პრემიერლიგა. XXXII ტური: ჩვენ არ ვნებდებით!.. [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსიმ" მინიმუმ ერთი კვირით შეინარჩუნა 7-ქულიანი უპირატესობა და, შესაბამისად, ერთი კვირით შეამცირა დრო დიდად მოსალოდნელ საჩემპიონო ტრიუმფამდე...

ბორნმუთის "დინ ქორთზე" მოგება არავისთვის ყოფილა იოლი საქმე, მით უფრო, ვერ იქნებოდა ახლა, როცა ედი ჰაუს ბიჭებს ძალიან გაუგრძელდათ მოუგებელი სერია (ბოლო 9 მატჩია, გამარჯვების გემო არ იციან).

მართლაცდა, "ალუბლებმა" თავგამოდებით იბრძოლეს მთელი მატჩის განმავლობაში, არ გატყდნენ მაშინაც კი, როცა 2 ბურთით ჩამორჩნენ მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდნენ საათივით აწყობილი ლიდერის წინააღმდეგ.

საკვანძო მომენტი თამაშის დაწყებიდან მალევე დადგა - ჯერ იყო ადამ
სმითის ავტოგოლი, ხოლო იქვე ედენ აზარის გარღვევა, გაბითურებული არტურ ბორუცი და ცარიელ კარში შეგორებული ბურთი.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც უნდა ვთქვათ - ნგოლო კანტემ, ვინც ლონდონელთა ნახევარდაცვის უმთავრესი კაცია, "ჩელსის" მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში პირველი (!) საგოლე პასი მიითვალა...

მატჩი ეკვატორს უახლოვდებოდა, როცა ჯოშუა კინგმა ბოლო 11 მატჩში თავისი მე-10 გოლი შეაგდო (არადა, წინა 20 თამაშში მხოლოდ 3-ჯერ ჰქონდა აღებული მეტოქეთა კარი) და "ბორნმუთს" იმედის ნაპერწკალი გაუღვივა, მაგრამ ამ ნაპერწკლიდან ალი არ აინთო - მეორე ტაიმის შუაში, მარკოს ალონსომ, დიდოსტატური საჯარიმო დარტყმით, საბოლოო წერტილი დასვა.

შედეგიან მცველებს შორის ალონსო მესამე ადგილზეა 5 გოლით, ჯეიმს მილნერისა (7, "ლივერპული") და გარეთ მაკოულის (6, "ვესტ ბრომვიჩი") შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემმა" თავისი მატჩი უფრო ადრე გამართა და ულაპარაკოდ აჯობა "უოტფორდს", რაც "მამლებისთვის" ზედიზედ მე-11 საშინაო გამარჯვებაა. ოღონდ ეს არ არის საუკეთესო შედეგი - იქამდე (1986/87, 14 მატჩი) "ტოტენჰემმა" კიდევ 4 თამაში უნდა მოიგოს "უაით ჰართ ლეინზე".

აღსანიშნავია ჰიუნ-მინ სონის ბრწყინვალე გარჯაც. კორეელმა მიმდინარე სეზონში მესამე დუბლი შეასრულა, პლუს ამას, დელე ალის საგოლედაც დაუგორა ბურთი. მაურისიო პოჩეტინო კი, რომელმაც თქვა, რომ ბოლო წუთებამდე არ დანებდება, გახარებულია ჰარი კეინის დროული გამოჯანმრთელებით. 23 წლის ფორვარდმა, ვინც პრემიერლიგის ბომბარდირობისთვისაც იბრძვის, შაბათს ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" გამარჯვებებით, თითქოს, გამოიკვეთა ის ოთხეული, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იქნება წარმოდგენილი. ოღონდ ჯერ მაინც ნუ ჩამოვწერთ "არსენალს" - ვინ იცის, როგორ ხასიათზე იქნებიან არსენ ვენგერის ბიჭები ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში.

რაც შეეხება "სიტის", რომელმაც 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ავტოგოლებში (მეხუთე - ამ სეზონში) გაწაფული "ჰალის" ძლევით დაასრულა, აქ დიდხანს არ მოგაცდენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ დავიდ სილვამ "ქალაქელების" მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა, ხოლო სერხიო აგუერომ ბოლო 10 მატჩში (ყველა ტურნირს ვგულისხმობთ) 10-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლივერპულმა" კი სტოკში ბეწვის ხიდზე გაიარა. იურგენ კლოპმა, რატომღაც, ექსპერიმენტის ჩატარება მოინდომა - რობერტო ფირმინო და ფილიპე კოუტინიოს მხოლოდ მას შემდეგ ჩართო თამაშში, როცა დაინახა, რომ არსებული შეტევითი პოტენციალით მატჩს სათავისოდ ვერ შემოატრიალებდა.

შეცვლებმა 100 პროცენტით გაამართლა - სწორედ კოუტინიოსა და ფირმინოს ეფექტური გოლებით გაიმარჯვეს "წითლებმა", თუმცა ვერ დავუკარგავთ ამაგს მეკარე სიმონ მინოლესაც, ვინც რამდენიმე საკვანძო "სეივი" განახორციელა.

ორი საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც - გაგიკვირდებათ და, "ლივერპულმა" 2017 წელს პირველი საგარეო მატჩი მოიგო, "ქამბექების" მხრივ კი, ამ სეზონში ნამდვილად არ ჰყავს ბადალი - მეექვსე ისეთი მატჩი მოიგო, რომელშიც თავიდან მდევრის როლში იყო.

"საუთჰემპტონის" გამარჯვებაში, გოლის ავტორ იორდი კლასის გარდა, ძალიან დიდი იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი დუშან ტადიჩის წვლილიც - სერბეთის ნაკრების პლეიმეიკერმა, მას მერე, რაც 2014 წელს "ტვენტედან" პრემიერლიგაში ამოჰყო თავი, აგერ, უკვე 24-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სესკ ფაბრეგასს (32, "ჩელსი"), მესუთ იოზილსა (30, "არსენალი") და კრისტიან ერიქსენს (26, "ტოტენჰემი") ჩამორჩება.

კიდევ უფრო მეტი საქებარი სიტყვა ეკუთვნის "წმინდანების" კარის დარაჯ ფრეიზერ ფოსტერს (საპირისპირო კარშიც ფოსტერი იდგა, ოღონდ ფრეიზერის მოგვარე - ბენი), ვინც მარტო დამატებულ წუთებზე ორი "მკვდარი" ბურთი მოიგერია, სულ კი თამაშში 6-ჯერ იხსნა "საუთჰემპტონი".

ზედიზედ 5 წაგების შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა "ვესტ ჰემმა", მოხსნას გადაარჩინა სლავენ ბილიჩი და 8 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას. ამ ზონაში კი დარჩა მის მიერვე ძლეული "სუონსი", რომელმაც 5-მატჩიანი მოუგებელი სერია სტანჯავს. ამასთან, "გედებისთვის" ეს არის ზედიზედ მე-5 საგარეო მარცხი, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

"მიდლსბრო" კიდევ უფრო დაშორდა პრემიერლიგაში დარჩენის პერსპექტივას მას მერე, რაც შინ ვერ აჯობა "ბარნლის". "რივერსაიდის" მკვიდრთ 2017 წელს ჯერ არ მოუგიათ და ამ მხრივ "ჩემპიონები" არიან 4 ინგლისური ლიგის (პრემიერლიგა, ჩემპიონშიფი, I და II ლიგები) მასშტაბით. ისე, ვერც "ბარნლი" მოიწონებს თავს იმით, რომ ამ სეზონის საგარეო მოგებათა გრაფაში "ნული" უწერია.

კვირას "ევერტონმა" ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი მოიგო და ამ მატჩებში 23 გოლი გაიტანა. ამას გარდა, რონალდ კუმანის ბიჭებმა წერტილი დაუსვეს "ლესტერის" 5-მატჩიან მოგებათა სერიას და კრეიგ შექსპირი მიწაზე დააბრუნეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კი ერთხელაც შეგვახსენა, რომ ამ სეზონში სტუმრად უკეთ ირჯება, ვიდრე შინაურ კედლებში. ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერლიგაში ბოლოს ოქტომბერში დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სანდერლენდის" ფანებს კი ვერაფრით ვანუგეშებთ - "შავმა კატებმა" ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგეს და მხოლოდ ერთხელ გამორჩნენ ფრეს, თან ამ თამაშებში ერთი გოლიც არ გაუტანიათ.

მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, დევიდ მოიესის მოხსნასაც აღარ აქვს აზრი...

XXXII ტური

ტოტენჰემი-უოტფორდი 4:0
გოლები: 1:0 ალი (33), 2:0 ე. დაიერი (39), 3:0 სონი (44), 4:0 სონი (55)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ე. დაიერი, დემბელე (75. სისოკო) - სონი (88. ონომა), ალი, ერიქსენი - იანსენი (61. კეინი)
უოტფორდი (4-4-2): გომეში - იანმაატი, კეტკარტი, მარიაპა, ჰოლებასი - ამრაბატი (70. დინი), დუკური (59. სუნიგა), ქლევერლი, ნიანგი - ოკაკა (85. კაბასელე), საჩისი
მაყურებელი: 31 706

მანჩესტერ სიტი-ჰალი 3:1
გოლები: 1:0 ელმოჰამადი (31-ს. კ.), 2:0 აგუერო (48), 3:0 დელფი (64), 3:1 რანოკია (85)
სიტი (4-2-3-1): ბრავო - ნავასი, სტოუნზი, კოლაროვი, კლიში - ტურე (74. ფერნანდო), დელფი - სტერლინგი, დავიდ სილვა (66. იჰეანაჩო), სანე (66. ნოლიტო) - აგუერო
ჰალი (4-4-1-1): იაკუპოვიჩი - ელმოჰამადი, რანოკია, დოუსონი, რობერტსონი - გროსიცკი, კლუკასი (46. ჰენრიკსენი), ნდიაიე (85. მელოუნი), მარკოვიჩი - ევანდრო (58. ერნანდესი) - ნიასე
მაყურებელი: 54 393

მიდლსბრო-ბარნლი 0:0
მიდლსბრო (3-5-2): ვალდესი - ესპინოსა (83. ბემფორდი), აიალა, გიბსონი - ბარაგანი, ლედბიტერი, კლეიტონი, ფორშოუ, დაუნინგი - სტუანი (58. ნეგრედო), გესტედე (69. ტრაორე)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, ჰენდრიკი, ბარტონი, ბრეიდი - ბარნსი (90. ტარკოვსკი), ე. გრეი (62. ვოუკსი)
მაყურებელი: 29 547

სტოკი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 უოლტერსი (44), 1:1 კოუტინიო (70), 1:2 ფირმინო (72)
სტოკი (4-4-2): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - შაქირი, ქემერონი, ალენი (27. ადამი/81. სობი), არნაუტოვიჩი - უოლტერსი (68. უელანი), ბერაჰინო
ლივერპული (3-5-1-1): მინოლე - ლოვრენი, მატიპი, კლავანი - ვეინალდუმი, ალექსანდერ-არნოლდი (46. კოუტინიო), ჩანი, მილნერი, კლაინი - ვუდბერნი (46. ფირმინო) - ორიგი (69. სტარიჯი)
მაყურებელი: 27 568

ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 კლასი (25)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული (53. ბრანტი), ევანსი, ნიომი - ლივერმორი, დ. ფლეტჩერი (66. რობსონ-კანუ) - ჩადლი, მორისონი, ფილიპსი (63. მაკკლინი) - რონდონი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - კლასი (85. რიდი), ჰოიბერგი - ტადიჩი, უარდ-პროუსი (71. მაკქუინი), რედმონდი (71. საიმსი) - ლონგი
მაყურებელი: 24 697

ვესტ ჰემი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 კუიატე (44)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ბაირემი, ფონტე, კოლინზი, მასუაკუ - კუიატე, ნოუბლი - ანტონიო (40. კალერი), ლანძინი, სნოდგრასი (71. ფეგული) - ა. აიუ (86. ე. ფერნანდესი)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი (65. მონტერო), ტ. ქეროლი (46. ფერნანდო ლორენტე) - რუტლიჯი (46. ნარსინგი), სიგურდსონი, ჯ. აიუ
მაყურებელი: 56 973

ბორნმუთი-ჩელსი 1:3
გოლები: 0:1 სმიტი (17 ს. კ.), 0:2 აზარი (20), 1:2 ჯ. კინგი (42), 1:3 ალონსო (68)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - ფრეიზერი (85. გრეიდელი), არტერი, უილშირი, პაფი (71. იბე) - ჯ. კინგი - აფობე (78. მუსე)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - ალონსო, მოზესი (90. ზუმა), კანტე, მატიჩი - პედრო (88. ვილიანი), აზარი (84. ფაბრეგასი) - დიეგო კოშტა
მაყურებელი: 11 283

სანდერლენდი-მანჩესტერ იუნ 0:3
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (30), 0:2 მხითარიანი (46), 0:3 რაშფორდი (89)
სანდერლენდი (4-1-3-2): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, დენაიერი, ოვიედო (39. მანკილიო) - კეტერმოლი (66. ბორინი) - ნდონგი, როდუელი, ლარსონი - ანიჩებე, დეფო
მანჩესტერი (4-3-3): რომერო - დარმიანი, ბაილი, როხო, შოუ (61. ბლინდი) - ფელაინი, ერერა, პოგბა - მხითარიანი (78. მარსიალი), ლინგარდი (64. რაშფორდი), იბრაჰიმოვიჩი
გაძევება: ლარსონი (43)
მაყურებელი: 43 779

ევერტონი-ლესტერი 4:2
გოლები: 1:0 ტ. დევისი (1), 1:1 სლიმანი (4), 1:2 ოლბრაიტონი (10), 2:2 ლუკაკუ (23), 3:2 იაგიელკა (41), 4:2 ლუკაკუ (57)
ევერტონი (4-3-3): რობლესი - ჰოლგეიტი, პენინგტონი, იაგიელკა, ბეინსი - გეიე, შნაიდერლინი (73. ბერი), ტ. დევისი - ბარკლი, მირალასი, ლუკაკუ
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ემეტრი, ბენალუანი, ჰუთი, ჩილუელი - ოლბრაიტონი (78. ულოა), ა. კინგი, დრინკუოტერი, დ. გრეი (61. მაჰრეზი) - სლიმანი, ვარდი (61. მუსა)
მაყურებელი: 39 573

10 აპრილი, ორშაბათი
კრ. პალასი-არსენალი 23:00

ბომბარდირები: 23 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ედენ აზარი (ჩელსი).

მომდევნო ტური
15 აპრილი:
ტოტენჰემი-ბორნმუთი, კრ. პალასი-ლესტერი, ევერტონი-ბარნლი, სტოკი-ჰალი, სანდერლენდი-ვესტ ჰემი, უოტფორდი-სუონსი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი;

16 აპრილი:
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი;

17 აპრილი:
მიდლსბრო-არსენალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული