რობენმა ფანები შეაშინა

AutoSharing Option

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს: არიენ რობენი ბუნდესლიგის მომდევო ტურისა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩს (მილანის "ინტერთან") არ გამოტოვებს. ჰოლანდიელმა დრიბლიორმა, რომელიც რეკორდმაისტერს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს, ხუთშაბათის ვარჯიშზე მარჯვენა ხელზე ნეკა თითი მოიტეხა და მხარიც სტკიოდა, მაგრამ როგორც "ბაიერნის" ექიმებმა განაცხადეს, რობენს შაბათსვე შეეძლება მოედანზე გასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ინტერთანაც" აუცილებლად ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ ფაქტობრივად სრულად გამოჯანმრთელდნენ მიუნხენური გრანდის მარცხენა მცველი დიეგო კონტენტო და ნახევარმცველი ტონი კროოსიც. გუშინ მათ სრული
დატვირთვით ივარჯიშეს. ამრიგად, რეკორდმაისტერს ახლა მხოლოდ ერთი ფეხბურთელიღა ჰყავს ტრავმირებული - ივიცა ოლიჩი, რომლისთვის მიმდინარე სეზონი დიდი ხანია დამთავრებულია.
ამასობაში, ბავარიული გიგანტის მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბაიერნი" საკმაოდ დიდი ხანია, "კაიზერსლაუტერნის" გარემარბ ივო ილიჩევიჩს აკვირდება. ნერლინგერმა ისიც თქვა, რომ უახლოეს მომავალში კროოსთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

"ილიჩევიჩი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და არ დაგიმალავთ, მას დიდი ხანია ვაკვირდებით. ივო ლუის ვან გაალსაც ძალიან მოსწონს," - თქვა ნერლინგერმა.

24 წლის ხორვატ ნახევევარმცველი "კაიზერსლაუტერნში" 2009 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი ბეტცენბერგულ კლუბში აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. როგორც ჩანს, "ბაიერნში" მას ჰამით ალთინთოფის შემცვლელად განიხილავენ. როგორც იცით, თურქი ნახევარმცველი უკმაყოფილოა იმით, რომ უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ზის და ამას წინათ თქვა, თუ სეზონის ბოლომდე ვერ დავინახავ, რომ "ბაიერნს" ძირითადი შემადგენლობისთვის ვჭირდები, ზაფხულში მიუნხენიდან წავალო. შეგახსენებთ, რომ ჰამითს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სწორედ ზაფხულში უმთავრდება და უკვე მთხოვნელების ძალიან დიდი რიგი უდგას.

რაც შეხება კროოსს - ნერლინგერს ეჭვი ერ ეპარება, რომ ტონის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ძალიან იოლად დაითანხმებს. გაგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" უკვე გაუფორმა ახალი კონტრაქტები ბასტიან შვაინშტაიგერს, ფილიპ ლამს და თომას მიულერს. ნერლინგერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ "ბაიერნი" ზაფხულში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის კალიბრის სუპერვარსკვლავის ყიდვას არ აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული