კრაფტი მაგარია, იყიდეთ ნოიერი!

AutoSharing Option


"ბაიერნმა" "ინტერს" რომ მოუგო, ეს დიდწილად ბავარიელთა ახალგაზრდა მეკარის, თომას კრაფტის დამსახურებაა, რომელმაც ოთხშაბათს მილანელების არერთი "მკვდარი დარტყმა" მოიგერია და მიუნხენური გიგანტის კარი ბოლომდე მშრალად შეინახა. შესვენებისას რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა თქვა, თომასი ბრწყინვალეაო და ფაქტია, რომ მას მიუნხენური გრანდის ნებისმიერი ქომაგი დაეთანხმება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რა ელის ნიჭიერ გოლკიპერს მომავალში? "ინტერთან" მატჩის შემდეგ, გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ და "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეკორდმაისტერმა ზაფხულში "შალკესა" და გერმანიის ნაკრების
მეკარე მანუელ ნოიერი უნდა იყიდონ - მანუელი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, ზუსტად ისეთი, როგორიც "ბაიერნში" უნდა თამაშობდესო.

არადა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიუნხენში სერიოზულად ფიქრობენ კრაფტზე, როგორც "ბაიერნის" პირველ ნომერზე მომავლისთვისაც, მაგრამ ბეკენბაუერი ამბობს: "თუ გახსოვთ, მიხაელ რენზინგის შესახებაც ასეთი მოსაზრება იყო და ყველამ ვიცით, როგორც დამთავრდა ეს ისტორია."

ფაქტი ისაა, რომ თომას კრაფტს "ბაიერნთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება მისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია. ცხადია, რომ თუ "ბაიერნი" ნოიერს იყიდის, კრაფტი რეკორდმაისტერთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და მიუნხენიდან წავა, რაც მან ჯერ კიდევ იანვარში თქვა - თუ "ბაიერნი" ნოიერს იყიდის, მიუნხენში დარჩენას ჩემთვის აზრი არ ექნებაო. "ბაიერნის" ხელმძღვანელები კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.
გოტფრიდ ლენცი


ტუხელი სტილს არ შეცვლის

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, "მაინცმა" ბოლო სამი თამაშიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო, გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ტაქტიკის შეცვლას და დაცვაზე ორიენტირებული სტრატეგიით თამაშს არ აპირებს.

"ტაქტიკის შეცვლა და დაცვითი ფეხბურთის თამაში აზრადაც არ მომსვლია. "მაინცმა" ამ სეზონში თავი ყველას შესანიშნავი შემტევი ფეხბურთით დაამახსოვრა და ჯერჯერობით ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც თვალსასეირო ფეხბურთის თამაშის მცდელობაზე უარი უნდა ვთქვათ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისევ ძველებურ შედეგებს მივაღწევთ," - განუცხადა ტუხელმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ჰამითის წასვლის დღე ახლოვდება

რაც უფრო ახლოვდება სეზონის დასასრული, მით უფრო ცხადი ხდება, რომ თურქ ნახევარმცველ ჰამით ალთინთოფს ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება მოუწევს. 28 წლის ფეხბურთელმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დღევანდელი გადასახედიდან ჩემი მიუნხენში დარჩენა გამორიცხულიაო.
მას მერე, რაც "ბაიერნს" არიენ რობენი გამოუჯანმრთელდა, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჰამითი სათადარიგოთა სკამზე გადასვა და აღარ ათამაშებს. ალთინთოფმა კი ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში თქვა და ახლა რეგულარულად იმეორებს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს და თუ არ ათამაშებენ, "ბაიერნში" დარჩენა არ უნდა. შეგახსენებთ, რომ ჰამითი რეკორდმაისტერში 2007 წლიდან თამაშობს და მას მერე მიუნხენური გრანდის მაისურით ბუნდესლიგაში 61, ევროტურნირებზე კი 25 მატჩი ჩაატარა. ჰამითს სეზონის ბოლოს "ბაიერნთან" კონტრაქტი უმთავრდება და მსურველებს მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული