"ჰოფენჰაიმი" დიდი ხანია, დაშოშმინდა, სეზონის სენსაციურად დამწყები "მაინციც" ნელ-ნელა ჩამოშორდა საუკეთესო სამეულს, აი, "ჰანოვერს" კი დღემდე ვერაფერი მოუხერხეს. არადა, ეს გუნდი ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული და ნაკლებად ამბიციურია. საკმარისია, გავაანალიზოთ ის, რომ "წითლები" მიმდინარე სეზონში პირად რეკორდებს ამყარებენ, რომ მაშინვე დავრწმუნდებით, რამდენად საოცარია "ჰანოვერისთვის" 2010/2011 წლების სეზონი.
მირკო სლომკას გუნდს უკვე 14 თამაში აქვს მოგებული და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ჰანოვერს" არსებობის ისტორიაში ერთ სეზონში ამდენი გამარჯვება აქამდე არასდროს ჰქონია. თანაც, ჯერ მხოლოდ 24 ტურია ჩატარებული. "წითლებს" კი უკვე
გასაკვირი არავისთვისაა ის ფაქტიც, რომ "რეკორდების სეზონში" სლომკას გუნდმა სეზონის წინ დასახული მიზანი (პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება) შეცვალა. "ჰანოვერს" ახლა უკვე გაცილებით მეტი უნდა. მართალია, ამას ხმამაღლა არავინ ამბობს და თვითონ სლომკაც მხოლოდ იმას იმეორებს, რომ მისი მიზანი ამ ეტაპზე მე-15 გამარჯვების მოპოვებაა და თუ ამ მიზანს მიაღწევს, მერე მე-16 გამარჯვებაზე იფიქრებს, მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ ჰანოვერში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ცოცხლად მოსმენაზე ოცნებობენ.
მიზნებზე საუბრის დროს მოკრძალებულია "ზანკტ პაულის" კარში გამარჯვების გოლის გამტანი კრისტიან შულციც, რომელსაც სეზონის ბოლოს "ჰანოვერთან" კონტრაქტი უმთავრდება. თუკი სეზონის დასაწყისში გამოცდილი მცველი სერიოზულად ფიქრობდა "ვოლფსბურგისა" და "ჰამბურგის" წინადადებებზე, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან ამ ეტაპზე სპორტული პერსპექტივები "ჰანოვერში" გაცილებით მეტია, ვიდრე ზემოხსენებულ გუნდებში. მართალია, "ვოლფსბურგშიც" და "ჰამბურგშიც" მეტ ხელფასს ჰპირდებიან, მაგრამ შულცისთვის მთავარი სწორედ სპორტული პერსპექტივაა.
"ჰანოვერისთვის" ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც უდიდესი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ სლომკას გუნდს ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც გაუჩნდა. "წითლები" ახლა მესამე ადგილზე არიან, ანუ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან და მეოთხეადგილოსან "ბაიერნს" ორი ქულით უსწრებენ. მომდევნო ტურში სლომკას სამყწსოს სწორედ "ბაიერნთან" უწევს დუელი, თანაც, საკუთარ "AჭD არენაზე" და თუ "ჰანოვერმა" რეკორდმაისტერის დამარცხება შეძლო, მეოთხე ადგილთან უპირატესობას მინიმუმ ოთხი ქულით გაზრდის, მაქსიმუმ კი ხუთით - თუკი "მაინცი" "ჰამბურგს" ვერ დაამარცხებს.
"ზანკტ პაულისთან" შეხვედრაში ჰანოვერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მაშინაც შეუძლიათ მაქსიმუმის მიღწევა, როცა ცუდი დღე უთენდებათ ხოლმე. სლომკას გუნდმა "მილერნტორშტადიონზე" არც ისე კარგად ითამაშა, მაგრამ თამაში მაინც მოიგო და აქტივს სამი ქულა შემატა. აი, ასე ნელ-ნელა და უჩუმრად მიიწევენ "წითლები" წინ და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ "ჰანოვერის" წარმატების უმთავრესი საიდუმლო უმაღლესი ხარისხისა და კლასის დისციპლინაა - მეტი, არც არაფერი. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ სლომკას დამსახურებაა - კაცისა, რომელსაც წარმატებულ სპეციალისტობას მაშინაც კი არ უწინასწარმეტყვებდნენ, როცა "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს. სხვათა შორის, გელზენკირხენულ კლუბს ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო შედეგები სწორედ მირკოს ხელში ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ფელიქს მაგათის პირველ, შარშანდელ სეზონს, როცა "შალკე" ვიცე-ჩემპიონი გახდა, მაგრამ წელს ეს ვიცე-ჩემპიონობაც ისე ჩაიფუშა, რომ "შალკეს" ფანები სწორედ სლომკას პერიოდს იხსენებენ სიამოვნებით. გელზენკირხენში უკვე ყველა ხვდება, რომ "შალკეს" შეფებმა სლომკა თავის დროზე სათანადოდ ვერ (არ) დააფასეს.
"ბაიერნთან" დუელი ძალიან ბევრ საჭირო და აქტუალურ კითხვას გასცემს პასუხს. "ცხადია, ევროპაში გასვლა გვინდა, - ამბობს მირკო, - დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, რომ შაბათს "ბაიერნს" სერიოზული პრობლემები შევუქმნათ. რეკორდმაისტერთანაც ისე ვაჟკაცურად უნდა ვითამაშოთ, როგორც მთელი სეზონის მანძილზე ვასპარეზობთ. "ბაიერნი" ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ჩვენი დამარცხებაც არ არის იოლი."
"მილერნტორზე" მოედნის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამას "ჰანოვერის" ყველა ფეხბურთელი აღნიშნავდა მატჩის შემდეგ, თუმცა როცა გამარჯვებული ხარ, ბევრი წუწუნიც აღარ გინდა. მიუხედავად ამისა, გაცოცხლებულმა იან შლაუდრაფმა მაინც თქვა, წესით, ასეთ მოედანზე თამაშის უფლება არ უნდა მოეცათ, მატჩი უნდა გადადებულიყოო.
აი, "ჰანოვერის" მშობლიურ "AჭD არენაზე" კი ბალახი ახალი გამოცვლილია და იქ "ბაიერნს" ზუსტად ისეთი მოედანი ელის, როგორიც
ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშია ხოლმე დასაშვები. რეპეტიცია დიდი წარმოდგენების წინ? ჰანოვერში ყველა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ცოცხლად მოსმენაზე ოცნებობს.