის ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სკუადრა აძურა“ სუსტია. იტალია უდიდესი, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანაა და მერე რა, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდში ახლა უმეტესად გამოუცდელი ფეხბურთელები ჰყავს. იტალიაში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, კანავაროს, დელ პიეროს და პირლოს თაობა „აძურასთვის“ უკვე წარსულია და მინდა ვთქვა, რომ ახალ ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ.“

 


იტალია-გერმანია 14:7

რაც შეეხება იტალიისა და გერმანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირებების სტატისტიკას: ამ მხრივ იტალიელებს საგრძნობი უპირატესობა აქვთ და ფაქტია, რომ „სკუადრა აძურა“ ბუნდესგუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქეა. თავად განსაჯეთ: 1923 წლიდან გამართული 29 ჯახიდან, გერმანელებს მხოლოდ შვიდი აქვთ მოგებული. იტალიამ კი გერმანიის დამარცხება 14-ჯერ შეძლო (8 მატჩი ფრედ დასრულდა). შესაბამისად, ბურთების შეფარდებაშიც იტალიის უპირატესობა იკვეთება: 44:33. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებს მხოლოდ ინგლისთან აქვს ერთი წაგებით მეტი. იტალია და გერმანია უკანასკნელად ერთმანეთს სწორედ 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში შეხვდნენ, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

ის მართლაც ძალიან ემოციური და საინტერესი თამაში იყო, მაგრამ ისტორიას იტალიისა და გერმანის გაცილებით მძაფრი დუელიც ახსოვს. საუბარია 1970 წელს მექსიკაში გამართული მუნდიალის ნახევარფინალზე, რომელიც იტალიელებმა 4:3 მოიგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელიც შემდგომში საუკუნის მატჩად მოინათლა.


სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ბადშტუბერი (ან ჰუმელსი), შმელცერი - ხედირა, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
იტალია (4-3-2-1): ბუფონი - კასანი, რანოკია, კიელინი, კრიშიტო - აკვილანი, დე როსი, პალომბო - კასანო, როსი - პაცინი.

 

არბიტრი: ერიკ ბრამჰაარი (ჰოლანდია)

 

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული