დღეს ჩვენ იმ ფეხბურთელებზე დავწერთ, რომელთაც "არსენალს" უკავშირებენ, ან რომლებიც წესითა და რიგით, ძალიან უნდა მოუხდნენ არსენ ვენგერის გაწვრთნილ გუნდს. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ლონდონელებს ყველა პოზიციაზე სჭირდებათ გაძლიერება.
მეკარე
პეტერ ჩეხი წლების განმავლობაში შედის
თუ ვენგერი მაინც გადაწყვეტს ამ პოზიციის გაძლიერებას, იდეალური ვარიანტი იქნებოდა გერმანელი ბერნდ ლენო, ვინც უკვე დიდი ხანია, გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე და უფრო დიდი გუნდებისთვის მომწიფდა, ვიდრე ლევერკუზენის "ბაიერია".
დაცვა
როცა შკოდრან მუსტაფი და ლორან კოსიელნი ჯანმრთელად იყვნენ, დაცვის ცენტრი გასულ სეზონში ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ ტრავმები "არსენალის" დაცვის ცენტრშიც ქმნიდა პრობლემებს, რომ არაფერი ვთქვათ ფლანგებზე. ახალგაზრდა რობ ჰოლდინგი ნიჭიერი მცველია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. რაც შეეხება პერ მერტეზაკერს, გამოცდილი გერმანელი უფრო მკურნალობდა გასულ სეზონში, ვიდრე თამაშობდა.
გაბრიელ პაულისტას კი, უბრალოდ, კლასი არ ჰყოფნის ამ დონეზე თამაშისთვის.
დაცვის ცენტრში ურიგო არ იქნებოდა ემერიკ ლაპორტის, ვირხილ ვან დეიკის ან ხალიდუ კულიბალის გამოჩენა. ისინი თავიანთი კლუბების ლიდერები არიან, მაგრამ თუ "არსენალი" ბევრს დახარჯავს, როგორც ეს ალიშერ უსმანოვმა თქვა (ზაფხულის ტრანსფერებზე 100 მილიონ გირვანქას დავხარჯავთო), მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება დაცვის ფრთებს, არავინ იცის, შეძლებს თუ არა მომდევნო სეზონის ამავე დონეზე ჩატარებას ნაჩო მონრეალი. ალბათ, კვლავ არასტაბილური იქნება კიარონ გიბსი, ექტორ ბელერინს კი თვალი "ბარსელონასკენ" უჭირავს, თუმცა ვენგერს მისი გაშვება სასტიკად არ სურს.
"ბენფიკას" დაცვის მარცხენა ფლანგზე ფეერიული სეზონი ჩაატარა "ბარსელონას" აღზრდილმა ალეხანდრო გრიმალდომ, თუმცა მისი დაბრუნება კატალონიურ კლუბსაც სურს. მისდამი ინტერესი "არსენალსაც" აქვს.
შესანიშნავი იყო "ჰალის" მცველი ენდრიუ რობერტსონიც. და მაინც, ბელერინის შესაძლო წასვლა უდიდესი დანაკლისი იქნება ინგლისელთათვის. მისი დონის ფლანგელი მცველი დღეს ბევრი არაა.
ნახევარდაცვა
აარონ რემზიმ დაამტკიცა, რომ სტაბილურად თამაში შეუძლია. გრანიტ ჯაკას კი ჯერ კიდევ მოუწევს ამის გაკეთება. მესუთ იოზილის შესაძლო წასვლაზე ჯერ არაფერი ისმის და ეს ძალიან კარგია.
"არსენალს" ამ სათამაშო რგოლში აუცილებლად სჭირდება ახალი ხალხი. მაგალითად ისეთი, რომელსაც "ბაიერნი" კარგად ვერ იყენებს. ვგულისხმობთ პორტუგალიელი რენატო სანშეშის სათამაშო აგრესიას, კლასსა და პერსპექტივას, რომელიც ზედგამოჭრილი უნდა იყოს "არსენალისათვის". "მეთოფეებს" "ლიონის" კორენტინ ტოლისო უნდათ და ესეც ძალიან კარგი შენაძენი იქნება.
საუკეთესო შენაძენი კი "მონაკოს" ბრაზილიელი საყრდენი ფაბინიო იქნებოდა. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია ჩაშლა და შექმნა. ასეთი მოთამაშე კი "არსენალს" მართლაც რომ ჰაერივით სჭირდება.
თავდასხმა
აქ იმდენი პრობლემაა, რომ ყველა მათგანის ერთბაშად ჩამოთვლა შორსაც კი წაგვიყვანს. არის თითქმის მხოლოდ ალექსის სანჩესი და ცოტა ოლივიე ჟირუც. ბოდიში უნდა მოვუხადოთ დენი უელბეკს - ის მხოლოდ ეპიზოდურადაა საკმარისად კარგი.
"არსენალი" აუცილებლად იბრძოლებს რიად მაჰრეზისათვის. სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ალჟირელი ვარსკვლავი და "არსენალი" ერთმანეთს ძალიან უნდა მოუხდნენ. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მაჰრეზმა გუდა-ნაბადი აიკრა "ლესტერიდან".
გუნდს ძალიან უნდა გამოადგნენ უსმან დემბელე, თომა ლემარი და ნაბილ ფეკირი. კილიან მბაპე? ისე ჩანს, რომ "მეთოფეები" ფრანგ ტალანტს ვერ შეწვდებიან, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას. ისე კი, დიდებული იქნებოდა - მოგეხსენებათ, მბაპეს ტიერი ანრის ადარებენ და საინტერესო იქნებოდა, მასაც რომ იგივე გზა გაევლო, რაც "არსენალის" ფრანგ ლეგენდას...
ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დიდებული იქნებოდა კასპერ დოლბერგის ხილვა. საკითხავი ისაა, დანიელი ვუნდერკინდი ახლავე დატოვებს "აიაქსს" თუ კიდევ ერთი სეზონით შერჩება ჰოლანდიურ გრანდს.
კარგი იქნებოდა, "ემირეითსზე" ალეკსანდრ ლაკაზეტიც გვეხილა, მაგრამ მისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტი მადრიდის "ატლეტიკოა".
ფაქტი ისაა, რომ ახალი ტრანსფერების გარეშე არსენ ვენგერს, დიდი ალბათობით, ისეთივე იმედგაცრუება ელის, როგორიც მან ბოლო სეზონებში მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"