პრემიერლიგა. XXXV ტური: ეს არ არის ჰუმანური!.. [VIDEO]

AutoSharing Option
* 22-წლიანი პაუზის მერე ლონდონის "არსენალი" ჩემპიონატს "ტოტენჰემზე" ქვემოთ დაასრულებს.

ძალიან უცნაური შაბათი იყო პრემიერლიგაში. სტატისტიკოსის ბლოკნოტშიც არ აღმოჩნდა ინფორმაცია, თუ როდის გავიდა ბოლოს ინგლისის მთავარ ლიგაში ასე ცოტა (სულ რაღაც 4 გოლი 5 მატჩში!) გოლი, ან იყო თუ არა საერთოდ ასეთი მწირგოლიანობა. იმ ფაქტსაც გავუსვათ ხაზი, ამ 5 მატჩიდან მასპინძლებმა არათუ ვერცერთი ვერ მოიგეს, ერთი ბურთიც კი ვერ გაიტანეს...

მაგრამ ის გოლებიც, რაც გავიდა, ყველა მნიშვნელოვანი იყო, ყველამ რაღაც შედეგი მოიტანა - ვისთვის კარგი, ვისთვის - ცუდი. მაგალითად, ჯეიმი
ვარდის გოლით "ლესტერმა" სტუმრად დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩი" და 40 ქულას მოუყარა თავი, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული სეზონის ტრიუმფატორი... არ გავარდება. პრაქტიკა გვასწავლის, რომ 40 ქულა, თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით, ლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტიაა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს ვარდი, რომელმაც შინჯი ოკაზაკის გადაცემა აქცია გოლად, იაპონელმა კი, თავის მხრივ, "ვესტ ბრომვიჩის" ფორვარდ(!) სალომონ რონდონის უადგილო პასი იგდო ხელთ და ისღა დარჩენოდა, შეტევისთვის სწორი მიმართულება მიეცა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვესტ ბრომვიჩს" რაც შეეხება, ტონი პულისის ბიჭებისთვის ეს იყო ზედიზედ მე-3 საშინაო მარცხი, რაც ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინათ, 2016 წლის 30 აპრილს მოხდა, ხოლო ის ფაქტი, რომ უკანასკნელ 5 მატჩში ერთი ბურთიც ვერ შეაგდეს, ეს კი ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

"სანდერლენდმა" ბოლოსღა გაუშვა გოლი "ბორნმუთის" ფორვარდ ჯოშუა კინგისგან, რომლისთვისაც ეს იყო მე-15 გოლი ამ სეზონში. ამით ის ოლე გუნარ სოლსკიაერის შემდეგ მეორე ნორვეგიელი გახდა, ამ ზღვარს რომ უწია...

უხაროდათ კინგსა და "ბორნმუთს" (41 ქულა დააგროვა და უდიდესი ალბათობით, თავი სამშვიდობოს დაიგულა), სამაგიეროდ, სწუხდა "სანდერლენდი" - 2007 წლის შემდეგ "შავი კატები" პირველად გავარდნენ პრემიერლიგიდან. თუმცა ამ გოლის გარეშეც დევიდ მოიესის გუნდის გადარჩენა ზებუნებრივ ძალებსაც აღარ შეეძლოთ...

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სემ ელარდაისის "კრისტალ პალასმა" ლამის წყალში ჩაყაროს ბოლო ხანს მოპოვებული გამარჯვებები. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ უჭირთ "არწივებს" საკუთარ მოედანზე ქულების დაგროვება - ელარდაისის გუნდი ამ მხრივ ბოლოდან მესამეა მიმდინარე პრემიერლიგაში. "ბარნლი" კი პირიქით - ამ სეზონში პირველი საგარეო თამაში მოიგო და თან ისეთი თამაში, ელიტაში ადგილის შენარჩუნების 99-პროცენტიან გარანტიას რომ იძლევა.

"ჰალის" მწვრთნელი მარკო სილვა დიდად მადლიერი იყო მეკარე ელდინ იაკუპოვიჩის, ვინც ჩვენთვის კარგად ნაცნობ დუშან ტადიჩს ბოლო წამებზე 11-მეტრიანი აუღო და ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის ქულა მოუტანა "ვეფხვებს". სხვათა შორის, ამ სეზონში ყველაზე მეტი (12) პენალტი სწორედ "ჰალის" კარში დაინიშნა და ეს მეორე შემთხვევა იყო, უმაღლეს საფეხბურთო სასჯელს "მშრალად" რომ დაუძვრა.

შაბათის კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც გოლი არ გავიდა, "სტოკი"-"ვესტ ჰემის" დაპირისპირება იყო. თამაშის შემდეგ სლავენ ბილიჩიცა და მარკ ჰიუზიც კმაყოფილები ჩანდნენ გაყოფილი ქულებით, თუმცა მასპინძელთა მეკარე ჯეკ ბატლენდს რამდენიმე სასწაული "სეივი" რომ გაეკეთებინა, "ჩაქუჩები" შინ უთუოდ 3 ქულით დაბრუნდებოდნენ.

შაბათისგან განსხვავებით, კვირას გაცილებით მეტი გოლი ვნახეთ. გილფი სიგურდსონის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით "სუონსიმ" უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო "ოლდ ტრაფორდიდან", "მანჩესტერმა" კი მე-10 საშინაო ფრე ითამაშა (1980/81 წლების სეზონში 11 ჰქონდა), თუმცა 25-მატჩიანი წაუგებელი სერია, დაგვეთანხმებით, თვალს ჭრის...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი, ეს ფრე ვერაფერი ბედენაა საჩემპიონთალიგო ზონაში მოხვედრისთვის ატეხილ ბრძოლაში, მაგრამ ჟოზე მოურინიო მოგვიანებით ცოტათი შვებით ამოისუნთქავდა, "მიდლსბრო"-"მანჩესტერს სიტის" შედეგიდან გამომდინარე, ოღონდ უფრო იმას ინანებდა - ეს რა შანსი გავუშვით ხელიდან თანაქალაქელის გადასასწრებადო...

ნამატჩევს მან გადატვირთულ კალენდარზე ილაპარაკა: "აპრილში 9 მატჩი გვქონდა. ეს არ არის ჰუმანური. გუნდში 22 ფეხბურთელი მყავს და ტრავმების გამო ეს რიცხვი 13-14-მდეა შემცირებული. ბიჭები ძალიან დაიღალნენ".

"მიდლსბრომ" დიდი ბრძოლა გაუმართა "მანჩესტერ სიტის" და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სერხიო აგუერომ "დაუხატა" გაბრიელ ჟეზუშს და პეპ გვარდიოლა იძულებული გახდა, ფრეს დაჰყაბულებოდა. უცნაურია, რომ ესპანელის გუნდი ორჯერ იყო მდევრის როლში. "მიდლსბროსთვის" კი ეს ქულა ვერაფერი შეღავათია - რივერსაიდელებს გადარჩენის მხოლოდ მიზერული შანსი დარჩათ.

"ევერტონი" ტრადიციულად ძლიერია საკუთარ კედლებში და ეს ტრენდი ამ სეზონშიც მუშაობს, თუმცა როლან კუმანის გუნდმა ვერ გაუძლო "ჩელსის" წნეხს და ზედიზედ 8 საშინაო გამარჯვების შემდეგ პირწმინდად დამარცხდა, რითიც ანტონიო კონტეს გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის ბოლო მატჩში "ტოტენჰემმა" ყველაზე პრინციპული მეტოქე მეორე ტაიმის დასაწყისში გატეხა და "ჩელსის" დევნას აგრძელებს. სხვათა შორის, ეს იყო ბოლო ლონდონური დერბი "უაით ჰართ ლეინზე". უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან, ვიდრე ახალი სტადიონი ჩადგება მწყობრში, "ტოტენჰემი" მეტოქეებს "უემბლიზე" უმასპინძლებს...

ამრიგად, 1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდება, რომ "მამლები" საბოლოო ცხრილში "არსენალზე" მაღლა იქნებიან. ხოლო ზედიზედ მე-9 გამარჯვება საუკეთესო შედეგია 1960 წლის მერე, როცა "ტოტენჰემმა" მიჯრით 13 მოგება "გამოაცხო".

მაგრამ ამ ციფრებზე მეტად მნიშვნელოვანია ტიტულისთვის ბრძოლის შანსი, რომელიც, მიუხედავად წარმატებული სერიისა, დიდი არ არის. დიდი არ არის არც "ჩელსის" 4-ქულიანი უპირატესობა, თუმცა კონტეს გუნდი ამ უპირატესობის ხელიდან გამშვებს არ ჰგავს...

პრემიერლიგა, XXXV ტური
საუთჰემპტონი-ჰალი 0:0
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ბუფალი (58. სიმსი), ტადიჩი, რედმონდი (87. როდრიგესი) - გაბიადინი (59. ლონგი)
ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი - ელმოჰამადი, რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - ნდიაიე, კლუკასი - მარკოვიჩი (90. დოუსონი), ევანდრო (72. ჰენრიკსენი), გროსიცკი (83. ჰადლსტოუნი) - ნიასე
გამოუყენებელი პენალტი: ტადიჩი (90)
მაყურებელი: 31 120

სტოკი-ვესტ ჰემი 0:0
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, მუნიესა - ქემერონი, უელანი (80. ადამი) - შაქირი, ალენი (70. კრაუჩი), არნაუტოვიჩი - ბერაჰინო
ვესტ ჰემი (3-4-1-2): ადრიანი - ფონტე, რიდი, კოლინზი - ე. ფერნანდესი, კუიატე, ნორდტვეიტი, მასუაკუ (46. კრისუელი) - ლანძინი - ა. აიუ (69. ნოუბლი), კალერი (80. სნოდგრასი)
მაყურებელი: 27 628

სანდერლენდი-ბორნმუთი 0:1
გოლი: 0:1 ჯ. კინგი (88)
სანდერლენდი (4-1-3-2): პიკფორდი - მანკილიო, ოში, კონე, ლავი - ნდონგი - ხაზრი, პიენაარი (55. ჰანიმენი), ბორინი - ანიჩებე, დეფო
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, ლ. კუკი, დენიელსი - ფრეიზერი (90. გრეიდელი), არტერი, ს. კუკი, პაფი (82. მუსე) - ჯ. კინგი - აფობე (57. სტანისლასი)
მაყურებელი: 38 394

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 ვარდი (43)
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი (60. მაკკლინი) - ლივერმორი, იაკობი (69. დ. ფლეტჩერი), მორისონი (79. ლეკო), ჩადლი, ბრანტი - რონდონი
ლესტერი (4-4-2): შმაიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - დრინკუოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (81. ე. კინგი) - ოკაზაკი (67. ულოა), ვარდი
მაყურებელი: 24 611

კრ. პალასი-ბარნლი 0:2
გოლები: 0:1 ბარნსი (8), 0:2 ე. გრეი (85)
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი, დელენი, ვან აანჰოლტი - მაკარტური (71. კემპბელი), მილივოიევიჩი, ფენჩენი - ზაჰა, თუანსენდი, ბენტეკე (71. რემი)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, ტარკოვსკი, ს. უარდი (45. ფლენეგანი) - ბოიდი, ვესტვუდი, ჰენდრიკი, არფილდი - ვოუკსი, ბარნსი (79. ე. გრეი)
მაყურებელი: 25 013

მანჩესტერ იუნ-სუონსი 1:1
გოლები: 1:0 რუნი (45-პენ), 1:1 სიგურდსონი (79)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ბაილი (61. დარმიანი), ბლინდი, შოუ (9. ა. ვალენსია) - ერერა, ქერიკი - ლინგარდი, რუნი (80. მხითარიანი), მარსიალი - რაშფორდი
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, კინგსლი - კი (61. ფერი), ბრაიტონი (65. მონტერო/79. ოლსონი), ტ. ქეროლი - ჯ. აიუ, სიგურდსონი, ლორენტე
მაყურებელი: 75 271

ევერტონი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 პედრო (66), 0:2 კეჰილი (79), 0:3 ვილიანი (86)
ევერტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გეიე, თ. დევისი - ე. ვალენსია (72. კონე), კალვერტ-ლიუინი (72. მირალასი), ბარკლი - ლუკაკუ
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი (82. აკე), კეჰილი - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (82. ფაბრეგასი), აზარი (85. ვილიანი) - დიეგო კოშტა
მაყურებელი: 39 595

მიდლსბრო-მანჩ. სიტი 2:2
გოლები: 1:0 ნეგრედო (38), 1:1 აგუერო (69-პენ), 2:1 ჩემბერსი (77), 2:2 ჟეზუში (85)
მიდლსბრო (4-3-3): გუსანი - ფაბიო, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ - სტუანი (73. ტრაორე), დაუნინგი, ნეგრედო (82. გესტედე)
სიტი (3-4-1-2): კაბალიერო - კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი - ნავასი, ფერნანდინიო, გარსია (49. სანე), კლიში (50. სტერლინგი) - დე ბრუინი - აგუერო (90. ნოლიტო), ჟეზუში
მაყურებელი: 29 763

ტოტენჰემი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 ალი (55), 2:0 კეინი (58-პენ)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი (88. უოლკერი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ე. დაიერი, ვანიამა - ერიქსენი, ალი (90. სისოკო), სონი (79. დემბელე) - კეინი
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - გაბრიელ პაულისტა (75. ბელერინი), კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯაკა (65. უელბეკი), გიბსი - იოზილი, სანჩესი - ჟირუ (81. უოლკოტი)
მაყურებელი: 31 811

ორშაბათი. 1-ლი მაისი
უოტფორდი-ლივერპული 23:00

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 18 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ), დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი), ჯოშუა კინგი (ბორნმუთი).

მომდევნო ტური
5 მაისი:
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი;

6 მაისი:
მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი, ბორნმუთი-სტოკი, ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი, ჰალი-სანდერლენდი, ლესტერი-უოტფორდი, სუონსი-ევერტონი;

7 მაისი:
ლივერპული-საუთჰემპტონი, არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი;

8 მაისი:
ჩელსი-მიდლსბრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული