გერმანიამ "ბაიერნს" დასცინა, დორტმუნდში კი გერმანულ "ბარსას" ხედავენ

AutoSharing Option
თუკი აქამდე ვინმეს ჯერ კიდევ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონობის ნომერ პირველი და უმთავრესი კანდიდატია (ასეთები მართლა არსებობდნენ, განსაკუთრებით მიუნხენში), შაბათის შემდეგ BVB-მ ზემოხსენებული სტატუსი უკვე მთელი გერმანიისა და ევროპის (გნებავთ მსოფლიოს) მასშტაბით მიიღო.

ბუნდესლიგის 24-ე ტურის შემდეგ, რომელშიც "დორტმუნდმა" რეკორდმაისტერს მიუნხენში 3:1 მოუგო, "ბაიერნს" მთელი გერმანია დასცინის. მიზეზი: მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ტურის წინ, რეკორდმაისტერი "ბორუსიას" 13 ქულით ჩამორჩებოდა, "ბაიერნის" ხელმძღვანელები "დორტმუნდს" მაინც არ აღიარებდნენ. თამაშის წინ კი, მიუნხენური გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობდა, "ბორუსიას" მინიმუმ
ორბურთიანი სხვაობით მოვუგებთო.

ტურისა და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ითამაშა, კატაკომბებში უსიტყვოდ გაუჩინარდა და უჩვეულოდ მოკრძალებული იყო "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალიც, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ დორტმუნდელებისთვის ჯერაც გაუნაღდებელი, მაგრამ ფაქტობრივად დამსახურებული ტიტული მიელოცა, ტელეკომპანია ZDF-ის რეპორტიორთან იჩხუბა. აღარაფერს ვამბობთ "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეზე, რომელმაც თქვა, "ბორუსიასთვის" მისალოცი ჯერ არაფერია და ამ რამდენიმე კვირას სიამოვნებით მოვიცდიო.

ეს და სხვა საინტერესო მოვლენები ბუნდესლიგის 24-ე ტურის გამოხმაურებაში, რომელსაც ტრადიციულად, Tops&Flops-ის სახით გთავაზობთ.


Flops
შალკე და ახლა უკვე ნოიერიც
"ფეისბუქში" გაწევრიანება და სტატუსების წერა საქმეს რომ შველოდეს, პირველ რიგში ამას "შტუტგარტის" დამრიგებელი ბრუნო ლაბადია, ან "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი გააკეთებდნენ. ფელიქს მაგათს კი, "შალკეს" ფანებმა შაბათს, "ნიურნბერგთან" მატჩის (1:1) დროს უდიდესი ტრანსფარანტი გადმოუფინეს წარწერით: "ფელიქს: აღარ მოგვწონს!"

"ფელტინს არენა აუფ შალკეს" პუბლიკამ მაგათს და მის გუნდს საფინალო სასტვენის შემდეგ ძალიან ბევრი უსტვინა. საქმე იმაშია, რომ "შალკეს" ფეხბურთელებს პირველ ტაიმში საერთოდ არაფერი უკეთებიათ, მეორე ნახევარში კი ცოტა მოინდომეს და რაც შექმნეს, ყველაფერი ფრანკების მეკარე რაფაელ შეფერმა გააუვნებელყო, ხოლო მისმა კოლეგამ, მანუელ ნოიერმა კი, ამჯერად ნამდვილად არ ითამაშა ისე, როგორც უმაღლესი კლასის კიპერს შეეფერება - ნიურნბერგელთა გოლში ბუნდესმეკარესაც მიუძღოდა ბრალი. არადა, თამაშის შემდეგ ნოიერი ისევ პირველი იყო, ვინც თანაგუნდელებს შეუტია, საკუთარ მოედანზე სულ სხვანაირად უნდა ვთამაშობდეთო. დავნაძლევდეთ, რომ მაგათს ეს არ მოეწონება?

Flops
ყანა მილერნტორზე
"ზანკტ პაულის" მშობლიურ არენა "მილერნტორზე" მინდორი იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები ხუმრობენ, ამ სტადიონზე თვით "ბარსელონაც" კი შეიცვლიდა სტილს და სულ სხვანაირად ითამაშებდაო. "ჰანოვერს" კი ზუსტად ასეთ მოედანზე თამაში უყვარს, რადგან მირკო სლომკას არ ჰყავს ნიჭიერი ტექნიკოსები. შედეგი: ვერც "ზანკტ პაულიმ" ითამაშა წესიერად და ვერც "ჰანოვერმა", მაგრამ წითლებმა ჰამბურგიდან სამი ქულა წაიღეს (0:1).

Flops
იურგენის წვერი
ის ფაქტი, რომ "ბაიერნის" თავდამსხმელმა მარიო გომესმა თმა შეიჭრა და ისეთი ვარცხნილობა დაიყენა, როგორიც 80-იანი წლების მერე თვით ჯორჯ მაიკლსაც კი აღარ ჰქონია, გერმანიაში უკვე აღარ ანაღვლებთ - მარიოს ყველამ დასცინა. გაიცინეს, ეყოთ! ახლა მთავარი სალაპარაკო თემა "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპის წვერია. როგორც ჩანს, "კლოპო" გაპარსვას ცოცხალი თავით არ აპირებს და თუ ჩემპიონობის განაღდებამდე სურს ამ წვერის შენარჩუნება, სეზონის ბოლოს იურგენს მშობელი დედაც ვეღარ იცნობს.

Flops
ადლერი გაბრაზდა
"მგონი, ზოგ-ზოგიერთებს ჩემპიონთა ლიგაში თამაში არ უნდათ, - კბილებში გამოსცრა "ლევერკუზენის" მეკარე რენე ადლერმა "ვერდერთან" 2:2-ის შემდეგ და "ფარმაცევტების" მცველების თამაშიც ორი სიტყვით შეაფასა, - გული მერევა!"

ადლერის განრისხება აბსოლუტურად გასაგებია: "ლევერკუზენი" დაბეჩავებულ "ვერდერს" 2:0-ს უგებდა და ბოლო შვიდ წუთში დაკარგა სამი ქულა, რაც იუპ ჰაინკესის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ძალიან წაადგებოდა. ახლა კი, "ბორუსიას" მთავარ მდევრებს შორის ჩემპიონთა ლიგის ორი საგზურისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბულია: "ლევერკუზენი", "ჰანოვერი", "ბაიერნი". არც ის დაგავიწყდეთ, რომ ლევერკუზენელებს მიუნხენში ჩასვლა უწევთ.


Flops
გაპრობლემებული შვაინი
ბასტიან შვაინშტაიგერი თვეების მანძილზე ძალიან კარგად თამაშობდა და "დორტმუნდთან" მატჩამდე, მილანის "ინტერთანაც" ბრწყინვალე იყო. ცხადია, "ბორუსიასთანაც" ბევრი რამ უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ცუდი გამოუვიდა. ლუკას ბარიოსმა ანგარიში რომ გახსნა, შვაინშტაიგერის ბრალი იყო, რადგან სწორედ მან დაკარგა ბურთი უაზროდ. მესამე გოლიც შვაინის სინდისზეა, რადგან სწორედ მან წააგო საჰაერო ორთაბრძოლა გოლის ავტორ მატს ჰუმელსთან. და რა ხდებოდა ბარიოსისა და ჰუმელსის გოლებს შორის? ბასტიანს შეტევაში ან შეტევების ორგანიზებისას ერთი ხეირიანი რამეც კი არ გაუკეთებია. მის ადგილზე, "მილანში" გადასული მარკ ვან ბომელი მე-20 წუთიდან გადაირეოდა, შვაინიმ კი არაფერი მოიმოქმედა. ეს კი ცოტაა ისეთი ფეხბურთელისგან, რომლის პოზიცია და ხელფასი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია. შვაინიმ სტადიონიც უსიტყვოდ დატოვა - თითქოს გამოცდილი ბავარიელი კი არა, დებიუტანტი ბაიერნელი იყოს.


Tops
სამართლიანობა შავ ზონაში
"აინტრახტისა" და "შტუტგარტის" მატჩის მე-15 წუთზე პატარა კურიოზი მოხდა: მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა შვაბთა მცველ ხალიდ ბულარუზს წითელი ბარათი აუფრიალა, არადა, მინდორზე გაშხლართულ მაიკ ფრანცს ეს უკანასკნელი საერთოდ არ შეხებია. დამნაშავე მატიო დელპიერი გახლდათ და კიდევ კარგი, რომ ლაინსმენებმა შტარკს ბულარუზის გაგდება გადააფიქრებინეს. მერე ფრანციც გასაგდები იყო მორიგი პროვოკატორობისთვის, მაგრამ შტარკმა "აინტრახტის" მცველი დაინდო. არადა, ზუსტად ასეთი საქციელის გამო გააძევა იმავე შტარკმა შარშან ასევე შტუტგარტელი იენს ლემანი - როგორც ჩანს, ეს მსაჯი შტუტგარტელებს ვერ იტანს.

კარგია ის, რომ კაცნაკლულმა შვაბებმა მაინც შეძლეს იმ თამაშის მოგება: 2:0 ლაბადიას გაჭირვებული გუნდის სასარგებლოდ.

Tops
დიეგო და პიერი
ეს ფეხბურთელი "ვოლფსბურგს" ან დააქცევს, ანაც ააშენებს - ბრაზილიელ დიეგოს ვგულისხმობთ, რომელმაც ამჯერად ყველაფერი ერთად გამოავლინა. 25 წლის ფლეიმეიქერმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე, 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა (ზუსტად ისე, როგორც "ჰანოვერთან" მატჩში), რის გამოც "ფოლკსვაგენარენაზე" ყველანი თავის აქეთ-იქით ქნევას მოჰყვნენ. მაგრამ ბრაზილიელმა მაინც შეძლო რეაბილიტაცია: "ვოლფსბურგმა" მიონხენგლადბახის "ბორუსია" საბოლოოდ სწორედ მისი დუბლის წყალობით დაამარცხა.

ეს იყო "ვოლფსბურგის" პირველი გამარჯვება ექვსი ვერმოგებული საშინაო მატჩის შემდეგ და პირველი გამარჯვება მას მერე, რაც გუნდს პიერ ლიტბარსკი წვრთნის. კითხვაზე, დაარტყამს თუ არა მომდევნო პენალტს, დიეგომ მხოლოდ გაიღიმა...


Tops
გახსოვთ, პოდოლსკი?
ბუნდესლიგის მატჩის ბედს ხანდახან ერთი გოლი გადაწყვეტს ხოლმე და თუ ეს გოლი თან ულამაზესიცაა, ავტორს შეუძლია, ძალიან დიდხანს იამაყოს. სიამაყის ნაკლებობას ლუკას პოდოლსკი არასდროს განიცდიდა, მაგრამ იმ ფაქტს, რომ "ფრაიბურგის" მეკარე ოლივერ ბაუმანს 89-ე წუთზე ბურთი თავზე მართლა მოხდენილად გადაუგდო, ვერსად გავექცევით. ამრიგად, "თხებმა" ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩი მოიგეს, 29 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონას ამ ეტაპზე დროებით და სავარაუდოდ სამუდამოდ დაემშვიდობნენ. პოდოლსკის მეორე წრეში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ამაზე მეტი არავის გაუტანია (გომესმაც ექვსჯერ იხეირა).


Tops
საით, ჰანოვერ, ბარსასკენ?
"ჰანოვერი" თავდამსხმელ დიდიე ია კონანის გარეშე ამ სეზონში მოგებას ვერაფრით ახერხებდა და მირკო სლომკას შეგირდებმა, როგორც იქნა, ეს ჯადოც მოიხსნეს. "ზანკტ პაულის" კარში გამარჯვების გოლი მცველმა კრისტიან შულცმა გაიტანა და მატჩის მერე თქვა, მიხარია, რომ ეს ყბადაღებული თემა დაიხურა - დიდიე ჩემი მეგობარია, მაგრამ "ჰანოვერი" ერთ ფეხბურთელზე ნაღდად არაა დამოკიდებულიო. ამ მოგებით სლომკას გუნდმა "ბაიერნსა" და "ლევერკუზენზე" ზეწოლა გააძლიერა - პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "ჰანოვერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მას მერე, რაც გაირკვა, რომ "წითლებს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრებათ, სლომკამ თქვა, ჩვენი მიზანი გუნდის რეკორდის დამყარება და მინიმუმ 49 ქულის მოპოვებააო. "ჰანოვერი" ამ მიზანთანაც ძალიან ახლოსაა, რადგან 24 ტურის შემდეგ ქულების გრაფაში 44 უწერია. გაგრძელდება ქვემოსაქსონიური ზღაპარი? მომდევნო ტურში სლომკას გუნდი მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. თანაც, ია კონანთან ერთად...


Tops
ყველაფერი მომავალი ჩემპიონის შესახებ
"დორტმუნდის" ბრწყინვალე ფეხბურთი და გამარჯვება არა მარტო "ბაიერნისთვის" გადაიქცა კარგ საფეხბურთო გაკვეთილად, არამედ მილანის "ინტერისთვისაც" ბრწყინვალე ლექციაა. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი უკვე დაიწყეს ბჭობა იმის შესახებ, რომ "ბორუსიას" შანსი აქვს, გერმანული "ბარსელონა" გახდეს. საფეხბურთო გერმანიის უდიდესმა ნაწილმა იურგენ კლოპსა და მის გუნდს უკვე მიულოცა გერმანიის ჩემპიონობა.

"ეს განსაკუთრებული მომენტია," - განაცხადა მატჩის შემდეგ სათვალეგატეხილმა და ყვრიმალშესისხლიანებულმა (ეს ყველაფერი ნური შაჰინის ბრალი იყო) იურგენმა, რომელიც ცამდე მართალია: დორტმუნდში მიუნხენიდან სამი ქულის წამოღებას არც მეტი, არც ნაკლები, 20 წელიწადი ელოდებოდნენ.

მიუნხენელთაგან განსხვავებით, დორტმუნდელმა კევინ გროსკროიტცმა სიტყვა შეასრულა. მატჩის წინ თქვა, "ბაიერნს" მიუნხენშიც მოვუგებთო, "ალიანს არენაზე" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თანაგუნდელებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გაამრჯვებაც იზეიმა.
"გერმანული ბარსა"? - ეს ეპითეტი დორტმუნდში ძალიან მოსწონთ...


ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-2-3-1)
სვენ ულრაიხი (შტუტგარტი) - საშა რიტერი (ვოლფსბურგი), ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია დ), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - იან პოლაკი (ვოლფსბურგი), ნური შაჰინი (ბორუსია დ) - კევინ გროსკროიტცი (ბორუსია დ), დიეგო (ვოლფსბურგი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) - ლუკას ბარიოსი (ბორუსია დ)

გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს ის, რომ კიკერისეული ტურის სიმბოლური ნაკრები ძალიანაა "გადაყვითლებული": 24-ე ტურის სიმბოლურში ერთბაშად ექვსი დორტმუნდელი მოხვდა. აქედან, "ბაიერნის" კარში გატანილი ულამაზესი გოლის ავტორ ნური შაჰინისთვის ეს მერვე შემთხვევაა. თურქი ნახევარმცველი სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობით ისევ პირველ ადგილზეა.


ტურის გმირი
მატს ჰუმელსი (ბორუსია დ)

ჰუმელსმა კლოპს პარასკევს სთხოვა, თუ მიუნხენში მოვიგებთ, უქმეების მიუნხენში გატარების ნება მომეციო და მწვრთნელიც დათანხმდა. ამრიგად, 22 წლის მცველმა შაბათი და კვირა მშობლიურ ქალაქში გაატარა. "ბაიერნთან", ანუ, კლუბთან, რომელსაც 2008 წელს ის აღარ უნდოდა, მატსი იმდენად იდეალური იყო, რომ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა ითამაშოს მცველმა ამაზე უკეთესად. თანაც, "ბაიერნის" კარში გატანილი მესამე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.


საუკეთესო ფეხბურთელები
24 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.50
2. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.56
3. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.63
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.63
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.70
7. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.70
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.73
9. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.77
10. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.83


გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
მარიო გომესი ბაიერნი 18 3 21
არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 9 18
დიდიე ია კონანი ჰანოვერი 11 7 18
პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 16 1 17
თომას მიულერი ბაიერნი 8 9 17
ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 11 5 16
თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
იულიან შიბერი ნიურნბერგი 7 9 16
ლუკას პოდოლსკი კიოლნი 10 5 15
მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 4 10 14.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული