ახლა, "ლაციოს" ვარჯიშებზე რა ხდებოდა აღარ იკითხავთ? სებასტიანო სივილიას, მაგალითად, სამი თითი მოტყდა. ჰოდა, რა გასაკვირია, სერბს მეტსახელად რობერტო კარლოსი რომ შეარქვეს, თუმცა... ეს შეიძლება ბრაზილიელისთვის არ იყოს მთლად სასიამოვნო ამბავი. ის ხომ თავ-პირს არავის ამტვრევდა.
კოლაროვს "ლაციოში" ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე ათამაშებდნენ, საიდანაც 82 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო. კაცმა რომ თქვას, მის ოსტატობასა და დადებით თვისებებში ეჭვი არასდროს არავის შეუტანია, თუმცა, ინგლისში ძალიან გაუკვირდათ, რა საჭირო იყო მასში ამხელა თანხის გადახდა. ბოლოს და ბოლოს 20-21 მილიონი ევროს საღირალი მას სერია A-ში არაფერი გაუკეთებიაო, წერენ კრიტიკოსები და იხსენებენ, რომ გასულ დეკემბერს "ინტერის" მაშინდელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რომაელებს სერბის სანაცვლოდ 8,3 მილიონი შესთავაზა. სარფიან ვაჭრობაზე წერენ და წერენ თავიანთ ფორუმებზე "ლაციოს" ფანებიც, თუმცა იქვე კოლაროვს წარმატებას უსურვებენ, რადგან ერთხელ ამ კაცმა მათ მთავარ მტერსა და მოქიშპეს "რომას" გაუტანა გოლი.
...და მაინც, დეკემბრიდან ივლისამდე კოლაროვი თითქმის ორნახევარჯერ რამ გააძვირა?