რატომ სძულთ "ლაიპციგი"?
გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - ბუნდესლიგის დანარჩენი კლუბების გულშემატკივრები "ლაიპციგს" ვერ იტანენ. ძნელია მსოფლიოში სხვა ასეთი შემთხვევის მოძიება, როცა ყველა, როგორც ერთიანი მთელი, განწყობილია კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ.ბოლო შვიდი წლის განმავლობაში "ლაიპციგმა" ოთხი დივიზიონი მოიტოვა უკან და ამ გუნდის მიმართ უკმაყოფილება ყოველთვის იზრდებოდა. "გაქსუებული ბავშვები", "კანონდამრღვევები", "სამარკეტინგო ხულიგნები", "დაწყევლილი კაპიტალისტები" - ეს მხოლოდ ნაწილია იმ
"ლაიპციგი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ ჰყავს არათუ მეგობარი, არამედ უბრალო მოყვარეც კი. უმიზეზოდ არაფერი ხდება. "ლაიპციგს" გერმანიაში ბუნდესლიგის ნაწილად არ მიიჩნევენ. თვლიან, რომ ფული რომ არ ყოფილიყო, ეს გუნდიც არ იქნებოდა.
დირექტორი ნომერი 1
გუნდის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული რალფ რანგნიკზე. გერმანულ ფეხბურთში ძალიან ცნობილ მენეჯერს გუნდში სპორტული დირექტორის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს. რეგიონული ლიგა, მესამე ლიგა, მეორე ბუნდესლიგა და პირველი - გუნდის აღზევება რანგნიკის სახელთან პირდაპირ კავშირშია. ერთხელ მან უკვე გაიარა ეს მარშრუტი "ჰოფენჰაიმთან" ერთად. "ჰოფე" ძალიან ჰგავს ჩვენს დღევანდელ გმირს.
"ვიცოდი, რომ ასე რთულად მიგვიღებდნენ. გერმანიაში არის ხალხი, ვისაც ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეგუება. ეს ნორმალურია. თავის დროზე "გუგლსა" და "ფეისბუქსაც" არ ჰყავდა მილიონობით მომხმარებელი. ყველაფერი თანდათან ხდება.
ჩვენ კრიტიკას უნდა ვძლიოთ და გულშემატკივარი შევიძინოთ შემტევი ფეხბურთით. ეს ჩვენი კრედოა. ოდითგანვე ასე ვფიქრობდი - 3:3 0:0-ზე უკეთესია. ეს პრინციპი ჩემიდან არსად წასულა", - ამბობს რანგნიკი.
გასულ სეზონში რანგნიკმა მწვრთნელის რანგში პირველ ბუნდესლიგაში გადმოიყვანა "ლაიპციგი". მკითხველი ვერ წაიკითხავს, მაგრამ არის ინტერნეტში ერთი დიდებული ვიდეო. ის "კარლსრუესთან" მატჩის წინ არის გადაღებული. რანგნიკი უდიდესი მოტივატორია. მის ხელში ვერ მოდუნდები.
ადამიანი და კანონი
გერმანულ ფეხბურთში ბილეთი "რედ ბულის" მფლობელს, დიტრიხ მეტეშიცს 350 000 ევრო დაუჯდა. სწორედ ამდენი გადაუხადა მაგნატმა მეხუთე დივიზიონის "მარკრანშტადტს" იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ლიცენზია მიეყიდა "ლაიპციგისათვის". კლუბის იურისტებმა შესანიშნავად იმუშავეს და იურიდიული თვალსაზრისით ლაფსუსების გარეშე შეკრეს საქმე.ლიცენზიის გამყიდველ კლუბს ბევრი არაფერი წაუგია. ის მალე ისევ დაბრუნდა მეხუთე ლიგაში და ახლაც იქვე თამაშობს. ეგაა, ფინანსური მდგომარეობა ადრინდელზე უკეთესი აქვს. საერთო სიძულვილის მიზეზი კი ესაა: კლუბის მთელი აქციები მილიარდერის ხელთაა და უბრალო ადამიანს ან "ბრალიან" მსურველს არ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს კლუბის მმართველობაში.
შენს განაცხადს მიიღებენ, მაგრამ დიდი ალბათობით, საერთოდ არ განიხილავენ. და მაინც, კანონი არ ირღვევა. რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია.
პროექტი მომავლისათვის
"ლაიპციგი" - ეს არის პროექტი მომავალში და ამ პროექტის ნაწილად ყოფნას გუნდის მოძულეთა მრავალრიცხოვანი არმიიდანაც კი ბევრი ისურვებდა. აქ უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანიაში ერთ-ერთი სუპერთანამედროვე საწვრთნელი ცენტრი.კლუბის აკადემიის განვითარებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ევრო იხარჯება. ასაკობრივი გუნდები გერმანულ ტურნირებში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვიან, გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში კი "ლაიპციგის" ერთი აღზრდილი მაინც მოიძებნება.
კლუბის პრეზიდენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას ყოველთვის საუკეთესო სპეციალისტებს ანდობს. გარდა ამისა, სელექციონერები მთელი გერმანიის მასშტაბით მუშაობენ ტალანტების აღმოჩენაზე.
თუ გერმანიის მასშტაბით "ლაიპციგს" არ ჰყავს გულშემატკივარი, კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თვითონ ლაიპციგში გაიჩინოს ბევრი მიმდევარი. ამისთვის რამდენიმე სპეცპროექტი მუშაობს. მაგალითად, კლუბის კარი ძალიან ხშირად იღება 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებისათვის. ასეთ დროს ისინი ეცნობიან ფეხბურთელებს, თამაშობენ მათთან ერთად ფეხბურთს.
რისკი და შამპანური
ბუნდესლიგაში გადასულ გუნდს ზაფხულში ერთი განსაკუთრებული ტრანსფერის განხორციელება მაინც სჭირდებოდა. ამიტომ გუნდის ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობდნენ "შალკედან" ლეროი სანეს გადაბირებას. კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებისათვის 50 მილიონი ევრო გამოჰყო.საბოლოო ჯამში, სანემ ინგლისი და "მანჩესტერ სიტი" აირჩია. "ჩვენ თვეში ვუხდით იმდენს ფეხბურთელს, რამდენსაც ინგლისელები უხდიან კვირაში. ჩვენ დიდი ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ. ფული ჭკუით უნდა დავხარჯოთ", - თქვა რანგნიკმა.
რანგნიკმა კარგად იცის, რასაც ამბობს. "ჰოფენჰაიმთან" ერთად მან უკვე დახარჯა დიდი ფული. ფული ცოტა უყაირათოდ დაიხარჯა. მწვრთნელი და გუნდი ჩაიწვნენ. ახლა "ჰოფე" განვითარების სხვა გზას ადგას და იქ რანგნიკის ადგილი აღარ არის.
ხანდახან გუნდის შეფობა არც დიდი თანხის გადახდას ერიდება. ასეა შოტლანდიელი ოლივერ ბურკის შემთხვევაში. არადა, ის სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ჩემპიონშიპში თამაშობდა. რისკია, მაგრამ თუ შამპანური გინდა, რისკიც უნდა გასწიო.
ჩვენ ცოტა დავწერეთ გუნდის მწვრთნელზე, რალფ ჰაზენჰტლზე, მაგრამ საბაბიც გვაქვს: გუნდის თამაშზე სრული პასუხისმგებლობა ჩვენგან აქამდე არაერთხელ ნახსენებ რანგნიკს აქვს აღებული.
2024
გუნდი ბუნდესლიგაში ისე თამაშობს, რომ მისგან გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, დებიუტანტს გაუჭირდება "ბაიერნთან" ბრძოლა ჩემპიონის სინისათვის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან რეალურია.კლუბის მფლობელი დიტრიხ მეტეშიცი ახლა 72 წლისაა. მან ჯერ კიდევ მეხუთე დივიზიონში ყოფნისას თქვა, რომ ერთ დღეს მისი გუნდი "ბაიერნთან" იბრძოლებდა გერმანიის ჩემპიონობისათვის. ეს უკვე ასეა. კლუბმა კი დიდების ზენიტს 2024 წლისათვის უნდა მიაღწიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"