რუნი დღეს დაიბარეს

AutoSharing Option

უეინ რუნიმ აღიარა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ბილწსიტყვაობისთვის სამართლიანად წაუყენა ბრალდება, მაგრამ ავტომატური ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია გააპროტესტა. გუშინვე, ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ რუნის კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, მოთამაშის ანალოგიური პოზიცია წარმოაჩინა, ასე რომ საქმეს ხელახალი განხილვა სჭირდება და ის დღეს გაიმართება. თუ რუნის არგუმენტები სადისციპლინო კომისიას არ დააკმაყოფილებს, მაშინ ფეხბურთელს შესაძლოა ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია აღარ აკმარონ. შეგახსენებთ, რომ ორთამაშიან დისკვალიფიკაციაში შედიოდა პრემიერლიგის უახლოესი შეხვედრა „ფულჰემთან“ და ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.
რა დააშავა უეინ რუნიმ? პრემიერლიგის ბოლო ტურში, „ვესტ ჰემთან“, „იუნაიტედი“
2:0-ს აგებდა, რასაც რუნის ჰეთ-თრიკი მოჰყვა და ბოლოს ერთიც ხავიერ ერნანდესმა დაამატა. სამი გოლის შეგდებით და თამაშის ბედის შემოტრიალებით გახარებულმა რუნიმ ტელეკამერას უწმაწური სიტყვები ჩასძახა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინა დღეს, ვარჯიშზე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ლაპარაკისგან უჯობს თავი შეიკავოს.
„სათქმელი არაფერი მაქვს. მირჩევნია საერთოდ თუ გავჩუმდები. ჩვენ, ჩვენი პოზიცია ფეხბურთის ასოციაციას წერილობით წარვუდგინეთ“.

ბენ არფა ბრუნდება

ჰატემ ბენ არფა „ნიუკასლის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა. არადა, იმ კოშმარული ტრავმის შემდეგ, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ჰოლანდიელმა გლადიატორმა ნაიჯელ დე იოგმა მიაყენა, კინაღამ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
24 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ნახევარი წელიწადი მკურნალობას მოანდომა. ის ამბობს:

„კარიერას ვკარგავდი. ძალიან შევშინდი. ნოემბერში მეორე ოპერაცია დამჭირდა, რადგან ექიმებს ინფექცია გაეპარათ. ყველაფერმა მეტისმეტად სახიფათო მასშტაბები მიიღო. ექიმები მალე რომ არ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა, ფეხი გამიხდებოდა მოსაკვეთი.
დღეს ბედნიერი ვარ, რადგან კვლავ ფეხბურთელი ვარ და მოედანზე დასაბრუნებლად ვემზადები. როდესაც ჩემი ტრავმის ფოტოებს ვუყურებ, ცუდად ვხდები. ეს სურათები დაახლოებით ასჯერ მაქვს ნანახი. დე იონგმა მესიჯი მომწერა, მაგრამ ინგლისური კარგად არ ვიცი და ამიტომ ყველაფერი ვერ გავიგე. თუმცა, პრინციპში მივხვდი რასაც მეუბნებოდა: განზრახ არაფერი გამიკეთებია და მაპატიეო. მე არ გავებუტე. პასუხად მივწერე, რომ ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ასეთი რამ ხდება, თუმცა აუცილებლად დავძენ, რომ მსაჯობას მიხედვა სჭირდება. იმ შემზარავ ეპიზოდში, წითელ ბარათს თავი დავანებოთ, არბიტრმა ჩვეულებრივი ჯარიმაც კი არ დანიშნა. საერთოდ არ დაუსტვენია. ისე არ გამიგოთ, რომ ჯოხის გადატეხვა მსაჯებზე მინდა, მაგრამ ფეხბურთელებს დაცვა სჭირდებათ და ამისათვის რამე უნდა იღონონ“.

ფერნანდო ანდრეი არ გეგონოთ

„სანმა“ ხუმრობა დაიწყო: ეს რა გავიგეთ, თურმე „ჩელსის“ ვარჯიშებზე ფერნანდო ტორესს გოლები გააქვსო. მოკლედ, ტორესისა და გოლის ერთად ხსენება უკვე ოხუნჯობად იქცა, თუმცა „ლურჯების“ მეკარე პეტრ ჩეხი, რომელიც ამ ბოლო დროს დაუნანებლად „არიგებს“ ინტერვიუებს დარწმუნებულია, რომ აქ სასაცილო არაფერია.

ტორესმა ბოლოს გოლი ორი თვის, ორი კვირის და ორი დრის წინ გაიტანა, მაგრამ მაშინ „ლივერპულის“ მაისურა ეცვა. რაც „ჩელსის“ ლურჯი ფორმა მოირგო ესპანელმა ვარსკვლავმა 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეტოქეთა კარის დალაშქვრა ერთხელაც ვერ შეძლო. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ინგლისის ჩემპიონთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრემიერლიგის ბოლო ტურში, „სტოკის“ წინააღმდეგ, ტორესი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა. რასაკვირველია, იმ კაცის სკამზე დასმა, რომელშიც 50 მილიონი ფუნტია გადახდილი ცოტა ძნელი და გაუგებარია, მაგრამ იტალიელ მწვრთნელს სხვა გზა არ ჰქონდა.
ჩეხმა თქვა: „ისევე როგორც ყველა სხვას, ვარჯიშებზე გოლები ტორესსაც გააქვს. აშკარად ვხედავ, რომ ამ კაცმა ძალიან კარგად იცის იმ ლიგის ნიუანსები, რომელშიც გამოდის და ჩემი აზრით ეს დიდი უპირატესობაა.

ხანდახან კლუბები დიდძალ თანხას იხდიან ვარსკვლავებში, რომლებსაც სხვა ქვეყნებში თამაშის გამოცდილება აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც ასეთები ახალ ლიგას მხარს ვერ უბამენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ანდრეი შევჩენკოა. ჩვენთან რომ გადმოვიდა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო, მაგრამ წინასწარ ვერასდროს იტყვი ვინ როგორ შეეგუება ახალ სტილსა და გარემოს. ანდრეის არ გაუმართლა.

სწორედ ამიტომ არ ვნერვიულობ, როდესაც ფერნანდოზე მელაპარაკებიან. შეხედეთ, როგორ გადაადგილდება მოედანზე, როგორ აწყობს თანაგუნდელებთან კომბინაციებს და დარწმუნდებით, რომ მან ზედმიწევნით კარგად იცის სად არის და რას აკეთებს. ჯერჯერობით მას არ უმართლებს, რადგან მომენტებს კი ქმნის, მაგრამ გოლები ვერ გააქვს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ეს დროის ამბავია. დარწმუნებული ვარ, საკმარისია ერთი გოლი შეაგდოს, რომ იმ ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ასე შემდეგ“.
შემდეგ ჩეხმა „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩზე ილაპარაკა. მეკარემ თქვა, რომ „ლურჯებისთვის“ ოქროს საწმისი ჩემპიონთა ლიგაა:
„დეკემბერი და იანვარი ჩვენთვის ცუდი თვეები იყო. ყველამ კარგად ვიცით, როგორ იქცევა ამ დროს ჩვენი კლუბის მეპატრონე — როდესაც ის დარწმუნდება, რომ საქმეში მისი ჩარევაა საჭირო, ჯიბიდან საფულეს იღებს. წლეულსაც თვალნათლივ დამტკიცდა, რომ მას „ჩელსის“ ბედი ძველებურად აღელვებს. ეს ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო.

მე „სტემფორდ ბრიჯზე“ უკვე შვიდი წელიწადია ვარ და აბრამოვიჩსაც კარგად ვიცნობ. ის, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ვარჯიშებზეც დადის და თამაშებზეც. ის „ჩელსის“ თითოეულ წევრს ელაპარაკება და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ დაგვჭირდა, პრეზიდენტი მოგვისმენს. მას ფეხბურთი უყვარს. „ჩელსი“ მისთვის თოჯინა არ არის. ერთადერთი, რაც დღეს აბრამოვიჩის კაბინეტს აკლია, ჩემპიონთა თასია“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული