ლაბადია მარიკას მისდგა, ვან ნისტელროი ბეშიქთაშში

AutoSharing Option

ლაბადია მარიკას მისდგა

„შტუტგარტში“ მძიმე მდგომარეობაა. შვაბური კლუბი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების სერიოზული საფრთხე ემუქრება. გერმანიის 2007 წლის ჩემპიონს ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა - სიტუაცია უკეთესობისკენ ვერც დეკემბრის მიწურულს დანიშნულმა ბრუნო ლაბადიამ შეცვალა. ახლა კი, ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინ („შტუტგარტი“ ხვალ ლისაბონის „ბენფიკას“ ხვდება), ლაბადიამ თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა განაცხადიდან ამოაგდო. იმის გათვალისწინებით, რომ შვაბებს „ბენფიკასთან“ ტრავმის გამო ვერც რუსი ფორვარდი პაველ პოგრებნიაკი დაეხმარებათ, ლაბადიას მხრიდან ეს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა. ბუნდესლიგის მომდევნო

ტურში კი შვაბები მეორე ადგილზე მყოფ „ლევერკუზენს“ ხვდებიან და ლაბადია მარიკაც განაცხადში არც იმ მატჩისთვის დააბრუნებს.
არადა, მარიკა „შტუტგარტის“ ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელია. ლაბადიას თქმით, ბოლო დროს მან ძალიან აურია. „გუნდის ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ჩიპრიან მარიკა ამ ეტაპზე თავის პირად ინტერესებს გუნდის ინტერესებზე მაღლა აყენებს. შესაბამისად, არ შემეძლო, რომ არ დამესაჯა,“ - ასე განმარტა ბრუნომ თავისი გადაწყვეტილება. ლაბადიას განრისხების მიზეზი მარიკას ინტერვიუა, რომელიც ერთ-ერთ რუმინულ გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც 25 წლის ფეხბურთელმა „შტუტგარტის“ მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

მერკელს გერმანია ურჩევნია

„მილანისა“ და გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდერ მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის ან ყაზახეთის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს და გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მიწვევას ელოდება. როგორც იცით, მერკელი ყაზახეთშია დაბადებული. გარდა მშობლიური ნაკრებისა, მას რუსეთის ეროვნულ გუნდშიც ეპატიჟებოდნენ.
ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ლიოვის შტაბი 18 წლის მერკელს ბოლო დროს ძალიან ხშირად აკვირდება. „ალექსი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, რაც უკვე საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ვაკვირდებოდეთ. მიხარია, რომ „როსონერიში“ თავს იმკვიდრებს,“ - აღნიშნა ბირჰოფმა, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს თავად იცავდა „მილანის“ ღირსებას.

ლევერკუზენს ბალაკი გამოაკლდა

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ლევერკუზენი“ ხარკოვში მიხაელ ბალაკის გარეშე გაემგზავრება. როგორც იცით, ხვალ ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „მეტალისტს“ შეხვდება. 34 წლის ნახევარმცველს ჯერ კიდევ ტრავმა აწუხებს და ამ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არ არისო - ასეთია „ლევერკუზენის“ ოფიციალური განმარტება.

ვან ნისტელროი ბეშიქთაშში?

ამას წინათ ვწერდით, რომ რუუდ ვან ნისტელროიმ ზაფხულში „ჰამბურგიდან“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა და თქვა, რომ გერმანულ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. როგორც ირკვევა, 34 წლის ჰოლანდიელი გოლეადორით თურქული „ბეშიქთაში“ დაინტერესდა. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების ცნობით, „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ვან ნისტელროის აგენტთან. თუ რუუდი თურქულ გრანდში გადავა, იქ მას ორი ძველი ნაცნობი დახვდება: „ბეშიქთაშს“ „რეალის“ ყოფილი თავკაცი ბერნდ შუსტერი წვრთნის და იქვე ყოფილი მადრიდელი გუტიც თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული