რაღა კოლაროვი და რაღა იასონ კვირკველია?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" "ლაციოსგან" 17 მილიონ ფუნტად ანუ 20,3 მილიონ ევროდ სერბი მცველი ალექსანდრ კოლაროვი იყიდა და ინგლისური პრესაც მყისვე დაინტერესდა, მაინც რა თვისებებით არის ეს 24 წლის ბელგრადელი ბიჭი დაჯილდოვებული? გაირკვა, რომ ბევრ, ფეხბურთელისთვის საჭირო, გუნდისთვის სასარგებლო თვისებასთან ერთად ის ერთი რამითაც გახლავთ გამორჩეული: იასონივით არის - ლეგენდარული ქართული ფილმის, "პირველი მერცხლის" მთავარ გმირზე მოგახსენებთ - მტერს მოხვდა მისი დარტყმული. ვისაც არ სჯერა, იტალიელ მსაჯებსა და მის რომაელ თანაგუნდელებს ჰკითხოსო, წერენ ბრიტანული გაზეთები და არბიტრ მასიმილიანო საკანის ასახელებენ. ამ
მსაჯმა 2009 წლის თებერვალში კოლაროვის დარტყმის გამო რამდენიმე წუთით გონება დაკარგა - იმ დღეს "ლაციო" "ტორინოს" ეთამაშებოდა. გამოხდა ამ ამბიდან 9 თვე და უგონოდ დაენარცხა მიწაზე "ნაპოლის" ფეხბურთელი ეზეკილ ლავეცი - მიზეზი იგივეა, კოლაროვის მიერ დარტყმული ბურთი ვერ აიცდინა.

ახლა, "ლაციოს" ვარჯიშებზე რა ხდებოდა აღარ იკითხავთ? სებასტიანო სივილიას, მაგალითად, სამი თითი მოტყდა. ჰოდა, რა გასაკვირია, სერბს მეტსახელად რობერტო კარლოსი რომ შეარქვეს, თუმცა... ეს შეიძლება ბრაზილიელისთვის არ იყოს მთლად სასიამოვნო ამბავი. ის ხომ თავ-პირს არავის ამტვრევდა.

კოლაროვს "ლაციოში" ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე ათამაშებდნენ, საიდანაც 82 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო. კაცმა რომ თქვას, მის ოსტატობასა და დადებით თვისებებში ეჭვი არასდროს არავის შეუტანია, თუმცა, ინგლისში ძალიან გაუკვირდათ, რა საჭირო იყო მასში ამხელა თანხის გადახდა. ბოლოს და ბოლოს 20-21 მილიონი ევროს საღირალი მას სერია A-ში არაფერი გაუკეთებიაო, წერენ კრიტიკოსები და იხსენებენ, რომ გასულ დეკემბერს "ინტერის" მაშინდელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რომაელებს სერბის სანაცვლოდ 8,3 მილიონი შესთავაზა. სარფიან ვაჭრობაზე წერენ და წერენ თავიანთ ფორუმებზე "ლაციოს" ფანებიც, თუმცა იქვე კოლაროვს წარმატებას უსურვებენ, რადგან ერთხელ ამ კაცმა მათ მთავარ მტერსა და მოქიშპეს "რომას" გაუტანა გოლი.
...და მაინც, დეკემბრიდან ივლისამდე კოლაროვი თითქმის ორნახევარჯერ რამ გააძვირა?



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული