პლეი ოფის ფორმულა მარტივია - ეს იქნება ნახევარფინალური მატჩები პირველ და მეოთხე, ასევე მეორე და მესამე გუნდებს შორის. გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ჩემპიონს გამოავლნენ, ხოლო დამარცხებულები მესამე-მეოთხე ადგილებს გაინაწილებენ.
ჰოლცჰაუზერის იდეას გამოეხმაურა სახელგანთქმული მეკარე ჰარალდ შუმახერი, რომლის აზრით, "ბაიერნის" უძლეველობის ფაქტორი ხელს უშლის გერმანული ფეხბურთის განვითარებას:
"პრობლემა ის არის, რომ "ბაიერნი", შეიძლება ითქვას, საკუთარ ჩემპიონატში თამაშობს,
კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის" მწვრთნელმა თომას ტუხელმაც, რომელმაც, ცხადია, იდეას მხარი დაუჭირა:
"რატომ არ უნდა მივცეთ ჩემპიონობის შანსი გუნდებს, რომლებმაც მეორე-მეოთხე ადგილები დაიკავეს? ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იდეაა. ასეთ რეფორმას მე მხარს დავუჭერ", - ბრძანა ტუხელმა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამას ერთი მთავარი მიზანი აქვს - როგორ დაამხონ "ბაიერნის" ჰეგემონია, რომელმაც უინტერესო გახადა ბუნდესლიგა და ამაში ყველა თანხმდება. უბრალოდ, სეზონის დაწყებამდე იცი, რომ მეორე ადგილი არის ის უმაღლესი მწვერვალი, რასაც ჩემპიონატში შეიძლება შესწვდე, პირველი საფეხური კი თავიდანვე მყარად არის დაჯავშნილი.
აქ ბევრი არგუმენტია და ყველგან არის სიმართლის მარცვალი. ფაქტია, "ბაიერნის" უპირობო დომინაციამ და კონკურენციის დონის დაქვეითებამ გამოიწვია ის, რომ გერმანული გუნდები (თუ არ ჩათვლით "დორტმუნდს", რომელიც შედარებით ღირსეულად გამოიყურება ევროსარბიელზე) კონტინენტის საკლუბო ტურნირებზე დიდად ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენენ.
"ბაიერნის" ხელმძღვანელებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ვეჭვობთ, ამ იდეის გამო სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. როგორი ამბავია - დიდი უპირატესობით გახდე ჩემპიონი, მერე კი პლეი ოფში ერთი ფეხი გადაგიბრუნდეს და მთელი სეზონის ნაშრომი წყალში ჩაყარო?!
ესეც არ იყოს, სეზონის ბოლოს, როცა პლეი ოფები უნდა ჩატარდეს, ემთხვევა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, იქ კიდევ სანაკრებო ინტერესები ჩნდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების წლებში და ასე შემდეგ...
თუმცა ჰოლცჰაუზერის იდეა შეიცავს ფინანსურ ფაქტორსაც. ის მიიჩნევს, რომ პლეიოფები დამატებით სპონსორულ თანხებს მოიზიდავს, მათ შორის, პირველ რიგში - ტელევიზიებიდან, რაც ბუნდესლიგასაც წაადგება და პლეი ოფში მონაწილე კლუბებსაც...
მოკლედ, ბევრი პლუს-მინუსია და გერმანელები უთუოდ კარგად აწონ-დაწონიან ყველაფერს, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"