ჯერ სადა ხართ...

AutoSharing Option

კლოპმა კონკურენტები შეაშინა: დორტმუნდს შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ გამოუვლენია!


საფეხბურთო გერმანიაში ყველა დორტმუნდის „ბორუსიას“ ბრწყინვალე თამაშზე ლაპარაკობს, გერმანიის ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი კონკურენტებს უფრო მეტად აშინებს: „შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში BVB-ს თავკაცი ამბობს, რომ მის გუნდს შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ გამოუვლენია.


- ჰერ კლოპ, „შპორტ აინსმა“ დიდი გამოკითხვა ჩაატარა და ჩვენმა მკითხველებმა თქვენი გუნდი 2010 წლის საუკეთესოდ დაასახელეს – მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ გახდა და მიუნხენურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა...

- ...ჰო, მაგრამ „ბორუსიამ“ ამ სეზონის პირველი ნახევარი იმდენად შთამბეჭდავად ჩაატარა, რომ არ მიკვირს, ხალხმა წლის კლუბად მაინც ჩემი გუნდი რომ აღიარა.

- ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ ჩემპიონობაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზედმეტად ფრთხილი ხართ?
- არ ვიცი, რას ფიქრობენ სხვები, თუმცა ლოგიკურია, რომ ბუნდესლიგის უმთავრეს ფავორიტად ყველა ჩვენ გვასახელებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ, ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და მე ჩემპიონობაზე არ ვფიქრობთ. უფრო სწორად, ჯერ არ ვფიქრობთ. თუმცა იმის მტკიცება, რომ ფავორიტები არ ვართ, ჩემი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იქნებოდა. ნამდვილად არ მინდა, რომ ხალხმა დამცინოს. ძალიან კარგად ვიცით, რომ თითქმის ყველა თამაშში ფავორიტები ვართ. ახლა უკვე ყველა სხვანაირად გვიყურებს, ყველას ჩვენი დამარცხება უნდა. სეზონის დასაწყისში კი ასე ნამდვილად არ იყო.

- მეორე ადგილზე მყოფ „ლევერკუზენს“ 12 ქულით უსწრებთ, სხვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როგორ ფიქრობთ, კონკურენტები არიან წელს ძალიან სუსტები თუ „ბორუსიაა“ ასეთი მაგარი?
- ჩვენ მართლა მაგრები ვართ და ჩვენი კონკურენტები ნამდვილად არ არიან სუსტები. ყველა ტურში ვგრძნობთ, რამდენად რთულია ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში წარმატების მიღწევა. თითოეული გამარჯვების უკან ჯოჯოხეთური შრომა დგას და მინდა, რომ ეს ყველამ იგრძნოს, ყველამ დააფასოს ჩვენი შრომა.

- თუ ასეა, რატომ გავარდა „დორტმუნდი“ ევროპის ლიგიდან?
- ჯგუფური ეტაპის გადალახვის ძალიან კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ამდენს ვეღარ გავწვდით. ორ ფრონტზე ბრძოლა ჩვენ კი არა, ჩვენზე გაცილებით ძლიერ და გამოცდილ გუნდებსაც უჭირთ. ვერავინ იტყვის, რომ „ბორუსია“ ევროპის ლიგის მატჩებში ნაკლებად კონცენტრირებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნდესლიგას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შესაბამისად, ეს შედეგზეც აისახა. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მწყინს, რომ ევროპის ლიგიდან გამოვარდით.

- ექსპერტები ხშირად იმეორებენ, „დორტმუნდი“ ძალიან მაგრად თამაშობს, მაგრამ ჯერ მაინც არ არის ჩემპიონური სულისკვეთების გუნდიო...
- უკაცრავად, მაგრამ ამ ექსპერტებმა იციან, რამდენია ჩემი გუნდის საშუალო ასაკი? ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ყველა თამაშში მაქსიმუმს მივაღწიოთ და შეიძლება ითქვას, რომ ამას ვახერხებთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და არა 90 წუთის განმავლობაში. მეტსაც გეტყვით: ამ სეზონში ჩემს გუნდს შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არცერთ თამაშში არ გამოუვლენია. „ბორუსიას“ კიდევ უფრო უკეთ თამაში შეუძლია.

- 2008 წელს, როცა გუნდი ჩაიბარეთ, დორტმუნდში გერმანიის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობდა. ახლა კი, მაგალითად, იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში იოახიმ ლიოვს ხუთი ბორუსიელი ჰყავდა გამოძახებული...
- ...და მე ეს ძალიან მიხარია. ნაკრებში თამაში ნებისმიერი გერმანელი ფეხბურთელის ოცნებაა და ის ფაქტი, რომ ბუნდესგუნდში ხუთი ბორუსიელი იხმეს, აბსოლუტურად ლოგიკურია.

- ბევრმა თქვა, სვენ ბენდერისთვის ნაკრებში გამოძახება ნაადრევი იყოო. თქვენ რას ფიქრობთ?
- არ ვეთანხმები. ისევე, როგორც ჰუმელსი, გიოტცე, გროსკროიტცი და შმელცერი, სვენიც ძალიან კარგ სეზონს ატარებს და „დორტმუნდის“ ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. შესაბამისად, გერმანიის ნაკრებში გამოძახება მანაც დაიმსახურა.

- გიოტცე 18 წლისაა, ბენდერი 21-ის. მათმა პროგრესმა გაგაოცათ?
- შესაძლოა, ვინმესთვის ეს საოცარი იყოს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ლოგიკურია, რადგან მარიოსაც და სვენსაც ყოველდღე ვაკვირდები და პროგრესი ჩემს ხელში განიცადეს.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ გიოტცეს და კომპანიას დიდი მომავალი აქვთ?
- ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არასდროს არაფერია გამორიცხული. აქედან გამომდინარე, წინასწარ გადაჭრით ვერაფერს იტყვი. არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ ფეხბურთელს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ იმედები საერთოდ ან ბოლომდე ვერ გაამართლა. რაღა შორს წავიდეთ, ყოფილი დორტმუნდელის, ლარს რიკენის მაგალითიც საკმარისია. აღარაფერს ვამბობ სებასტიან დაისლერსა და სხვებზე. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ გიოტცე და კომპანია იმედებს ვერ გაამართლებენ და დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ, ეს ნამდვილად არ იქნება იმის ბრალი, რომ მათ ამის პოტენციალი არ გააჩნდათ. ყველაზე მეტად მაინც გიოტცესი მეიმედება და ძალიან არ მინდა, რომ მან რიკენის ბედი გაიზიაროს.

- ხომ არ გეშინიათ, რომ წამყვან ფეხბურთელებს სუპერგრანდები იყიდიან და აწყობილი გუნდი დაგეშლებათ?
- შიში და ნერვიულობა არასწორი ინტერპრეტაციაა იმ გრძნობისა, რაც მე ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს. ცხადია, ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ ფინანსურად შენზე გაცილებით ძლიერმა გუნდმა წამყვანი მოთამაშე ისე წაგართვას, რომ წინააღმდეგობაც ვერ გაუწიო. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, ისე ვითამაშოთ და გუნდში ისეთი ატმოსფერო შევქმნათ, რომ სხვაგან წასვლა არცერთ ფეხბურთელს არ მოუნდეს. ხომ ხედავთ, ყველამ ახალი კონტრაქტი გააფორმა, სხვაგან წასვლა არავის უნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსიასთან“ ცოტა ხნის წინ თქვენც ახალი ხელშეკრულება გააფორმეთ, „ლივერპულის“ ხელმძღვანელები გეპატიჟებოდნენ. არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ თქვენი მომდევნო გაჩერება ან მიუნხენის „ბაიერნი“ ანაც პირდაპირ გერმანიის ნაკრები იქნება...
- არც „ლივერპულიდან“ შემხმიანებია ვინმე, არც „ბაიერნიდან“ და არც გერმანიის ნაკრებიდან. რომც დაერეკათ, შანსი არ ექნებოდათ, რადგან „ბორუსიას“ არ მივატოვებ. რა იქნება მომავალში, ეს არავინ იცის.

- რამდენად წარმოგიდგენიათ ის, რომ დორტმუნდში ძალიან დიდხანს იმუშავოთ. მაგალითად ისე, როგორც არსენ ვენგერია „არსენალში“ ან სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში“?
- ეს ძალიან კარგად წარმომიდგენია და სხვათა შორის, ძალიან მომწონს, როცა მწვრთნელი რომელიმე გუნდში ხანგრძლივ ერას ქმნის. „მაინცში“ შვიდწელიწადნახევრის მანძილზე ვმუშაობდი და ესეც საკმაოდ დიდი დროა. თუკი კონტრაქტის ბოლომდე „ბორუსიაში“ ვიმუშავებ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, გამოვა, რომ BVB-ს ექვსი წლის მანძილზე ვემსახურე და ესეც ძალიან დიდი დრო იქნება.

- წყალი არ გაუვა იმას, რომ „ბორუსია“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. მატჩებზე ისევ „ბორუსიას“ სპორტული ქურთუკით იქნებით ხოლმე, თუ პიჯაკს ჩაიცვამთ?
- პირველი: ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. მეორე: ევროპის ლიგაში კოსტუმიც მეცვა და თუ გახსოვთ, ჰალსტუხიც მეკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული