იანვრის დასაწყისში, როცა მიუნხენის „ბაიერნი“ მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრებიდან დაბრუნდა (ბავარიელებმა შეკრება ყატარში გაიარეს), რეკორდმაისტერში ძალიან კარგი განწყობა იყო. მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი, ფეხბურთელები და ხელმძღვანელები დღენიადაგ იმეორებდნენ, რომ მეორე წრეში „ბაიერნი“ „შემოდგომის ჩემპიონ“ „დორტმუნდს“ მაგრად შეუტევდა და წნეხის ქვეშ მოაქცევდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა და ბავარიულ გრანდში ახლა ყველა უკმაყოფილოა.
ყველაზე დიდი უკმაყოფილება კლუბის ხელმძღვანელებს ეტყობათ. ბოსები ვერაფრით ეგუებიან იმას, რომ 21 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ 15 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი ამ ეტაპზე არა
„ჩემპიონობა უნდა დავივიწყოთ. ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მინიმალურ მიზანს მაინც მივაღწიოთ, ანუ, გავიდეთ მეორე ადგილზე. ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყდეს,“ - ეს სპორტული დირექტორის, კრისტიან ნერლინგერის სიტყვებია.
უკმაყოფილოა მწვრთნელიც. ვან გაალმა „კიოლნთან“ წაგების (2:3) შემდეგ პირდაპირ თქვა, განრისხებული, იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი ვარო. ჰოლანდიელი არ მალავს, რომ შეგირდებს კონცენტრაციის დაკარგვას და გაზულუქებას ატყობს. გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, ლუისთან რიგითი გულშემატკივარი მიიჭრა და მკაცრად ჰკითხა, რას ფიქრობდი, როცა ნახევარდაცვის ცენტრი პრანიჩსა და ოტლს ანდე, ტიმოშჩუკი დაცვაში ათამაშე, ხოლო მცველი ბრენო კი სულაც სკამზე დასვიო. ვან გაალს არ უყვარს, როცა მის საქმეში ერევიან და გაბრაზებულ ფანს მკვახედ მოუჭრა, თქვენ თუთიყუში ხართო. საქმე იმაშია, რომ მანამდე „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმაც იგივე თქვეს. თერთმეტი დღის წინ კი ლუისი რეკორდმაისტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, ოლივერ კანმა და მეჰმეთ შოლმაც გააკრიტიკეს - მარკ ვან ბომელი არ უნდა გაეყიდაო.
უკმაყოფილოები არიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც სათადარიგოთა სკამს ხეხავენ და ის მოთამაშეებიც, რომლებსაც ვან გაალი თავიანთ საყვარელ პოზიციებზე არ ათამაშებს. მაგალითად, ბასტიან შვაინშტაიგერი არ მალავს, რომ გამთამაშებლობა არ მოსწონს და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში უნდა. თომას მიულერს კი ფლეიმეიქერობა უნდა არ მოსწონს ის, რომ ლუისი ამ ბოლო დროს უმეტესად ფლანგზე ათამაშებს. ჰოლანდიელ სპეციალისტს აწ უკვე „ბაიერნის“ სათადარიგო მეკარემ, ჰანს-იორგ ბუტმაც შეუტია - ძირითადი შემადგენლობიდან აბსოლუტურად უმიზეზოდ ამომაგდო, რის გამოც შეურაცხყოფილი ვარო. სკამზე ჯდომის გამო ვან გაალზე გაბრაზებულები არიან ბრენო, დანიელ ვან ბუიტენი და მიროსლავ კლოზეც. მათთან ერთად, დღენიადაგ წუწუნებს თურქი ნახევარმცველი ჰამით ალთინთოფიც, რომელსაც ვან გაალი მხოლოდ მაშინ ენდობა ხოლმე, როცა ფრანკ რიბერი ან არიენ რობენი ვერ თამაშობენ. არადა, როცა ალთინთოფი მოედანზეა, თითქმის ყოველთვის კარგად თამაშობს.
ერთი სიტყვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერში ფეთქებადი სიტუაციაა, „ბაიერნი“ დენთის კასრზე ზის და თუ ასე გაგრძელდა, ვან გაალი ჯერ „ჩემოდნებზე გადაჯდება“, მერე კი აუცილებლად მოხსნიან. კაპიტან ფილიპ ლამის თქმით, მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს. ამასობაში, რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი და „ინტერთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩებიც კარს მოადგა...