მიუნხენის "ბაიერნმა" ორი ტრანსფერი სრულყო!

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის ტურის გარდა, ამ უქმეებზე გერმანულ ფეხბურთში საინტერესო კიდევ ის იყო, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ორი ტრანსფერი გაჩარხა - ბავარიელებმა "ჰოფენჰაიმის" ორი მოთამაშე დაიბევეს.

ესენი არიან: 21 წლის ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულე, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და 26 წლის ნახევარმცველი სებასტიან რუდი (12 მატჩი ბუნდესგუნდში). ზიულე და რუდი "ბაიერნს" ზაფხულში შეუერთდებიან.

მართალია, კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ორივე ტრანსფერი გადაწყვეტილია და ყველა შეთანხმება მიღწეულია. რაში სჭირდება რეკორდმაისტერს ეს მოთამაშეები?

ზიულეს ტრანსფერი იმით აიხსნება,
რომ რეკორდმაისტერს დაცვის ცენტრში მართლაც სჭირდება კიდევ ერთი ფეხბურთელი. მატს ჰუმელსს და ჟერომ ბოატენგს ერთი ხეირიანი შემცვლელი სჭირდებათ. მართალია, "ბაიერნს" ჰოლგერ ბადშტუბერი და ხავი მარტინესიც ჰყავს, მაგრამ პირველი სულ ტრავმირებულია და 4 წელია, ფეხბურთი ხეირიანად არ უთამაშია და მარტინესიც ძალიან ხშირადაა დაშავებული.

აღსანიშნავია, რომ ზიულეს "მილანი" ეპატიჟებოდა, მაგრამ ჰოფენჰაიმელმა იტალიურ კლუბს უარი შეუთვალა. "ბაიერნს" ის, სავარაუდოდ, 25 მილიონი ევრო უჯდება.

რაც შეეხება რუდის: ეს უკანასკნელი ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ კონტრაქტი უმთავრდება და მიუნხენელებმა უფასოდ ჩაიგდეს ხელში.

გარდა იმისა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, სებასტიან რუდი ძალიან სტაბილური ფეხბურთელიც გახლავთ. თანაც, როგორც იცით, გაისად ფილიპ ლამი კარიერას ამთავრებს და რეკორდმაისტერს მარჯვენა მცველი კიდევ ამიტომ სჭირდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული