მატს ჰუმელსი "ბაიერნში": უკუეფექტი თუ სასარგებლო ტრანსფერი?

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მატს ჰუმელსი "დორტმუნდიდან" მიუნხენის "ბაიერნში" მიდის. მეტიც, ზოგიერთ გერმანულ საინფორმაციო საშუალებას თუ ვენდობით, ეს საკითხი გადაწყვეტილია კიდეც. "ბაიერნი" ტრადიციას არ ღალატობს და უშუალო კონკურენტის გამორჩეული ფეხბურთელი მიჰყავს.

დადებითი მხარე
ჰუმელსი ქვეცნობიერად მიიჩნევს, რომ მან "დორტმუნდში" უკვე ამოწურა საკუთარი თავი. ახლა "სიგნალ იდუნა პარკზე" ახალი გუნდი შენდება. გუნდი, რომელიც ეკუთვნის თომას ტუხელს.

იურგენ კლოპის ერის დასრულების შემდეგ იმ დაუვიწყარი წარმატებების რამდენიმე მთავარ მონაწილეს, ვინც ჯერ კიდევ შემორჩა "დორტმუნდს", ახალი გამოწვევა და გუნდი სჭირდება.

"რეკორდმაისტერის" შეფობამ კარგად იცის,
რასაც აკეთებს. ის კიდევ უფრო ასუსტებს ერთადერთ კონკურენტს ბუნდესლიგაში, რაც იმის წინაპირობაა, რომ შინაურ ასპარეზზე მომავალ სეზონშიც "ბაიერნი" იჩემპიონებს.

რეკორდმაისტერის პრობლემა
თვალის ერთი გადავლებით ამ ფორმაციის "ბაიერნს" რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის. პეპ გვარდიოლას კარლო ანჩელოტი შეცვლის. კარლო დაბალანსებული ფეხბურთის მომხრეა, მაგრამ მას ძალიან უყვარს წესრიგი დაცვაში. საერთოდ, ეს ყველა მწვრთნელს უყვარს.

დღევანდელ "ბაიერნს" უკანა ხაზში აშკარა პრობლემები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება დაცვის ცენტრს. გეხსომებათ, ჟერომ ბოატენგის არყოფნაში ამ პოზიციაზე ფლანგელი დავიდ ალაბა თამაშობდა. ბოატენგს აუცილებლად სჭირდება უმაღლესი კლასის, კვალიფიციური მეწყვილე დაცვის ცენტრში.

მიუნხენური კლუბის მიერ დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდმა მაროკოელმა მცველმა, მეჰდი ბენატიამ მოლოდინი ვერ გაამართლა. გარდა იმისა, რომ მაროკოელს არ აქვს სასურველი სათამაშო დრო, ის ვერა და ვერ შევიდა ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

მატს ჰუმელსი უმაღლესი კლასის მცველია. მას თავისუფლად შეუძლია, იყოს "ბაიერნის" დაცვის ლიდერი. გერმანული კლუბის უკანა ხაზი უნაკლო რომ ვერაა, ეს თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ორმა ნახევარფინალმა აჩვენა, მადრიდის "ატლეტიკოსთან".

უარყოფითი მხარე
რამდენადაც გასაკვირად უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენი აზრით, ამ ტრანსფერს "ბაიერნისათვის" უარყოფითი მხარეც აქვს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა შინაურ ასპარეზზე პირველობ, ბუნდესლიგას მის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იგებ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

ბოლო წლებში ფინანსურად ბევრად მდიდარი "ბაიერნი" საშუალებას არ აძლევს "დორტმუნდს", ჩემპიონატში ბოლომდე გაუწიოს მას კონკურენცია. მიუნხენურ გრანდს "დორტმუნდის" საუკეთესო ფეხბურთელები თავისთან მიჰყავს.

ასე მოხდა მარიო გიოტცეს შემთხვევაში. "ბაიერნმა" გერმანული ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა" და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი თავისთან წაიყვანა. "ბაიერნი" მარიოს შესაბამისად ვერ იყენებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუნხენში, თითქოს, გაუფერულდა და ერთი რიგითი მოთამაშე გახდა.

ადრე "დორტმუნდს" წარმოადგენდა რობერტ ლევანდოვსკი, ვინც "რეკორდმაისტერს" შესანიშნავად შეეწყო. წარმოიდგინეთ, რა ძალა იქნებოდა ახლა "დორტმუნდი", ეს ორი ფეხბურთელი რომ ჰყავდეს.

არის აზრი, რომ "ბაიერნს" ბოლო ორი წელია, ევროთასებზე წარმატების მიღწევაში ხელს ის გარემოება უშლის, რომ ის ძალიან ადრე და იოლად იგებს ბუნდესლიგას. ეს "რეკორდმაისტერის" მოთამაშეების მოდუნებას იწვევს.

ლიდერობისათვის მოწოდებული
"ბაიერნში" ახალი ხანა დგება, ახალი მწვრთნელითა და, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი ფეხბურთელებით. ყველა მწვრთნელს სჭირდება ლიდერი მინდორზე და ის აუცილებლად დასჭირდება კარლო ანჩელოტისაც.

ვინ იცის, ეს ლიდერი სწორედ მატს ჰუმელსი იყოს. მით უმეტეს, მას საამისოდ ყველა თვისება აქვს. "ბაიერნს" სჭირდება ახალი სისხლი და ამის ნათელი დასტური გერმანული გრანდისათვის უკვე ჩავლილი ევროთასები იყო.

როგორც ჩანს, "ალიანც არენაზე" სულ მალე ძალიან დიდი, სერიოზული გარდაქმნები დაიწყება. "ბაიერნმა" თანდათან უნდა იფიქროს ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელებზე.

"ბაიერნს" აქვს საამისო ფინანსური რესურსი და მსოფლიო ფხბურთშიც მოიძებნებიან ასეთი მოთამაშეები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჰუმელსის შემდეგ კიდევ რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს უნდა ველოდოთ.

ვინ არის რიგში, ეს "რეკორდმაისტერის" შეფობამ უკეთესად უწყის, თუმცა ცხადია, რომ ისინი უპირველესი ვარსკვლავები იქნებიან თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიუნხენის ბაიერნს აუცილებლად სჭირდება გერმანელი მწვრთნელი და არა ვიღაც ესპანელები და გაურკვეველი წარმომავლობის ემიგრანტები! ასევე საკუთარ გერმანელ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ბაიერნს უნდა ჰქონდეს გერმანული ხასიათი, ბეკენბაუერი, რუმენიგე, ული ჰიონესი, გერდ მიულერი!
Aburjga
12:23 07-05-2016
0
სულ მაინტერესებს, ბაიერნზე ასეთ კომენტარებს რომ წერთ (თან რამდენი ხართ, სად დამრავლდით) რანაირად გაამწარა თქვენი გუნდი, რამდენი გოლი შეგიგდოთ, როგორ ''გაგიფუჭათ'' ბილეთი რომ ყველა სტატიის ბოლოს, რომელიც ბაიერნს ეხება, აქ და არა მხოლოდ ამ საიტზე, უარყოფით კომეტარებს წერთ ^^ იმედია უარესებს გიზამთ მომავალშიც, პატივისცემით, რიგირთი ბავარიელი
1 კითხვა
23:46 06-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული