"ვოლფსბურგმა" დიტერ ჰეკინგი დაითხოვა - რა ხდება "მგლების" ბუნაგში

AutoSharing Option
"ვოლფსბურგმა" დიტერ ჰეკინგი დაითხოვა. შეწყდა თანამშრომლობა, რომელიც 2012 წელს დაიწყო. ჰეკინგი "მგლების" არცთუ მდიდარ ისტორიაში რიგითი დამრიგებელი არ ყოფილა.

განსაკუთრებით წარმატებული იყო მისთვის 2014/15 წლების სეზონი იყო. მან გერმანულ ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. 2015 წელს გახდა გერმანიის საუკეთესო მწვრთნელი.

"მგლებმა" საშინლად დაიწყეს მიმდინარე ბუნდესლიგა. 7 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეთოთხმეტე ადგილზეა. საკმარისია აღინიშნოს, რომ "ვოლფსბურგმა" მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება.

რატომ?
გუნდის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, მივხვდებით - "ვოლფსბურგი" არ უნდა
იყოს იქ, სადაც არის. ბევრი მიიჩნევს, რომ "მგლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰეკინგმა საკუთარი თავი ამოწურა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდი მწვრთნელია.

ცოტა ხნის წინ ჰეკინგის გუნდმა კინაღამ დიდი სენსაცია გამოაცხო ჩემპიონთა ლიგაზე. "მადრიდის "რეალთან" გერმანელებმა მაგრად იბრძოლეს. არგამართლება, მოწინააღმდეგის სათამაშო კლასი და "ვოლფსბურგისათვის" ჩემპიონთა ლიგა დასრულდა.

როგორც ჩანს, "რეალთან" საშინაო შეხვედრა გახლდათ ჰეკინგის გუნდის "გედის სიმღერა." ამ შეხვედრაში იყო ყველა ის კომპონენტი, რომელსაც ეს კარგი მწვრთნელი წლების განმავლობაში ნერგავდა გუნდში.

ფეხბურთელები
რა თქმა უნდა, გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფეხბურთელების სუსტ თამაშში უნდა ვეძებოთ. მწვრთნელი მინდორზე ვერ გავა და ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ეს აქსიომაა. მას შეგირდებმა უნდა შეუწყონ ხელი.

არ აქვს მნიშვნელობა, გუნდში ახალმოსულია მოთამაშე, თუ სტაჟიანი წევრია - ყველა ძალიან ცუდად თამაშობს. გერმანიის ნაკრების ფორვარდის, მარიო გომესისაგან გოლებს ელოდნენ და ეს გოლები არ ჩანს. "რეალიდან" ნათხოვარმა ბორხა მაიორალმა გუნდის მაისურის მორგება ხეირიანად ვერც კი მოასწრო.

საშინელ ფორმაში არიან ძველი ლიდერები. ახალ მწვრთნელს მათ ასათამაშებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდს შეგნებულად "სძინავს". ჩვენ არ ვიცით, რა ხდება "მგლების" ბუნაგში. იქნებ, გუნდს "მოსწყინდა" მთავარი მწვრთნელი?

დრაქსლერის ფაქტორი
ვისაც ბოლო დროს უნახავს "ვოლფსბურგის" თამაში, უნდა დაგვეთანხმოს - ძალიან, ძალიან ბევრი დამოკიდებული იულიან დრაქსლერის თამაშზე. გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა იოლი სულაც არ არის და დრაქსლერი ამას ახერხებს.

ახერხებს და არა მხოლოდ - მთელ რიგ მატჩებში იულიანი ბუნდესმანშაფტის გამორჩეულ ფეხბურთელად მოგვევლინა. ასეთი მოთამაშე "ვოლფსბურგში" უნდა დაფრინავდეს, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი.

წინა სეზონში ის შესანიშნავი იყო, მაგრამ ახლა მისი ცნობა უბრალოდ შეუძლებელია. ძალიან რთული გამოსაცნობია, რა ხდება. შესაძლოა, ფეხბურთელზე კარგად არ მოქმედებს გუნდური ატმოსფერო.

არის მეორე მომენტიც. უკვე დიდი ხანია, დრაქსლერს სხვადასხვა დიდ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. მათ შორის მადრიდის "რეალიც" ახსენეს. შესაძლოა, იულიანი ფიქრობს, რომ "ვოლფსბურგში" მისი შესაძლებლობები ამოიწურა.

რა ეშველება ჰეკინგს?
დიტერ ჰეკინგის სამწვრთნელო კარიერაში კრიზისი დადგა. მეორე თემაა, ვისი ბრალია ის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს კრიზისი დგას. ჰეკინგი კი ის მწვრთნელი არ არის, გავწიროთ.ის ჯერ მხოლოდ 52 წლისაა და თავი იდეებით აქვს გამოტენილი.
ჰეკინგის ხილვა ძალიან კარგი იქნებოდა რომელიმე გრძელვადიანი პროექტის სათავეში. ეს არ არის მწვრთნელი, რომელიც გუნდში უნდა მიიყვანო და ეგრევე მოხსნა. მას შეუძლია, გუნდის თამაში დაალაგოს და ის იმაზე მეტად შემტევი გახადოს, დღემდე რომ იყო.

გერმანიაში მწვრთნელებს ნდობის მაინცდამაინც დიდი ვოტუმი არ აქვთ. ასე რომ, ჰეკინგს აუცილებლად გამოუჩნდება სამუშაო და, თანაც, ეს უახლოესი მომავლის პერსპექტივა გვგონია.

კარგი იქნებოდა, ჰეკინგი მისულიყო რომელიმე ახალი და დიდი პროექტის სათავეში. მაგალიტად, "ლაიპციგისა". ბედის ირონიით, სწორედ ამ გუნდმა შეიწირა მისი სამწვრთნელო კარიერა "ვოლფსბურგში".

კარგი იქნებოდა, მაგრამ "ვოლფსბურგისაგან" განსხვავებით, "ლაიპციგში" საქმეები ძალიან კარგად მიდის და იქ მწვრთნელს არავინ მოხსნის. არაუშავს, დიტერი ცოტა ხანს დაფიქრდება და ამასობაში ახალი სამუშაოც გამოჩნდება.

ფაქტია: "ვოლფსბურგი" შეელია მწვრთნელს, რომელმაც გუნდი საფეხბურთო რუკას
მსხვილი ასოებით დაატყო.

P.S. გერმანიაში უკვე ლაპარაკობენ ჰეკინგის სავარაუდო შემცვლელებზე. კანდიდატებს შორის არიან: ანდრე ვილაშ-ბოაში და მურატ იაკინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰამბურგი, ბაიერი, შალკე - შეილება ამ გუნდებში ამ კაცის დანიშვნა
რაღა ლაიფციგს მიახტით :D მშვენივრად მუშაობს მანდ ჰაზენჰიუტლი
შმიტმაც ამოწურა თავისი თავი ლევერკუზენში...
Tornike
14:49 19-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული