გერმანიის თასი: ლევანდოვსკობა და ლამი პირლოს პოზიციაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ უქმეებზე ბურთი გერმანიაშიც გაგორდა - ახალი სეზონი გერმანიის თასის პირველი რაუნდით დაიწყო და ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნის“ თამაში იწვევდა. ბავარიელები იენის "კარლ ცაისს“ სტუმრობდნენ და, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან იოლად გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრის შედეგის გამოცნობა არავის გაუჭირდებოდა, უფრო საინტერესო ის იყო, როგორი შემადგენლობითა და ტაქტიკით ითამაშებდა რეკორდმაისტერი. 4-3-3 და ფილიპ ლამი ცენტრალურ საყრდენ ნახევარმცველად - ასე გადაწყვიტა კარლო ანჩელოტიმ.

პირველი სამი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა - პოლონელმა სუფთა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "ბაიერნის“ ცენტრფორვარდი შესანიშნავ განწყობაზე იყო,
რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფრანკ რიბერიზე, რომელსაც იენელ კიუნესთან მოუვიდა შეხლა-შემოხლა.

მიუნხენელთა ფრანგ გარემარბს იენელმა ქომაგებმა შეცვლის დროსაც ბევრი უსტვინეს, რადგან კიუნეს მოედნიდან გასვლის დროსაც თითებს უქნევდა. მეოთხე გოლი არტურო ვიდალმა შეაგდო, რომელმაც, გოლის გარდა, “კარლ ცაისის" კარის ძელი ორჯერ "მოიკითხა“, საბოლოო ანგარიში კი ახალწვეულმა მატს ჰუმელსმა დააფიქსირა - 0:5.

"სეზონის ასე დაწყება ძალიან კარგია. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ფორმაში შესვლაა. 100-პროცენტიან მზადყოფნაში ჯერ კიდევ არ ვართ, მაგრამ ფორმაში მალე შევალთ“, - ეს ჰუმელსის სიტყვებია. აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ რიბერი დაიცვა - სწორად ითამაშა, სწორად იქცეოდა და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვსო.

საინტერესო და, რაც მთავარია, დრამატული გამოდგა დრეზდენის "დინამოსა“ და პირველ ბუნდესლიგაში აღზევებული “რედ ბულ ლაიპციგის" ჯახი, რომელიც, ამავდროულად, საქსონიის უმძაფრესი დერბიცაა.

ლაიპციგელები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში "დინამო“ თამაშში დაბრუნდა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. საქმე პენალტენის სერიამდე მივიდა, ამ ლატარიაში კი დრეზდენელებმა იმარჯვეს და დრამატული შეხვედრა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ "დინამოში“ გადაბარგებული აკაკი გოგია თამაშში მეორე ტაიმის მიწურულს ჩაერთო, თერმეტმეტრიანების სერიაში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პენალტი გაიტანა.

დრეზდენელთა და ლაიპციგელთა დაპირისპირება გერმანიაში ყოველთვის სკანდალურია ხოლმე და ამ მხრივ არც ეს შეხვედრა იყო გამონაკლისი - დრეზდენელმა ფანებმა მოედანზე ხარის თავი გადმოაგდეს!

კარლ ცაისი-ბაიერნი 0:5
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (3), 0:2 ლევანდოვსკი (34), 0:3 ლევანდოვსკი (43), 0:4 ვიდალი (72), 0:5 ჰუმელსი (77)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია, ხავი მარტინესი (51. ჰუმელსი), ალაბა, ბერნატი - ვიდალი (77. ბენკო), ლამი, კიმიხი - თ. მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი (66. გრინი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული