* ლუკაკუს ტრანსფერი ბონუსებით 90 მილიონ გირვანქამდე გაიზრდება.
რომელუ ლუკაკუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას არაფერი აკლია. 24 წლის ბელგიელი ფორვარდი 75 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება და კარიერას ჟოზე მოურინიოს გუნდში გააგრძელებს.
არადა, თავის დროზე, რომელუ სწორედ პორტუგალიელმა გაუშვა, გაუშვა "ჩელსიდან", სადაც ლუკაკუ, თითქოს, უნდა დაბრუნებულიყო კიდეც და "ლურჯები" ახლოს იყვნენ ბელგიელის შეძენასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, გოლეადორმა "წითელი ეშმაკები" აირჩია.
"ვფიქრობ, "მანჩესტერში"
მართლაც ძალიან მიხარია, რომ ამ დიდი გუნდის ისტორიის ნაწილი ვხდები. ვინ ეტყვის უარს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს? საუკეთესო სტადიონი ინგლისში, საუკეთესო ფანები. ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა გახლდათ ჩემთვის, რომლის არგამოყენებაც არ შეიძლებოდა. ახლა კი დიდი შრომის დროა, უფრო მეტად უნდა დავიხარჯო, ვიდრე აქამდე ვიხარჯებოდი", - განაცხადა ლუკაკუმ.
რომელუ ამჟამად აშშ-შია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტიც უნდა გააფორმოს. სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამბობენ, რომ 75 მილიონ ფუნტს, ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 15 დაემატოს.
რომელუ, რომელმაც წინა პრემიერლიგაში 25 გოლი გაიტანა, "ჩელსიმ" 2014 წლის ივლისში "ევერტონს" 28 მილიონ ფუნტად მიჰყიდა. როგორც იცით, "ლურჯების" მაშინდელი მწვრთნელი "მანჩესტერის" ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო იყო. ლონდონელები დიდი ხანი ცდილობდნენ ლუკაკუს ხელში ჩაგდებას, მოლაპარაკებაც დაწყებული გახლდათ და "ჩელსი", თითქოს, მის გამოსყიდვასთან ახლოს გახლდათ, მაგრამ პრობლემა აქაც მინო რაიოლაში იყო. "ჩელსი" ბელგიელის აგენტის მოთხოვნებს არ იღებდა და მისი სოლიდური ჰონორარის გადახდა არ სურდა.
ლუკაკუს "მანჩესტერში" გადასვლით მოუ გუნდის სერიოზულად გადაწყობას და თავიდან შენებას იწყებს. სიმბოლურად, ეს უეინ რუნის მანჩესტერული კარიერის დასასრულსა და მისი საპირისპირო მიმართულებით წასვლას, მშობლიურ "ევერტონში" დაბრუნებას ნიშნავს.
დაბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ რომელუ ლუკაკუ ლოს ანჯელესში დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. საქმე საჩივარს ეხებოდა, რომელიც პოლიციამ იმ შენობიდან მიიღო, სადაც ლუკაკუ წვეულებას მართავდა და გადამეტებული ხმაურით მეზობლები შეუწუხებია. ბევერლი ჰილსის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინმე რომელუ ლუკაკუ ბოლინგოლი მას მერე დააკავეს, რაც გადამეტებული ხმაურის გამო პოლიციაში 5 საჩივარი შევიდა.
მოურინიოსა და ლუკაკუს ურთიერთობა
მოურინიო ლუკაკუზე 2013 წელს, როდესაც "ჩელსიმ" ბელგიელი "ევერტონში" გაანათხოვრა და ლუკაკუმ ამაზე უკმაყოფილება გამოხატა: "რომელუს ლაპარაკი უყვარს. ის ახალგაზრდა ბიჭია. თუმცა ერთადერთი, რასაც არ ამბობს, ისაა, თუ რატომ წავიდა ის "ევერტონში". ეს არის ის, რასაც ალბათ არასდროს იტყვის. ჩემი ბოლო კონტაქტი მასთან სწორედ ეს გახლდათ - ვუთხარი, ეთქვა, თუ რატომ არ არის ჩვენთან ერთად".ლუკაკუ მოურინიოზე 2015 წლის დეკემბერში: "ყველა ამბობს, რომ ჩემი წასვლა მოურინიოს ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის, გადაწყვეტილება მე მივიღე. მივედი მის კაბინეტში და ვკითხე, შემეძლო თუ არა წასვლა, წასვლის უფლება ვთხოვე. "ევერტონთან" კონტრაქტი 11 საათზე გავაფორმე და პირველი ტექსტური შეტყობინება, რომელიც ჩემს "ბლექბერიზე" მივიღე, სწორედ ჟოზესგან იყო: "წარმატებები, საუკეთესოდ წარმოაჩინე თავი. გნახავ შემდეგ სეზონში".
მოურინიო ლუკაკუს "ევერტონში" გაყიდვაზე: "რომელუ ჩვენთან ყოველთვის პირდაპირი იყო. იგი მენტალურადაც და ფიზიკურადაც ძლიერი ადამიანი და მოთამაშეა. მუდამ სურდა გუნდისთვის სარგებლის მოტანა და მზად იყო, თავისი ადგილისთვის ებრძოლა. მას ძალიან უნდოდა "ჩელსიში" თამაში, მაგრამ სურდა, რომ პირველი ფორვარდი ყოფილიყო და მუდამ ძირითადში ეთამაშა. კლუბისთვის ძალიან ძნელია, რომელიმე ფეხბურთელს მსგავსი გარანტია მისცეს და ამას შეჰპირდეს".
ლუკაკუს სტატისტიკა
* მარტში "ჰალის" კარში გატანილი ორი გოლით, ლუკაკუ გახდა "ევერტონის" პირველი მოთამაშე გარი ლინეკერის (1985/86 წლების სეზონი) შემდეგ, რომელმაც უმაღლეს ლიგაში 20-გოლიან ნიშნულს უწია. საბოლოოდ, მან პრემიერლიგის წინა სეზონი 25 გოლით დაასრულა და ბომბარდირობასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო ტურებში ჰარი კეინმა გადაასწრო.* რომელუ მხოლოდ მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში 80-ზე მეტი გოლი გაიტანა, სანამ 24 წლის გახდებოდა. ბელგიელამდე ეს მაიკლ ოუენმა, რობი ფაულერმა და უეინ რუნიმ შეძლეს.
* კონკრეტულად პრემიერლიგაში, რომელუ "ევერტონის" საუკეთესო ბომბარდირია 68 გოლით.
* ლუკაკუ იმ სამ მოთამაშეშია, რომელთაც ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ხუთ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაჰქონდათ. დანარჩენი ორი - ოლივიე ჟირუ და სერხიო აგუერო არიან.
* პრემიერლიგაში ლუკაკუს 85 გოლი აქვს გატანილი. აქედან 42 მარცხენა ფეხით, 24 მარჯვენათი, 18 თავით, 1 კი სხეულის სხვა ნაწილით.
***
"მანჩესტერ იუნაიტედი", ცხადია, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს და სხვა ფეხბურთელებსაც უტრიალებს. "წითელი ეშმაკების" დიდი ხნის სამიზნე ერიკ დაიერია. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი 50 მილიონ ფუნტად ფასდება. მართალია, "დეზების" მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს 23 წლის დაიერის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ თავად ერიკი წასვლაზე ფიქრობსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"