ლამი: ტაქტიკა უნდა შევცვალოთ!

AutoSharing Option
დღეს გერმანიის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება - "ბაიერნი" მიუნხენში "შალკეს" მასპინძლობს. თასის ფინალში გასვლას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: გარდა იმისა, რომ ევროპის სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიის თასი უაღრესად პრესტიჟული ტურნირია, "ბაიერნს" და განსაკუთრებით "შალკეს", საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურთ. თანაც, ფინალში ხომ საკმაოდ სუსტი მეტოქე ელოდებათ.

"შალკესთვის" თასის ფინალში მოხვედრა და ზოგადად გერმანიის თასის მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ეს გელზენკირხენული კლუბისთვის ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების ფაქტობრივად უკანასკნელი შანსია. მართალია, შალკელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებდნენ, მაგრამ ახლა
უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ფელიქს მაგათის გუნდი საუკეთესო სამეულში ვეღარ მოხვდება და იმისათვის, რომ ევროპის ლიგის მიღმაც არ დარჩეს, თასის მოგება უბრალოდ აუცილებელია.

ბუნდესლიგიდან ევროპის ლიგაში მოხვედრა საუკეთესო ხუთეულში მოხვედრითაცაა შესაძლებელი და "ბაიერნს" ეს პრობლემა არ აწუხებს. მიუნხენელებისთვოს სამეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა აუცილებელი, მაგრამ რაკი რეკორდმაისტერმა ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ბუნდოვანი პერსპექტივაა და მიუნხენური გრანდისთვის უტიტულოდ დარჩენა არაფრით არ შეიძლება, თასის მოგებამ "ბაიერნისთვისაც" უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.

"შალკეს" აუცილებლად უნდა მოვუგოთ და გერმანიის თასის აღება ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად განაღდებული გვექნება, რადგან ფინალში მეორებუნდესლიგელთან გვექნება საქმე", - ეს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია და სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერიც ამბობს, გერმანიის თასის მოგება აუცილებლად გვინდაო.

კაპიტანი ფილიპ ლამი კი მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს ტაქტიკური ცვლილებისკენ მოუწოდებს: "სქემის შეცვლა საჭირო არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, შეტევების ორგანიზებაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ზედმეტად რისკიანმა სტილმა ბუნდესლიგაში უკვე ძალიან ბევრი ქულა დაგვაკარგვინა. ვფიქრობ, რომ ასეთი სტრატეგიით თვითონ ვართულებთ ყველაფერს. ჩემი აზრით, "შალკესთან" მატჩში და ზოგადადაც, უფრო ფრთხილი და პრაგმატული მიდგომა გვჭირდება."

ამ განცხადებით ლამმა ვან გაალი ფაქტობრივად გააკრიტიკა, რაც რეკორდმაისტერის ჰოლანდიელ დამრიგებელს ნამდვილად არ მოეწონება...

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ბრენო, ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო - შვაინშტაიგერი, პრანიჩი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - კლუგე, ანანი - ფარფანი, ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.
არბიტრი: ფლორიან მაიერი (ბურგდორფი).





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული