რობენ, შე ძველო!

AutoSharing Option

დაე ძრწოდეს მილანის ინტერი


ვერც ტურის გმირად დავასახელებთ და ვერც ანტიგმირად, ვერც თOPშ-ში შეგვყავს და ვერც FLOPშ-ში - სწორედ ამიტომ, „შალკეს“ მწვრთნელ ფელიქს მაგათზე და მის ახალ „საქმიანობაზე“ შესავალში უნდა ვისაუბროთ. წინა კვირის მიწურულს „დესპოტი ფელიქსი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაწევრიანდა და მთავარ ფოტოდ ისეთი სურათი დადო, დაბადებიდან დღემდე ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ რომ შეეძლებოდა ფოტოგრაფს მისთვის ასეთის გადაღება. საქმე იმაშია, რომ იმ ფოტოზე ფელიქსი ძალიან მაგრად, თანაც, გულახდილად იცინის. უფრო სწორად, ხარხარებს.

თუმცა ფოტოზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეებია. მაგათს ფეისბუქზე

გაწევრიანება, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოუვიდოდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „შალკეს“ ფანებს კრიტიკის ქარცეცხლში რომ არ გაეტარებინათ. ისიც საკითხავია, თვითონ მოისურვა განრისხებულ ფანებთან ინტერნეტით ურთიერთობა, თუ ზემოდან უბრძანეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ფელიქსს თავის გვერდზე ვიდეოც უდევს - თუ როგორ ზის კომპიუტერთან და როგორ ეკონტაქტება ფანებს. სხვა საქმეა ის, რომ ვიდეოში ისე გამოიყურება, თითქოს „შალკეს“ ბოსმა კლემენს ტიონიესმა ოთახში ჩაკეტა და უთხრა, სანამ გულშემატკივრებს არ შემოირიგებ, არც საჭმელს მიიღებ და არც სასმელსო.

ფელიქსიც დარეგისტრირდა, წერაც დაიწყო და 3-4 დღის შემდეგ მისი პროფილი უკვე 90 000-ზე მეტ ადამიანს მოსწონდა. მაგათი ფეისბუქზე ყოველდღე პოსტავს და ფანებსაც პასუხობს. ბევრი აქებს, უფრო მეტი აკრიტიკებს და ზოგიც სასტიკად ლანძღავს.
ახლა კი მთავარი, უფრო სწორად, ყველაფერი რაც ბუნდესლიგის 22-ე ტურს უკავშირდება. თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 22-ე ტურის გამოხმაურება თოპს & Fლოფს-ის სახით.


ბაბელი სოფლელებს ვერ ეგუება

„ბაიერნთან“ მატჩში „ჰოფენჰაიმის“ ძვირფასი ახალწვეული რაიან ბაბელი მუდმივად იქით მირბოდა, სადაც ფიქრობდა, რომ საჭირო იყო, მაგრამ ყველგან აგვიანებდა. მატჩის განმავლობაში რაიანის მოქმედების არეალი თანდათანობით იზრდებოდა, მაგრამ თამაშზე გავლენა ვერა და ვერ მოახდინა. პირველ ტაიმში ბაბელმა მხოლოდ რვა პასი გააკეთა - აქედან, ექვსი პასი ან უკან, ანაც გვერდით და მხოლოდ ორი წინ. ამ ორიდანაც, ადრესატამდე მხოლოდ ერთი პასი მივიდა. მეორე ტაიმში უკეთ კი ათამაშდა, მაგრამ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
ბაბელმა „შალკესთან“ და „კაიზერსლაუტერნთან“ მეტნაკლებად ნორმალურად ითამაშა, აი, „ბაიერნთან“ კი პირწმინდად ჩაისვარა. ჯერჯერობით მას „ჰოფენჰაიმში“ მხოლოდ სახელი და ათნომრიანი მაისურა აქვს.


გლადბახი ვაის გაეყარა და უის შეეყარა

მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ მიხაელ ფრონტცეკს ისედაც ძალიან ბევრი მოუთმინეს და აპატიეს, შაბათს, „ზანკტ პაულისთან“ განცდილი მარცხი (1:3) კი ბუნდესლიგის უიმედო აუტსაიდერის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალაში აშკარად ბოლო წვეთი იყო. ფრონტცეკი გააგდეს! გუშინ კი, „გლადბახის“ ბოსებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე ახალი კაცი წარადგინეს - ლუსიენ ფავრი, რომელიც შარშან ბერლინის „ჰერტას“ წვრთნიდა. შეგახსენებთ, რომ წელს „ჰერტა“ მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს...



ყველაფერში დამნაშავე დიტერია

უშველის თუ არა „გლადბახს“ ფავრი, ჯერ მაინც რთული სათქმელია და ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი, მაგალითად „ვოლფსბურგს“ მწვრთნელის შეცვლამ ჯერ ვერ უშველა. სტივ მაკლარენის შემცვლელ პიერ ლიტბარსკის ხელმძღვანელობით „მგლებმა“ პირველივე თამაში წააგეს - თანაც, საკუთარ მოედანზე (ჰამბურგთან 0:1).
„ვოლფსბურგის“ ფანებს კი სულ სხვა ვინმე, კერძოდ, გუნდის მენეჯერი დიტერ ჰიონესი ამოუვიდათ ყელში. წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც ეს კაცი „ვოლფსბურგს“ ხელმძღვანელობს და უკვე მესამე მწვრთნელი დანიშნა, შედეგი კი არ ჩანს. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ „ჰამბურგთან“ მატჩის დროს ვოლფსბურგელი ფანები ჰიონესის გადადგომას მოითხოვდნენ. გერმანიის ექს-ჩემპიონმა ბუნდესლიგის ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, გერმანიის თასიდან კი მეორებუნდესლიგელმა „კოტბუსმა“ გააგდო. ფანების აზრით, ყველაფერში დამნაშავე სწორედ დიტერ ჰიონესი და მისი მართვის აბსოლუტურად არასწორი პოლიტიკაა. რაღა შორს წავიდეთ, იანვარში დიტერმა ექვსი ახალი ფეხბურთელი იყიდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი თამაშობს ნორმალურად - პატრიკ ჰელმესი. თუნჯაი სანლი და იან პოლაკი კი საუკეთესო შემთხვევაში საშუალო დონის მოთამაშეები არიან. „ჰამბურგთან“ ჟოსუე 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ანდრეა ბარძალი კი ჰიონესმა „იუვენტუსში“ სულ ძალით გაუშვა. ჟოსუეც და ბარძალი ჩემპიონ, მაგათისდროინდელი „ვოლფსბურგის“ მთავარი გმირები იყვნენ. ჰიონესის მიერ დიდი ზარზეიმით ნაყიდი სიმონ კიაერი დაცვაში არაფრად ვარგა, სხვა პოზიციაზე კი თამაში არ შეუძლია. დანიელი მხოლოდ უხეშობით გამოირჩევა და სწორედ მისი უხეშობა დაუჯდა „ვოლფსბურგს“ გაშვებული გოლის ფასად (პეტრიჩის პენალტი). მოკლედ, დიტერ ჰიონესს არგუმენტები აშკარად გამოელია.


უნამუსო მათიას ლემანი

ჯერ სამარცხვინოდ იცრუა, მერე კი ამით ამაყობდა - მათიას ლემანმა ამ უქმეებზე სპორტულ სულისკვეთებას შუა თითი უჩვენა. „სანკტ პაულისა“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მატჩის დროს ლემანი და „გლადბახის“ თავდამსხმელი იგორ დე კამარგო ერთმანეთს წაეკიდნენ (მანამდე ლემანმა მოცელა) და ის ის იყო, ერთმანეთს შუბლები მიადეს, რომ ლემანი ისე წაიქცა, თითქოს სახეში ურო უთავაზეს. მსაჯი ვოლფგანგ შტარკი ამაზე წამოეგო და დე კამარგო მოედნიდან გააძევა. იმ დროს „გლადბახი“ „ზტ. პაულის“ 1:0-ს უგებდა, დე კამარგოს გაძევების შემდეგ კი სამი გოლი მიიღო. ლემანმა კი უტიფრად თქვა, მშვენიერი საჩუქარი მომიზადა და ფეხზე როგორ დავრჩებოდი, რა თქმა უნდა, მაშინვე დავეციო. მან ისიც აღიარა, რომ ისიმულანტა და თქვა, რომ ამაყობს მიღწეულით. გერმანიის საფეხბურთო ლიგა მათიას ლემანს ალბათ დისკვალიფიკაციას მიუსჯის, მაგრამ ამით „გლადბახს“ რა?


ლიოვმა ტასკის ტელეფონის ნომერი ალბათ უკვე წაშალა

ზაფხულში გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა არაერთი ის ფეხბურთელი შეინდო, რომლებსაც მანამდე ძალიან იშვიათად ათამაშებდა ხოლმე და აგვისტოში, დანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) ბუნდესგუნდის ფორმა ისეთ მოთამაშეებს მოარგო, როგორებიც არიან კრისტიან შულცი, კრისტიან ტრეში, თომას ჰიტცლშპერგერი, აარონ ჰანტი, სერდარ ტასკი და სხვები.
ამ შემთხვევაში თქვენი ყურადღების გამახვილება „შტუტგარტის“ მცველ ტასკიზე გვსურს, რომლისთვისაც დანიასთან მატჩი უკანასკნელი იყო გერმანიის ნაკრებში. ფაქტია, რომ ლიოვი ამ უკანასკნელს კიდევ ძალიან დიდხანს არ გამოიძახებს. „ნიურნბერგმა“ „შტუტგარტს“ 4 გოლი გაუტანა და აქედან ორი სწორედ ტასკის სინდისზე იყო. მას ორივერჯერ იულიან შიბერმა აჯობა, თანაც ისე, რომ სიტყვა „აჯობა“ ამ შემთხვევაში ძალიან რბილი ნათქვამია.


რას ჩადიხარ, იულიან?

აქვე შიბერის შესახებაც უნდა დავწეროთ, ოღონდ დადებით კონტექსტში. ფრანკების ახალგაზრდა თავდამსხმელმა შაბათს იმ გუნდს შეუსრულა დუბლი, რომელსაც ეკუთვნის და რომელშიც ზაფხულში უნდა დაბრუნდეს, რადგან „ნიურნბერგში“ არენდით თამაშობს. არადა, დიდი შანსია, რომ ზაფხულში „შტუტგარტი“ უკვე მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი იყოს, „ნიურნბერგს“ კი ელიტიდან გავარდნის საფრთხე არ ემუქრება.


არიენი და ფილიპი დაძმობილდნენ

არიენ რობენმა „ჰოფენჰაიმთან“ რომ იფრინა, ეს მეტწილად ფილიპ ლამის დამსახურება იყო, ვინც „ბაიერნის“ ფლანგზე რობენისთვის იდეალური პარტნიორია. საუკეთესო მაგალითი მიუნხენელთა მესამე გოლია: „ჰოფენჰაიმის“ მარცხენა მცველ დავიდ ალაბას ბურთი საკუთარ ნახევარზე ჰქონდა, როცა ფილიპ ლამი მიეჭრა და პასის უკანასკნელი გზა გადაუკეტა. ფილიპმა ბურთი ჩაიგდო და მაშინვე რობენს უპასა, რომელმაც ჩვეულად გაინავარდა, სამ „სოფლელს“ გასცდა და იდეალური გოლი გაიტანა. ლამი და რობენი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ.


ვიდალი აღარ ხუმრობს

მიხაელ ბალაკი „აინტრახტთან“ ერთი წუთიც რომ არ ათამაშეს, ეს არტურო ვიდალის ბრალია, რომელიც რამდენიმე კვირაა, საუკეთესო ლევერკუზენელად გვევლინება. ვიდალი დღესდღეობით საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა თამაშობდეს ცენტრალური ნახევარმცველი. ამ სეზონში მას უკვე 9 საგოლე პასი და ამდენივე გოლი აქვს (6 პენალტით). ამიტომაცაა, ჰაინკესი მას საუკეთესო ეპითეტებით რომ ამკობს, ბალაკის შესახებ კი მხოლოდ ნუგეშის სიტყვები თუ დასცდება ხოლმე.


რიბერი რობენამდე

„1:0 „ბაიერნის“ სასარგებლოდ, გოლი აბსოლუტურად დამსახურებულია,“ - ამბობდა „სკაის“ კომენტატორი მარიო გომესის გოლის შემდეგ. არადა, მატჩის დაწყებიდან მხოლოდ წუთი და 24 წამი იყო გასული. მიუხედავად ამისა, კომენტატორს ვერ შევეწინააღმდეგებით - გოლი მართლა დამსახურებული იყო. გომესის ამ გოლმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „ბაიერნი“ რიბერისთან და რობენთან ერთად სულ სხვა გუნდია. ჰოლანდიელთან ერთად, ფრანგი დრიბლიორიც ფორმაში შედის. ნაღდად დროა!


ინტერს ეშინოდეს!

არიენ რობენმა ამ სეზონში „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში სამჯერ ითამაშა, რეკორდმაისტერმა სამივე თამაში მოიგო, ჰოლანდიელმა კი სამივე შეხვედრაში შეძლო გოლის ან გოლების გატანა. „ჰოფენჰაიმთან“ 4:0-ზე მოგებულ მატჩში რობენმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მისი დაბრუნება და ფორმაში შესვლას ყველას უხარია, გარდა მილანის „ინტერის“ ქომაგებისა...

XXII ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
ჰაინც მიულერი (მაინცი) - ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), სამი ჰიიპია (ლევერკუზენი), პედრო ჟერომელი (კიოლნი) - მარტინ ლანიგი (კიოლნი) - არიენ რობენი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) - ჯერალდ ასამოა (ზანკტ პაული), მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი), იულიან შიბერი (ნიურნბერგი)

 

ტურის გმირი
არიენ რობენი (ბაიერნი)

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ „კიკერმა“ ტურის გმირად სწორედ არიენ რობენი დაასახელა.


საუკეთესო ფეხბურთელები
22 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მანუელ ნოიერი შალკე 2.52
2. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.57
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
4. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.64
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.67
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.68
7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.75
8. მარიო გომესი ბაიერნი 2.77
9. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77
10. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.78

 

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 17 3 20
2. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 9 18
3. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 15 1 16
4. თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
5. თომას მიულერი ბაიერნი 7 8 15
6. იულიან შიბერი ნიურნბერგი 6 9 15
7. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 11 4 15
8. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 9 5 14
9. ანდრე შიურლე მაინცი 10 4 14
10. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 9 4 13
გოტფრიდ ლენცი


ბრენო და კლოზე გაბრაზდნენ

„ბაიერნის“ მცველი ბრენო და თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე არ მალავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მათ ძალიან იშვიათად ათამაშებს. გერმანიის ნაკრების ფორვარდმა და ბრაზილიელმა მცველმა „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის დროს 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს. „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კლოზე არ მალავს, რომ ზაფხულში რეკორდმაისტერიდან წასვლაზე ძალიან სერიოზულად ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს მირომ იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:1) გოლი გაიტანა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კლოზეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი სწორედ ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ბრენო კი პირდაპირ ითხოვს, რომ ხშირად ათამაშონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 21 წლის ნიჭიერი მცველიც „ბაიერნიდან“ წასვლით იმუქრება. ვან გაალი დღესდღეობით დაცვის ცენტრში ანატოლი ტიმოშჩუკისა და ჰოლგერ ბადშტუბერის წყვილს ენდობა.
გოტფრიდ ლენცი


ელია: მათამაშეთ, ან გამიშვით!

„ჰამბურგის“ ახალგაზრდა ჰოლანდიელმა გარემარბმა ელჯერო ელიამ გუნდის მთავარ მწვრთნელ არმინ ფეეს ულტიმატუმი წაუყენა. 24 წლის ნახევარმცველმა „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ამ სეზონის დარჩენილ ტურებში ფეე მას ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებს, ზაფხულში HშV-ს დატოვებს. ელიას ჩრდილოგერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონის 22 ტურიდან ის მხოლოდ 9-ჯერ იყო „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული