ომი თუ მშვიდობა?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" 24-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიაზე" სერიოზული დევნის დაწყების უკანასკნელი შანსი ეძლევა: რეკორდმაისტერი ტურისა და ზოგადად სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს მატჩში სწორედ ერთპიროვნულ ლიდერს და ჩემპიონობის ნომერ პირველ კანდიდატს მასპინძლობს. გადარჩენისთვის მებრძოლებს, "კიოლნს", "კაიზერსლაუტერნს" და "ზანკტ პაულის" საშინაო მატჩები აქვთ, შავ დღეში მყოფი "შტუტგარტი" კი ხვალ ფრანკფურტში ჩადის.


ჰანოვერის ახალი მიზანი
მიუხედავად არცთუ ისე მძიმე მდგომარეობისა, "კიოლნისთვის", "კაიზერსლაუტერნისთვის" და "ზანკტ პაულისთვის" გადარჩენა ჯერ კიდევ მთავარი თემაა და დღეს სამივე მათგანი საკუთარ მოედანზე თამაშობს. ამ სამეულიდან ყველაზე კარგ მდგომარეობაში "ზანკტ პაულია" და
კიცელები დღეს "მილერნტორშტადიონზე" "ჰანოვერს" უმასპინძლებენ. ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდმა წინა ტურში, დორტმუნდში ცუდად ითამაშა (0:2), რამაც მწვრთნელი ძალიან გააბრაზა.

"ჰანოვერელებმა" კი, გადალახეს რა 40-ქულიანი ბარიერი, ამ სეზონში ახალი მიზანი დაისახეს: "წითლებს" დარჩენილ 11 ტურში მინიმუმ 9-ზე მეტი ქულის აღება სურთ და თუ ეს მოახერხეს (რაც ძალიან რეალურია), "ჰანოვერი" თავისივე რეკორდს გააუმჯობესებს. 2007/2008 წლების სეზონში ამ გუნდმა 49 ქულას მოუყარა თავი და "ჰანოვერს" ამაზე მეტი ქულა აქამდე არასდროს დაუგროვებია. მირკო სლომკას გუნდს დღეს მთავარი დამრტყმელი ძალა, დიდიე ია კონანი არ ეყოლება - კოტ დ"ივუარელი ტრავმირებულია.

ლაკიჩი ვეღარ ეშმაკობს
"კაიზერსლაუტერნში" ისევ ფეთქებადი სიტუაციაა - "ჰამბურგთან" შეხვედრის წინ "წითელი ეშმაკები" ნერვებმოშლილები არიან. საქმე იმაშია, რომ "ლაუტერნს" მეორე წრეში არც ერთი თამაში არ მოუგია (0/4/2) და უკვე "წითელ ზონაში", მე-16 ადგილზეა. გოლეადორი სრდიან ლაკიჩი ხვდება, რომ გუნდს მისი გოლები სჭირდება, მაგრამ 437 წუთია, გატანას ვერ ახერხებს. მას მერე, რაც გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს "ლაუტერნს" დატოვებს, ლაკიჩი რატომღაც ვეღარ "ეშმაკობს".

კიოლნში კი დღესდღეობით ძალიან კარგი სიტუაციაა. "ბაიერნისა" და "მაინცის" დამარცხების, ასევე, "ჰოფენჰაიმთან" ფრეს შემდეგ, "თხები" გასავარდნ ზონას მნიშვნელოვნად მოშორდნენ და ამ ეტაპზე "თავი ქუდში აქვთ". თუმცა პრობლემა ისაა, რომ მწვრთნელი ფრანკ შეფერი "ფრაიბურგთან" დღევანდელ შეხვედრაში ხუთ წამყვან ფეხბურთელს ვერ გამოიყენებს: ბრეჩკო და პეტიტი დისკვალიფიცირებულები არიან, მატუშიკი, პეჟკო და ჟერომელი კი - ტრავმირებულები.

"ნიურნბერგი" ევროპაზე ოცნებობს
გაგიკვირდათ? რატომ? ფრანკებს ამის უფლება ნამდვილად აქვთ! "ნიურნბერგმა" ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება შეძლო, ახლა მერვე ადგილზეა და მეხუთე, ანუ, ევროპაში გამსვლელ პოზიციას მხოლოდ ორი ქულა აშორებს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ნიურნბერგმა" ზედიზედ ოთხი თამაშის მოგება ბოლოს 22 წლის წინათ მოახერხა. ახლა კი ფრანკებს იმედი აქვთ, რომ მოგებათა სერიას გელზენკირხენშიც გააგრძელებენ, თუმცა ხვდებიან, რომ ეს ძალიან ძნელია. "ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი ამბობს, "შალკემ" გერმანიის თასიდან გამოგვაგდო და ამისათვის შურისძიებას შევეცდებითო. თუმცა ის დღეს გუნდის მთავარ გოლეადორს, იულიან შიბერს ვერ გამოიყენებს - ახალგაზრდა თავდამსხმელმა მუხლის ტრავმა მიიღო.

იყო როკი, გახდა ბლუზი
"მაინცს" პირველ წრეში ყველა როკჯგუფს ეძახდა და ფეხბურთელებიც სიამოვნებით იფერებდნენ ამ სტატუსს - გოლს რომ გაიტანდნენ, კუთხურის ალამთან როკკონცერტის იმიტაციას აკეთებდნენ ხოლმე. მეორე წრეში კი თომას ტუხელის გუნდი ვეღარ თამაშობს ისე კარგად, როგორს სეზონის სტარტზე - მაინცელები როკიდან ეგრევე ბლუზზე გადავიდნენ. ერთ დროს თითით საჩვენებელმა "მაინცმა" მეორე წრის ექვს თამაშში მხოლოდ ოთხ ქულას მოუყარა თავი. პირველი წრის პირველი ექვსი ტურის შემდეგ კი ტუხელის ბიჭებს ექვსივე თამაში მოგებული ჰქონდათ. რა გასაკვირია, რომ "ჰოფენჰაიმთან" თამაშის წინ მაინცელებმა წარუმატებლობათა სერიის მიზეზების ძებნა დაიწყეს. უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ "მაინცი" მეორე წრეში მომენტების მხოლოდ 14.7 პროცენტს იყენებს, როცა პირველ წრეში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტი იყო.

დორტმუნდელები მიუნხენელებს კბენენ და ემუქრებიან
იმ დროს, როცა "ბაიერნი" შუა კვირაში მილანის "ინტერს" "ჯუზეპე მეაცაზე" 1:0-ს უგებდა, დორტმუნდელები რეკორდმაისტერს "მწარედ კბენდნენ".

"ჩვენ ჩვენი შემადგენლობისთვის საერთო ჯამში 34-35 მილიონ ევროს ვიხდით, "ბაიერნის" შემადგენლობა კი, ხელფასებიანად, 110-დან 120 მილიონამდე ღირს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სიამაყის უფლება, მიუნხენელებს კი უნდა რცხვენოდეთ, 24-ე ტურის წინ 13 ქულით რომ ჩამოგვრჩებიან", - ეს არც მეტი, არც ნაკლები, "დორტმუნდის" მენეჯერ ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

"ბაიერნს" ძალიან ბევრი ფანი ჰყავს, მაგრამ უმეტესობა ისეთია, გუნდი რომ ვერ იგებდეს, ფეხებზე დაიკიდებენ. ჩვენ კი, დორტმუნდელებს მსოფლიოში უერთგულესი, ყველაზე მაგარი გულშემატკივრები გვყავს", - ეს კი კევინ გროსკროიტცის სიტყვებია.

ვფიქრობთ, მხოლოდ ამ ციტატების მოყვანაც კი საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რამდენად მძაფრი საფეხბურთო ატმოსფერო იქნება დღეს საღამოს "ალიანს არენაზე". "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი დღეს პირველ მეკარეს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რომან ვაიდენფელერს ვერ გამოიყენებს. მას გამოუცდელი ავსტრალიელი კიპერი მიტჩელ ლანგერაკი შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ლანგერაკი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, გროსკროიტცი - ბარიოსი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (ბერლინი)


იდეალური მეტოქეები
გაჭირვებული "შტუტგარტი" ხვალ ფრანკფურტიდან სამი ქულის წაღებას შეეცდება. ლოგიკურად, შვაბებისთვის "აინტრახტი" იდეალური მეტოქეა, რადგან "შტუტგარტს" ძალიან ბევრი, 47 გოლი აქვს გაშვებული, რაც ბრუნო ლაბადიას გუნდის დაცვის უსუსურობაზე მიუთითებს, "აინტრახტს" კი ექვსი თამაშია, გოლი არ გაუტანია. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ მეორე წრის პირველ ექვს ტურში გუნდმა ერთი გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. საერთო ჯამში კი, მიხაელ სკიბეს გუნდს 544-წუთიანი უგოლო სერია აქვს.

ისე, ამ ლოგიკით, "შტუტგარტი" "აინტრახტისთვისაც" იდეალური მეტოქეა. სხვათა შორის, ხუთშაბათს ლაბადიას გუნდი ევროპის ლიგიდან გავარდა (0:2 ბენფიკასთან). კვირის მეორე მატჩი კი "ლევერკუზენისა" და კიდევ ერთი "გაჭირვებული აზნაურის", "ვერდერის" დუელია. "შტუტგარტისგან" განსხვავებით, "ლევერკუზენმა" ევროპის ლიგაში წარმატებით იასპარეზა და ხარკოვის "მეტალისტის" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა.


გუშინ
ვოლფსბურგი-ბორუსია (მ) 2:1

დღეს
შალკე-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: კოენი (ნიურ)
ტრავმა: ჰუგლანდი, პანდერი, პაპადოპულოსი, დანილო აველარი, ყენია, მორიტცი, ხარისტეასი - ფრანტცი, გიუნდოგანი, ბუნიაკუ, შიბერი

ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30
ტრავმა: გულდე, ვაისი, ობასი - სვენსონი, შალაი

კიოლნი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბრეჩკო, პეტიტი (კიოლ)
ტრავმა: ჟერომელი, მაკენა, შორხი, მატუშიკი, პეჟკო, ჩიჰი - პუპლინი, იეგერი, როზენტალი, შუსტერი, ვილიამსი, ბეხმანი

კაიზერსლაუტერნი-ჰამბურგი 18:30
ტრავმა: შიმუნეკი, ილიჩევიჩი, კირხი - დიკმაიერი

ზანკტ პაული-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: თორანდტი (ზტ. პ.)
ტრავმა: ეგერი, ლეხნერი, მორება, ოჩიპკა, როთენბახი, ასამოა - ავევორი, ანდრეასენი, ია კონანი

ბაიერნი-ბორუსია (დ) 21:30
ტრავმა: ოლიჩი - ჰორნშუ, ოვომოიელა, კაგავა, კელი, კრინგე, ზიდანი

ხვალ
აინტრახტი-შტუტგარტი 18:30
ტრავმა: ნიკოლოვი, კრისი, ბაირამოვიჩი, კაიო, კლერკი - ბოკა, ფ. დეგენი, აუდელი, ფუნკი, გენტნერი, კაკაუ, პოგრებნიაკი

ვერდერი-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: ფრინგსი (ვერ)
ტრავმა: ფანდერი, ბიონიში, ნალდო, დ. იენსენი, აიქი, თაი - გიფერი, ბარნეტა


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 23 17 4 2 49-13 55
2. ლევერკუზენი 23 13 6 4 48-32 45
3. ბაიერნი 23 12 6 5 49-27 42
4. ჰანოვერი 23 13 2 8 33-31 41
5. მაინცი 23 12 1 10 35-29 37
6. ფრაიბურგი 23 11 4 8 31-30 37
7. ჰამბურგი 23 11 3 9 34-31 36
8. ნიურნბერგი 23 10 5 8 33-31 35
9. ჰოფენჰაიმი 23 8 6 9 40-33 33
10. შალკე 23 8 5 10 28-28 29
11. ზანკტ პაული 23 8 4 11 27-37 28
12. აინტრახტი 23 8 3 12 24-32 27
13. კიოლნი 23 7 5 11 30-42 26
14. ვერდერი 23 6 6 11 28-48 24
15. ვოლფსბურგი 23 5 8 10 27-33 23
16. კაიზერსლაუტერნი 23 6 5 12 32-41 23
17. შტუტგარტი 23 5 4 14 40-47 19
18. ბორუსია (მ) 23 5 4 14 34-57 19

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 16 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ია კონანი (ჰანოვერი); 10 - ბარიოსი (ბორუსია დ), რაული (შალკე), შიურლე (მაინცი).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული